2015/2016 წლების საფეხბურთო სეზონი ეშხში შედის. წამყვანი ტურნირების დაახლოებით მესამედი მიიწურა და უკვე ყველა გუნდზე გვაქვს გარკვეული წარმოდგენა თუ რა შეუძლიათ მიმდინარე სეზონში.
ცნობილმა საერთაშორისო გამოცემამ Goal.Com-მა აღარ დააყოვნა, სეზონის განვლილი პერიოდი შეაჯამა და ამის მიხედვით, ზაფხულის 20 საუკეთესო ტრანსფერი შემოგვთავაზა, რომელთაც აქვე გაგაცნობთ.
20. კინგსლი კომანი (“იუვენტუსიდან” - “ბაიერნში”, იჯარა)
19 წლის ფეხბურთელი მიუნხენურმა გრანდმა ორწლიანი იჯარით აიყვანა და მისი გამოსყიდვა 28 მილიონ ევროდ შეეძლება.
ხოსეპ გვარდიოლა ახალგაზრდა ფეხბურთელს ხშირად ენდობა და ისიც იმედებს უმართლებს. კომანმა “ბაიერნის” რიგებში 11 მატჩის ჩატარება მოასწრო, 2 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.
19. ხავი გერა (“კარდიფიდან” – “რაიო ვალეკანოში”, უფასოდ)
33 წლის ფეხბურთელი “კარდიფმა” ზამთარში “მალაგაში” გაანათხოვრა, ხოლო ზაფხულში “რაიო ვალეკანოში” გაუშვა უფასოდ. ხავი მადრიდულ გუნდს შესანიშნავად მოერგო, 9 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემაც ჩაიწერა აქტივში. აღსანიშნავია, რომ “რაიოს” სულ 13 გოლი აქვს გატანილი.
18. ლასანა დიარა (“მარსელს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა)
30 წლის ფრანგი ნახევარმცველი “მარსელში” გადასვლამდე 11 თვის განმალობაში უკლუბოდ იმყოფებოდა და ბევრი მის ტრანსფერს სკეპტიკურად უყურებდა. თუმცა, ლასანა ზღვისპირელებს შესანიშნავად მოერგო და ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. ჩამშლელმა ნახევარმცველმა 11 მატჩი ჩაატარა და თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
17. ანდრე აიუ (“მარსელიდან” – “ასტონ ვილაში”, თავისუფალი აგენტი)
25 წლის ფეხბურთელმა “მარსელთან” კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივა და გასულ ზაფხულს “სუონსის” მიაშურა. განელი მოთამაშე პრემიერლიგას უმალ მოერგო და აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან “გედების” რიგებში 13 შეხვედრა გამართა, 5 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
16. იოჰან კაბაიე (“პარის სენ-ჟერმენიდან” – “კრისტალ პალასში”, 13.9 მლნ ევრო)
29 წლის ფეხბურთელს გასულ სეზონში “პარის სენ-ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი არ ენდობოდა და უმეტესად თადარიგში უწევდა ყოფნა, რამაც იოჰანს კლუბის გამოცვლა გადააწყვეტინა. კაბაიე “კრისტალ პალასში” ჩაირიცხა და პრემიერლიგას მშვენივრად დაუბრუნდა. ის “არწივების” ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცა. მან 13 მატჩის ჩატარება მოასწრო, 4 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
15. კევინ დე ბრუინი (“ვოლფსბურგიდან” – “მანჩესტერ სიტიში”, 74 მლნ ევრო)
ახალგაზრდა ბელგიელმა გასული სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, რამაც “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობას უზარმაზარი თანხის გადახდა გადააწყვეტინა. “ქალაქელებმა” კევინის სანაცვლოდ 74 მილიონი ევრო გაიღეს და მანაც უმალ დაიწყო ყველას იმედების გამართლება. 24 წლის ნახევარმცველმა 15 შეხვედრა ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა განახორციელა. გამოსარჩევია, ჩემპიონთა ლიგაზე “სევილიასთან” ბოლო წუთზე გატანილი გოლი, რომელმაც “სიტის” მოაგებინა.
14. ტომას ლემარი (“კაენიდან” – “მონაკოში”, 4 მლნ ევრო)
19 წლის შემტევი ნახევარმცველი “ლუი მეორეზე” მშვენივრად დაბინავდა და კლუბის ერთ-ერთ იმედად იქცა. “მონაკოს” ვიცე-პრეზიდენტის ვადიმ ვასილიევის თქმით ტომასი ფრანგული ფეხბურთის მომავალია. ლემარმა “მონაკოს” მაისურით 12 მატჩის ჩატარება მოასწრო, მეტოქეთა კარი 3-ჯერ აიღო და 2 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
13. პაულო დიბალა (“პალერმოდან” – “იუვენტუსში”, 32 მლნ ევრო)
ნიჭიერმა არგენტინელმა ფორვარდმა გასული სეზონი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი შეძენა ბევრ გუნდს სურდა, რომელთაგან ყველას “იუვენტუსმა” აჯობა. პაულო ტურინულ გრანდს კარგად მოერგო, თუმცა ეტყობა, რომ ბევრად მეტი შეუძლია. 21 წლის თავდამსხმელმა 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
12. კარლოს ბაკა (“სევილიადან” – “მილანში”, 30 მლნ ევრო)
29 წლის ფორვარდი ცუდ დღეში მყოფ ახალ კლუბს უმალ მოერგო და მთავარ ფიგურად იქცა. მას ახალ ჩემპიონთთან შეგუება არ დასჭირვებია. კოლუმბიელმა თავდამსხმელმა 13 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
11. დიმიტრი პაიე (“მარსელიდან” – ვესტ ჰემში”, 15 მლნ ევრო)
ფრანგი ნახევარმცველი პრემიერლიგას ძალიან კარგად მოერგო და “ვესტ ჰემის” წარმატებულ თამაშში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. მან “ჩაქუჩების” მაისურით 13 მატჩის ჩატარება მოასწრო, 5 გოლი გაიტანა და 3-ჯერ გუნდელებს გაატანინა. სამწუხაროდ, გასულ ტურში პაიემ მძიმე ტრავმა მიიღო და სამი თვე ვერ შეძლებს თამაშს.
10. ჯეისონ მურილიო (“გრანადადან” – “ინტერში”, 8 მლნ ევრო)
მიმდინარე სეზონში “ინტერმა” იტალიის ჩემპიონატის 12 მატჩში ყველაზე ცოტა, 7 გოლი გაუშვა და ამის ხარჯზე გათამაშების თანალიდერია. “ნერაძურის” დაცვის კარგი თამაში მურილიოს დამსახურებაცაა, რომელიც ახალ კლუბში მშვენივრად გამოიყურება. 23 წლის მცველმა მილანური კლუბის მაისური 9-ჯერ მოირგო.
9. რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპულიდან” – “მანჩესტერ სიტიში”, 62.5 მლნ ევრო)
მორიგი ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც გასულ ზაფხულს “მანჩესტერ სიტიმ” განახორციელა. რაჰიმი ახალ კლუბში მშვენივრად გამოიყურება. 20 წლის ფეხბურთელმა 16 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.
8. მოჰამედ სალაჰი (“ჩელსიდან” – “რომაში”, 15 მლნ ევრო)
გასული სეზონის მეორე ნახევარი სალაჰმა “ფიორენტინას” რიგებში ბრწყინვალედ ჩაატარა, თუმცა ჟოზე მოურინიომ შანსი მაინც არ მისცა და გუნდიდან გაუშვა. ეგვიპტელი ფეხბურთელი ნაცნობ ჩემპიონატში კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა და “რომას” ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. მან 15 მატჩში მეტოქეთა კარი 6-ჯერ აიღო და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
7. ნიკოლა კალინიჩი (“დნიპროდან” – “ფიორენტინაში”, 5.5 მლნ ევრო)
27 წლის ფორვარდი ფლორენციულ კლუბში იოლად დამკვიდრდა და დიდებულად ათამაშდა. ხორვატი ფეხბურთელი ძალიან მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა და “ფიორენტინას” ლიდერობაში ლომის წვლილი მიუძღვის. მან “იების” მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
6. ხულიან ვეიგლი (“მიუნხენ 1860”-დან – “დორტმუნდში”, 2.5 მლნ ევრო)
20 წლის ნიჭიერი ჩამშლელი ნახევარმცველი “დორტმუნდმა” მხოლოდ 2.5 მილიონ ევროდ გაიფორმა. ვეიგლიმ ახალი კლუბის ძირითად შემადგენლობაში ადგილი უმალ მოიპოვა და მასზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ. მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 22 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.
5. ენტონი მარტიალი (“მონაკოდან” – “მანჩესტერ იუნაიტედში”, 50 მლნ ევრო)
19 წლის ფორვარდი “მონაკომ” ორი სეზონის წინ 5 მილიონ ევროდ დაიმატა “ლიონიდან”, ხოლო ზაფხულში 50 მილიონ ევროდ გაყიდა და ბონუსების ხარჯზე შეუძლია კიდევ 30 მილიონი ევრო მოინადიროს. მარტიალმა ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფების მატჩები “ვალენსიას” წინააღმდეგ უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ამან საბოლოოდ გადააწყვეტინა ლუის ვან გაალს მისი შეძენა. ენტონის პრემიერლიგასთან ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონია და კლუბისთვის სარგებლის მოტანა გადასვლისთანავე დაიწყო. ენტონიმ “წითელი ეშმაკების” მაისურით 14-ჯერ ითამაშა, 5 გოლი გაიტანა და 2-ჯერ გუნდელებს გაატანინა.
4. დირკ კუიტი (“ფენერბახჩედან” – “ფეიენოორდში”, უფასოდ)
35 წლის ფორვარდს “ფეიენოორდში” დაბრუნების შემდეგ მეორე სუნთქვა გაეხსნა და 12 მატჩში გატანილი 10 გოლით ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია ლუკ დე იონგთან ერთად. გარდა ამისა, დირკს ჰოლანდიის თასზე ჩატარებულ ორ შეხვედრაში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.
3. პიოტრ ჩეხი (“ჩელსიდან” – “არსენალში”, 10 მლნ ევრო)
33 წლის მეკარე ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში ტიბო კურტუას დუბლიორად აქცია, რაც ჩეხმა კიპერმა ვერ აიტანა და ზაფხულში “ჩელსის” რიგები დატოვა. პიოტრი შორს არ წასულა და მეორე ლონდონურ კლუბში, “არსენალში” ჩაირიცხა. ჩეხი ძველებურად დამაჯერებლად გამოიყურება და მისი სახით “მეთოფეებმა” მშვენიერი მეკარე დაიმატეს. მან “არსენალის” კარი 16-ჯერ დაიცვა და 17 გოლი გაუშვა.
2. ალანი (“უდინეზედან” – “ნაპოლიში”, 11.5 მლნ ევრო)
24 წლის ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველი ნეაპოლურ კლუბს შესანიშნავად მოერგო. ის თავიდანვე “ნაპოლის” ძირითადის მოთამაშედ ჩამოყალიბდა და კლუბის წარმატებულ თამაშში დიდ როლს თამაშობს. მან 15 მატჩში, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1. დუგლას კოშტა (“შახტარიდან” – “ბაიერნში”, 30 მლნ ევრო)
პირველ ადგილს სრულიად დამსახურებულად დუგლას კოშტა იკავებს. ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი მაღალი დონის მოთამაშე რომ გახლდათ, “შახტარში” ასპარეზობისას დაამტკიცა, თუმცა მის ასეთ თამაშს ალბათ ძალიან ცოტა თუ მოელოდა. დუგლასი მიუნხენურ გრანდს იდეალურად მოერგო და ერთ-ერთი წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა. მას გოლებიც გააქვს, უამრავ საგოლე გადაცემას აკეთებს, ფლანგზე მეურვე მცველები აკლებული ჰყავს, ულამაზეს ფინტებს გვთავაზობს და დაცვაზე დახმარებასაც არ თაკილობს. 25 წლის ბრაზილიელმა “ბაიერნის” მაისური 18-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა მიითვალა.