ფეხბურთი

19:25 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ძენგა გაუშვეს, მონტელა მოჰყავთ

იტალიის სერია A-ს ბინადარი გენუის “სამპდორია” უმწვრთნელოდაა. როგორც ლიგურიელთა ვებგვერდი იუწყება, დღეს დაკავებული თანამდებობა იტალიელ სპეციალისტ ვალტერ ძენგას დაატოვებინეს.

“სამპდორია” იუწყება, რომ ვალტერ ძენგა პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლებულია. პრეზიდენტი მასიმო ფერერო და გუნდის ხელმძღვანელობა ძენგას მომავალ კარიერაში წარმატებებს უსურვებს”, - წერია “ბლუჩერკიატის” საიტზე.

როგორც იტალიურ მედიაში წერენ, ძენგას ვინჩენცო მონტელა ჩაანაცვლებს, რომელიც გასული ზაფხულიდან მოყოლებული უმუშევარია. მეტიც, აპენინელი ჟურნალისტების ვარაუდით, “აროპლანინო” და “სამპას” შეფები უკვე ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და “ფიორენტინას” ექს თავკაცი გენუაში 2017 წლის 30 ივნისამდე იმუშავებს. მონტელასთვის “სამპდორია” ნაცნობი ადგილია. ფეხბურთელობისას ამ გუნდის რიგებში ვინჩენცოს 103 თამაშში 59 გოლი გაუტანია.

ვალტერ ძენგამ “სამპდორია” ზაფხულში ჩაიბარა და გუნდი ჯერ ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გაიყვანა, ხოლო იტალიის ჩემპიონატის 12 ტურში ოდენ 16 ქულა მოაპოვებინა. ბოლოს ლიგურიელები გასულ უქმეებზე შინ “ფიორენტინასთან” დამარცხდნენ – 0:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129978