ევროლიგის მე-5 ტურში მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკა” თელ-ავივში “მაკაბის” ესტუმრა და 11 ათასზე მეტი ქომაგის თვალწინ, სენსაციური მარცხი (73:84) აგემა, რაშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა უდიდესი წვლილი დაიდო.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და სტამბოლური კლუბის წევრთაგან მოედანზე ყველაზე დიდი დრო – 30:51 წუთი გაატარა. საბოლოოდ, მანუჩარის მონაგარმა 22 ქულა, 3 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 2 პასი შეადგინა.
ქართველმა მცველმა 5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ.
ისიც ვთქვათ, რომ მანუს მოედანზე ყოფნის პერიოდში თურქულმა კლუბმა მასპინძლებზე 13 ქულით მეტი ჩააგდო. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მარკოიშვილის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 24-ს უწია, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
“ყველასთვის ცნობილია, რომ “მაკაბისთან” სტუმრად თამაში, სადაც მას წარმოუდგენელი მხარდაჭერა აქვს, ურთულესი საქმეა. სწორედ ამიტომ, ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იყო. უკან დასახევი გზა არ გვქონდა და თამაში, რომელიც აუცილებლად უნდა მოგვეგო, საჩვენოდ დავასრულეთ. ეს წარმატება სამომავლოდ თავდაჯერებას აუცილებლად შეგვმატებს”, - განაცხადა მატჩის შემდეგ მარკოიშვილმა.
“დარუშაფაკას” მხრიდან 10-ქულიან ზღვარს სემიჰ ერდენმა (16) და მილკო ბიელიცამაც (11) გადააბიჯეს, “მაკაბის” მხრიდან საუკეთესონი კი ტეილორ როჩესტი (17), დევინ სმიტი (14) და ჯორდან ფარმარი (10) და ბრაიან რენდლი (10) იყვნენ.
“დარუშაფაკამ” მე-5 ტურში მე-2 გამარჯვება იზეიმა და ევროლიგის D ჯგუფში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. ამ ჯგუფში 2 მატჩი დღეს გახლავთ დაგეგმილი: ჯერაც დაუმარცხებელი ლიდერები – ცსკა და ესპანური “უნიკახა” მოსკოვში ითამაშებენ, ხოლო იტალიური “სასარი”, რომელიც 4-დან 4 წაგებით ბოლო პოზიციაზეა, გერმანულ “ბროზე ბასკეტს” უმასპინძლებს.