მოსალოდნელიც იყო, რომ ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი ნაკრები ესპანელებს ვერ გაუძლებდა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ალმერიაში 0:5 წააგო მასპინძლებთან და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ისევ 6 ქულა დარჩა. მართალია, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლის თეორიული შანსი დარჩა, მაგრამ ჯერ დღევანდელ მატჩზე ვთქვათ.
ქართველებმა ესპანელებთან შინ ასევე 5 გოლი გაუშვეს, მაგრამ ორი გაუტანეს, სტუმრად კი უგოლოდ დავრჩით. იყო შანსები საწყის 20-25 წუთში, მაგალითად, გიორგი პაპუნაშვილს ჰქონდა მომენტი, თუმცა როცა ასეთ ანგარიშს უყურებ, გაცუდებულ შანსებზე საუბარი ცოტა უხერხულია.
ჩივაძეს ალმერიაში არ ჰყავდა ოთარ კაკაბაძე და მათე ცინცაძე, გიორგი აბურჯანიას კი დისკვალიფიკაცია ჰქონდა და 17 ნოემბერს გორში ითამაშებს შვედეთის წინააღმდეგ. ლიდერობა პაპუნაშვილს უნდა ეკისრა და პირველ ტაიმში ორჯერ გაამწვავა კიდეც თამაში, თუმცა ესპანელთა მეკარე კეპა კარგად ირჯებოდა.
მარჯვენა ფრთიდან უტევდა და არ ჩერდებოდა ჟერარდ დეულოფეუ. ესპანელთა კაპიტანმა ჯერ ასენსიოს დახმარებით გაიტანა, მერე საჯარიმო შეასრულა და ბოლოს, ქართველთა საჯარიმოში გასეირნება დაასრულა დაბალი და ზუსტი დარტყმით. “ევერტონის” შემტევმა, რომელსაც დიდი მომავალი ელის, ჰეთ-თრიქი შეასრულა. მეკარე ბექა ქურდაძეს ორი გაშვებული გოლისას შეეძლო უკეთ ემოქმედა, მაგრამ ფაქტია, ვერ გადაარჩინა გუნდი.
ესპანეთთან ბევრი სხვა ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებს გადმოუგდია თეთრი პირსახოცი, მაგრამ თამაშის ხარისხიც რომ ცუდია, ამას ვჩივით. ჩივაძემ ვერა და ვერ დაალაგა ნაკრების თამაში, არადა, ეს ის ნაკრებია, რომლის იმედი გვქონდა და საფუძვლიანადაც: აქ არიან 1994 და 1995 წელს დაბადებული ფეხბურთელები, რომლებმაც 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების რანგში მშვენივრად ითამაშეს და ფინალურ ეტაპზე გავიდნენ. ეს მოახერხეს გია ცეცაძის გაწვრთნილმა 19-წლამდელებმა და მანამდე, ვასილ მაისურაძის 17-წლამდელები სულაც ნახევარფინალში გავიდნენ.
ფაქტია, ცეცაძე და მაისურაძე უკეთ ათამაშებდნენ გუნდს, ვიდრე ჩივაძე. კი ბატონო, ფეხბურთელებმაც ვერ მოუმატეს და რასაც ბევრი ელოდა, პროგრესი ვერ განიცადეს, მაგრამ იმის პრეტენზია მაინც უნდა გვქონდეს, რომ 10 ბურთს არ ვუშვებდეთ ორ შეხვედრაში.
დიდი ფეხბურთელი იყო ალექსანდრე ჩივაძე და საკვირველია, რომ რჩება პოსტზე, სადაც პერსპექტივა არ ჩანს, სადაც მისი ნაკრები ვერანაირად ვერ მიდის წინ. პირიქით, სულ უკუსვლა ჩანს. ეს ყველაფერი კი ჩივაძის სახელს სერიოზულ დარტყმას აყენებს.
მწვრთნელობა სტრესსაც მოიცავს და სჯობს, მართლაც სხვას დაუთმოს გზა ბატონმა საშამ. არიქა, ყველაფერი შეიცვლებაო, ამის ილუზია არ გვაქვს, მაგრამ ახალი სისხლია საჭირო...
11 ნოემბერი: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 0:3 წააგო; 12 ნოემბერი: საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 0:3 წააგო და ასევე, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 0:5 წააგო. კინოფილმი “ტკბილი ნოემბერი” გაგვახსენდა, ოღონდ, ქართულ ფეხბურთთან მიმართებაში “მწარე ნოემბრით” შევცვლიდით.
12 ნოემბერი. 21:45. ალმერია. 7000 მაყურებელი
21-წლამდელები. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. VI ჯგუფი
ესპანეთი-საქართველო 5:0 (2:0)
ესპანეთი: კეპა, მანკილიო, ხონი, დუარტე, გაია, ხოსე როდრიგესი (კამარასა 68), დეულოფეუ, ასენსიო, ოლივერ ტორესი, სუარესი (სებალიოსი 58), ვილიამსი (ელ ჰადადი 73)
მწვრთნელი: ალბერტ სელადესი
საქართველო: ქურდაძე, გეგეჭკორი, გადრანი, დვალი, უბილავა, ცნობილაძე, ფანცულაია (შულაია 46), ლობჟანიძე (ქოჩლაძე 61), კიტეიშვილი, პაპუნაშვილი, კაჭარავა (კერძევაძე 76)
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
გოლები: 1:0, 2:0 დეულოფეუ (17, 33), 3:0 ვილიამსი (56), 4:0 სებალიოსი (65), 5:0 დეულოფეუ (84)
გაფრთხილება: შულაია (49), გაია (80)
მსაჯი: ნიკოლაიდისი (კვიპროსი)
1. | ხორვატია | 4 | 4 | 0 | 0 | 12:0 | 12 | |
2. | ესპანეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 13:3 | 10 | |
3. | შვედეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 9:1 | 7 | |
4. | საქართველო | 5 | 2 | 0 | 3 | 8:11 | 6 | |
5. | სან მარინო | 5 | 0 | 1 | 4 | 0:13 | 1 | |
6. | ესტონეთი | 5 | 0 | 1 | 4 | 0:14 | 1 |