ფეხბურთი

2:43 | 15.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინა მიზანთან ახლოსაა, სკანდინავიელთა შორის უძლიერესი კოპენჰაგენში გამოვლინდება

ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ფლეი-ოფის პირველი რაუნდის დარჩენილი ორი შეხვედრა გუშინ გაიმართა, რომლებიც მასპინძელთა გამარჯვებებით დასრულდა.

უკრაინის ნაკრებმა ლვოვში სლოვენია მიიღო, დამაჯერებლად სძლია და განმეორებითი შეხვედრის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. “ყვითლებმა” პირველი ნახევარი ანდრეი იარმოლენკოს გოლით მოიგეს, რომელმაც ერთი მოძრაობით ორი მეტოქე ჩამოიშორა და ახლო მანძილიდან ჰანდანოვიჩს შორეულ კუთხეში გაუტანა.

მასპინძლებმა მეორე გოლის გატანა 54-ე წუთზე მოახერხეს, ფედეჩუკის კარის გასვრივ გადაცემას სელეზნიოვი გამოეხმაურა, ცარიელ კარში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

დღის მეორე მატჩი სოლნაში შედგა, შვედეთი ნაკრებმა სკანდინავიურ დერბიში “ფრენდს არენაზე” დანიას უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

შვედებმა დაწინაურება ტაიმის ბოლო წუთზე მოახერხეს. მარჯვენა ფლანგზე ლუსტიგი გაისარჯა კარგად, საჯარიმოში ფორსბერგი მოძებნა და მანაც შმეიხელს შორეულ კუთხეში აუღებელი დაურტყა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო. გატანილი გოლის ავტორმა ფორსბერგმა კალენბერგთან ბრძოლაში პენალტი მოინადირა (უნდა აღინიშნოს, რომ მსაჯის გადაწყვეტილება საეჭვო გახლდათ, რადგანაც დანიელმა ფეხბურთელმა წესების დარღვევა საჯარიმოს გარეთ დაიწყო), რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეასრულა უნაკლოდ. დანიელებმა სხვაობის შემცირება მე-80 წუთზე შეძლეს – კრისტიან ერიკსენმა კუთხური კარგად მოაწოდა, საჯარიმოში ყველას პოულსენმა აჯობა, მან საჰაერო დუელი მოიგო და გადაცემა კართან ორ მეტრში მყოფ იორგენსენს გაუკეთა, რომელსაც გატანა აღარ გასჭირვებია – 2:1. განმეორებითი მატჩის წინ შანსები თანაბარია და კოპენჰაგენში უშეღავათო ბრძოლის მოწმენი გავხდებით.

უკრაინა – სლოვენია 2:0 (1:0)

ლვოვი, “არენა ლვოვი”

უკრაინა (4-1-4-1): პიატოვი, კაჩერიდი, რაკიცკი, შევჩუკი, ფედეჩუკი, რიბალკა, გარმაში (მალინოვსკი 80), სიდორჩუკი, კონოპლიანკა, იარმოლენკო (კარავაევი 91), სელეზნიოვი (კრავეტსი 84).
მწვრთნელი: მ.ფომენკო

სლოვენია (4-3-3): ჰანდანოვიჩი, სესარი, ილიჩი, ბრეჩკო, ჯოკიჩი, კრინი, კურტიჩი, კამპლი, ნოვაკოვიჩი (ლუბიანკიჩი 90), ილიჩიჩი (ბეზჟაკი 63), ბირსა (პეჩნიკი 72).
მწვრთნელი: ს.კატანეცი

გოლები: 1:0 იარმოლენკო (23), 2:0 სელეზნიოვი (54)
გაფრთხილებები: სელეზნიოვი, კაჩერიდი, რაკიცკი – ნოვაკოვიჩი, კრინი
მსაჯი: იონას ერიკსონი

შვედეთი – დანია 2:1 (1:0)

სოლნა, “ფრენდს არენა”

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი, ანტონსონი (იოჰანსონი 29), გრანქვისტი, ლუსტიგი, ოლსონი, ლევიცკი, კალსტრომი, ფორსბერგი, დურმაზი (ლარსონი 68), ბერგი, იბრაჰიმოვიჩი (გუიდეტი 82).
მწვრთნელი: ე.ჰამრენი

დანია (4-1-4-1): შმეიხელი, აგერი, კიაერი, დურმისი, იაკობსენი, კვისტი, კალენბერგი (იორგენსენი 54), ერიკსენი, ფიშერი (ჰიობერგი 54), ბრაიტვაიტი (პოულსენი 71), ბენდტნერი.
მწვრთნელი: მ.ოლსენი

გოლები: 1:0 ფორსბერგი (45), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (50 პენ.), 2:1 იორგენსენი (80)
გაფრთხილებები: ფორსბერგი – აგერი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

თეგებიევრო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11472