საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ქალაქ ტირანაში ემზადება. ალბანეთის დედაქალაქში გუნდი ტალინიდან ჩარტერული რეისით ჩავიდა. პირველი ვარჯიში ტირანაში საფეხბურთო კლუბ „ტირანას“ სათამაშო მოედანზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კვიპროსის „ომონიას“ ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე უკვე გუნდთან ერთადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. იგი ესტონეთთან შეხვედრაშიც გამოძახებული იყო, თუმცა ფეხბურთელმა სანაკრებო ამხანაგურ მატჩამდე ორი დღით ადრე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა. ტირანაში მყოფი ყველა ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩის მოლოდინშია. ალბანეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველოსთან შეხვედრამდე 13 ნოემბერს ამხანაგური თამაში კოსოვოსთან გამართა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
ესტონეთთან წაგებული მატჩისა და წლის ბოლო ამხანაგური შეხვედრის თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა სანდრო კობახიძემ:
"წინა თამაში ჩავაგდეთ, ყველას გვრცხვენია, თითოეული ფეხბურთელი ვფიქრობთ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმის, რომ ასე ცუდად ჩავატარეთ ეს თამაში. ალბათ მთავარი მიზეზი ის იყო, რომ წავაგეთ ბევრი ორთაბრძოლა, მოწინააღმდეგე გუნდი კი, ჩვენზე მეტს მოძრაობდა. აუცილებელია მალე დავივიწყოთ ეს თამაში იმიტომ, რომ უნდა მოვახერხოთ ალბანეთთან იგივე შეცდომები არ გავიმეოროთ. ჩემი აზრით ალბანეთი ესტონეთზე უკეთესი გუნდია, მაგრამ ვფიქრობ, რომ შეგვიძლია შეცდომების გამოსწორება და ალბანეთის დამარცხება."
დღეს, ქართველი ფეხბურთელები „ტეუტას“ მოედანზე ივარჯიშებენ. ალბანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება კი 16 ნოემბერს ტირანას „ქემალ სტაფას“ სტადიონზე შედგება.
სფფ-ის პრესსამსახური, ტირანა, ალბანეთი