საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” მარცხენა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა, უელსის ნაკრებისა და ინგლისური “ჰარლექუინზის” მარჯვენა ბურჯ ადამ ჯოუნზს შავი დღე აყარა, მაგრამ მისი გუნდისათვის ეს გამარჯვების მომტანი არ აღმოჩნდა.
წლევანდელი ევროტურნირების პირველი შეხვედრა გუშინ, გვიან ღამით ინგლისში გაიმართა. მეორე დონის “ჩელენჯ ქაფის” პირველი ტურის შეხვედრაში, “მონპელიე” “ჰარლექუინსს” ეწვია და კარგი პირველი ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში გატყდა. ჯოუნზი მატჩამდე მასპინძელთა გუნდის ყურადღების ცენტრში იყო, მაგრამ ნარიაშვილმა მას შანსი არ დაუტოვა და ყველა შერკინებაში პირწმინდად დაჩაგრა. შედეგად, საწყის 25 წუთში ინგლისელები შერკინებაში სამჯერ, ერთხელ კი მოლში დაჯარიმდნენ და “მონპელიე” ჯერ 9:0, ხოლო მეორედ 12:3 დაწინაურდა.
მაგრამ მერე მასპინძლებმა მოლში იმძლავრეს და ორი ლელო გაიტანეს, რის შემდეგაც მათ ტაიმი 15:12 მოიგეს. 34-ე წუთზე, ქართველ ბურჯს, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა, ნერვებმა უმტყუნა, ზედ რეფერის თვალწინ მოლის კუდში გვერდიდან შევიდა და სინბინით დაისაჯა. ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ტრინ-დუკს 39-ე წუთზე არეკნი გაუცუდდა. მეორე ტაიმში “ჰარლექუინსმა” გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა, კიდევ 4 ლელო გაიტანა და ჯამში 41:18 იმარჯვა.
დღეს “ჩელენჯ ქაფის” პირველ შეხვედრას გამართავს კარლენ ასიეშვილის, გიორგი ჟღენტისა და გოდერძი შველიძის “ბრივი”, რომელიც “ნიუკასლს” უმასპინძლებს. ჟღენტი სასტარტო შემადგენლობაში, ხოლო შველიძე თადარიგშია.
დღესვე პირველი დონის “ჩემპიონთა თასის” სასტარტო მატჩში, დუდუ ქუბრიაშვილის, ზურან ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე” ინგლისში ეთამაშება “ლესტერ თაიგერზს”. ჟვანია თადარიგშია.