გერმანული “ფრაიბურგის” ნახევარმცველმა ლუკას ჰუფნაგელმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდთან მცირე კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ საქართველოს ნაკრებთან ერთად ვიმყოფები. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილებაა. ძალიან კარგი გუნდია და იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მისი ნაწილი გავხდები და შევძლებ ნაკრების დახმარებას“ – აღნიშნა 21 წლის ჰუფნაგელმა.
მომავალ მატჩს გამოეხმაურა თბილისის “დინამოს” მცველი ოთარ კაკაბაძეც: “მეორე დღეა, რაც ტალინში ვემზადებით. გუნდში კარგი განწყობაა, მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური თამაშია, ვეცდებით, ბოლომდე დავიხარჯოთ და კარგი შედეგი ვაჩვენოთ“.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრები ესტონეთის დედაქალაქში ორიოდ დღის წინ ჩავიდა და მასპინძლებთან დაპირისპირებისთვის ემზადება. მატჩი ტალინის ცენტრალურ სტადიონზე, სადაც ადგილობრივი „ფლორა“ თამაშობს, დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი შემოგთავაზებთ.
სფფ-ს პრეს-სამსახურის ფოტო