რაგბი

20:45 | 12.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

როგორ შეირჩევა 2019-ის მსოფლიო თასის მონაწილეები

2015 წლის მსოფლიო თასმა “მსოფლიო რაგბის” მმართველები რთულ სიტუაციაში ჩააყენა. ეგრეთწოდებული მეორე დონის ქვეყნების წარმომადგენლების კარგმა თამაშმა, სამოა და ტონგა საუკთესო 12 გუნდს მიღმა დატოვა, ფიჯის კი, ავსტრალიასთან, უელსთან და ინგლისთან, წარმატების შანსი პრაქტიკულად არც ჰქონდა.

ყველას გვახსოვს რეები ჩაიდანა საქართველოსა და ნამიბიის მატჩის მსვლელობისას ირლანდიელმა რეფერიმ ჯორჯ ქლენზიმ. საქართველოს მარცხი ერთადერთ საშუალებად რჩებოდა, რომ კუნძულელთაგან ერთს მაინც 2019 წლის იაპონიის საგზური პირდაპირ მოეპოვებინა და ეს “მსოფლიო რაგბის” საქმეს გაუადვილებდა, მაგრამ ამ მანევრმაც არ გაამართლა, “ბორჯღალოსნებმა” ნამიბიას +4 მსაჯი (2 კიდის და ერთი ტელე-რეფი) ბეჭებზე დასცა და კუთვნილი მესამე ადგილი შეინარჩუნა, რითაც მომავალ მსოფლიო თასზე ევროპას ერთით მეტი ადგილი მოუპოვა, მაგრამ “სამართლიანი” “მსოფლიო რაგბი” ამას არ შეგუა და სასწრაფოდ მოიგონა ახალი შესარჩევი სისტემა, რომელიც ოკეანეთის წამყვან სამეულს მსოფლიო თასს მიღმა არ დატოვებს.

ოფიციალურ საიტზე უკვე გამოქვეყნდა მომავალი მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო სისტემა. 12-მა გუნდმა, რომლებმაც ჯგუფურ ეტაპზე მოწინავე სამეულში დაიკავეს ადგილი, იაპონიის საგზური ავტომატურად მიიღეს. ესენი არიან ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, არგენტინა, ირლანდია, შოტლანდია, უელსი, საფრანგეთი, საქართველო, იაპონია, ინგლისი და იტალია. ცნობისათვის, იაპონიას ჯგუფში მესამე ადგილი რომც არ აეღო, ის როგორც მასპინძელი, მომავალ მსოფლიო თასზე მაინც ითამაშებდა.

ახლა რაც შეეხება დარჩენილი 8 ადგილის საკვალიფიკაციო ეტაპს:

ევროპას ერგება 1 საგზური: ევროპის ჩემპიონატის (ყოფილი ერთა თასის) გამარჯვებული, ან საუკეთესო გუნდი საქართველოს ნაკრების შემდეგ, რომელიც ტურნირში უკონკურსოდ ითამაშებს, თუმცა, ჩაითვლება თუ გაუქმდება მასთან მოპოვებული ქულები დანარჩენი გუნდებისთვის, ჯერჯერობით უცნობია. ევროპის მეორე გუნდს მსოფლიო თასზე მოხვედრის შანსი რჩება;

ოკეანეთს ერგება 2 საგზური: წყნარი ოკეანის თასის ორი საუკეთესო გუნდი, პირდაპირ მიიღებს იაპონიის საგზურს, მესამეს კი, იქ მოხვედრის შანსი დარჩება. ტურნირი 2016-2017 წლებში ორ წრედ ჩატარდება და მასში მონაწილეობას მხოლოდ ფიჯი, ტონგა და სამოა მიიღებენ;

ოკეანეთისა და ევროპის პლეი ოფი 1 საგზური: წყნარი ოკეანის თასის მესამე გუნდი და ევროპის მეორე გუნდი (საქართველოს გამოკლებით), ორრაუნდიან ჯახში, შინ და გარეთ, გაარკვევენ მსოფლიო თასის კიდევ ერთ მონაწილეს, ხოლო დამარცხებულს საგზურის მოპოვების შანსი ისევ დარჩება და რეპეშაჟში გადაერთვება;

ამერიკას 2 საგზური: ერთ საგზურს მიიღებს კანადისა და აშშ-ს ნაკრებებს შორის შინ და გარეთ გამართული ორრაუნდიანი ჯახის გამარჯვებული. წყვილის დამარცხებული მეორე საგზურს სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულს (არგენტინის გამოკლებით) შეეცილება. ამ წყვილის დამარცხებულიც რეპეშაჟში ინაცვლებს;

აფრიკის 1 საგზური: აფრიკის ერთა თასის გამარჯვებული მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს;

რეპეშაჟი - 1 საგზური: 2019 წლის იაპონიის მსოფლიო თასის ბოლო საგზურისთვის რეპეშაჟში ოთხი გუნდი იბრძოლებს:

  1. ოკეანეთისა და ევროპის პლეი ოფის დამარცხებული;
  2. ამერიკის შესარჩევი ტურნირის დამარცხებული;
  3. აფრიკის ერთა თასზე მეორე ადგილზე გასული გუნდი;
  4. ორმატჩიანი ჯახის გამარჯვებული, რომელშიც ითამაშებენ აზიის ერთა თასის გამარჯვებული და ოკეანეთის თასის (ითამაშებენ ამერიკის სამოა, კუკის კუნძულები, ახალი კალედონია, პაპუა - ახალი გვინეა, სოლომონის კუნძულები, ტაიტი, ვანუატუ და ნიუე) გამარჯვებული.

მომავალი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი 2016 წლიდან დაიწყება და მასში მსოფლიო რაგბის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას. შესარჩევი ეტაპის 2018 წლის ნოემბერში რეპეშაჟის ფინალით დასრულდება.

0.125971