თურქეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ერთ-ერთ საწყის მატჩში ვიქტორ სანიკიძის “ტედ კოლეჯლილერი” “გალათასარაის” ესტუმრა და 65:75 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მეოთხედის წინ საყაიმო ანგარიში გახლდათ, ბოლოსკენ კი სტამბოლურმა გრანდმა იძალა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო ერგო. 37 წუთის განმავლობაში, სანიკიძემ 8 ქულა, 8 მოხსნა, 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა.
ვიქტორმა 7-დან 3 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, 4-ვე სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. სტუმართაგან 21 ქულით ლუკას კალინი გამოირჩა და “გალათასარაისაც” ამერიკელმა კალებ გრინმა (20 ქულა) ულიდერა.
“ტედ კოლეჯლილერი” 1 მოგებით და 5 მარცხით აუტსაიდერებში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 ნოემბერს, შინ, “ბანვითის” წინააღმდეგ ჩაატარებს.