თურქული წყაროები (მათ შორის, მილიეთი და ჰაბერი) წერენ, რომ შოთა არველაძემ “ტრაბზონსფორის” მწვრთნელის პოსტი დატოვა. 42 წლის არველაძეზე გუშინ წერდა “მსოფლიო სპორტი”, რომ მან ფეხბურთელებს უთხრა: “თუ მწვრთნელად არ გინდივართ, პრობლემა არაა. ამას ჩვეულებრივ მივიღებ. მთავარია, “ტრაბზონსფორისთვის” ითამაშოთ!”.
დღეს კი შოთამ თანამდებობა დატოვა. თანამშრომლობა ორმხრივი შეთანხმებით გაწყდა. დროებით, “ტრაბზონსფორს” ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი სადი ტექერიოღლუ უთავკაცებს.
არველაძის გუნდს ცუდი შედეგები ჰქონდა. “ტრაბზონსფორი” ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოდან მაკედონიურმა “რაბოტნიჩკიმ” გამოთიშა, შემდეგ კი ჩემპიონატი თითქოს კარგად დაიწყო, მაგრამ ზედიზედ წააგო თამაშები და ახლა სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა. ტრაპიზონელებმა ბოლო 7 ტურში 5-ჯერ წააგეს.