ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის წყვილთა შეჯიბრში წარმატებული სტარტი აიღეს ეკატერინე გორგოძემ და სოფო ქვაცაბაიამ.
გორგოძის და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას პირველ ნომრად განთესილმა დუეტმა სერბულ-რუსულ (ჯოროვიჩი-კანი) წყვილს 6:3, 4:6, 10:5 სძლია და მე-2 წრეში გააღწია, სადაც რუსულ ტანდემს (კუზნეცოვა-პუჩკოვა) გაეჯიბრება.
მეოთხედფინალში გააღწიეს ქვაცაბაიამ და უკრაინელმა ვალერია სტრახოვამაც, რომელთაც მე-3 რეიტინგის მქონე რუმინულ-სერბულ დუეტს (ბარა-სტოიანოვიჩი) 7:5, 6:3 მოუგეს. ახლა, სოფო და ვალერია ძალებს რუს ჩოგბურთელებთან – ფროლოვასთან და იაშინასთან მოსინჯავს.
სამწუხაროდ, ქართველი ჩოგბურთელები აღარ ფიგურირებენ ერთეულთა ტურნირში. ქვაცაბაია ბელარუს სადაფმოჰ ტოლიბოვასთან 4:6, 6:2, 3:6 დამარცხდა, ხოლო გორგოძემ პირველ ნომრად განთესილ რუს ირინა ხრომაჩევასთან 2:6, 2:6 წააგო.