ფეხბურთი

18:16 | 10.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯაკობიადან არაბიძემდე: განსაკუთრებული იმედები ბოლო 20 წლის განმავლობაში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის არჩევნები რომ არ ჩავთვალოთ, ბოლო თვეში ქართულ ფეხბურთში ყველაზე ხშირი სალაპარაკო თემა გიორგი არაბიძეა. დონეცკის "შახტარის" 17 წლის ფეხბურთელმა მართლაც მშვენიერი მატჩები ჩაატარა უეფას ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაში, მისი პასები, გოლები თუ ფინტები მართლაც ერთი სანახაობაა.

ამ წერილში იმ ფეხბურთელებს ჩამოვთვლით, რომლებიც 16-17 წლის ასაკში უკვე დიდ იმედებს იძლეოდნენ. ასე ვთქვათ, ასაკს უსწრებდნენ. ისინი საქართველოს 16, 17, 18, ან 19-წლამდელთა ნაკრებებში ბრწყინავდნენ. ზოგიერთი ეროვნულ ნაკრებშიც მალე დაწინაურდა...

შემდეგ ზოგმა როგორ გააგრძელა კარიერა, ზოგმა როგორ... ის ავანსები, რაც გაიცა, არცერთს არ გაუმართლებია, ან ვერ ამართლებენ, რადგან ზოგიერთი მათგანი ახლაც თამაშობს. ღმერთმა ქნას, არაბიძე გამოდგეს გამონაკლისი.

არ ვთვლით გიორგი ქინქლაძეს, შოთა და არჩილ არველაძეებს, გოჩა ჯამარაულს, ალექსანდრე იაშვილს, ლევან კობიაშვილსა და მათ თაობას, რადგან როდესაც ისინი 17 წლისანი იყვნენ, იმ დროს ასაკობრივი ნაკრებები ფართოდ არ მონაწილეობდნენ ევროარენაზე.

ასე რომ, ათვლა 1980 წელს დაბადებულებიდან დავიწყოთ.

ლაშა ჯაკობია (1980). მისთვის ასაკობრივ ნაკრებებში გოლი ჩვეულებრივი ამბავი იყო, დუბლები და ჰეთ-თრიქებიც გაუფორმებია. რეზო გაგუასა და ვახტანგ კოპალეიშვილის ნაკრებებში გამორჩეული ფეხბურთელი იყო. საწყენი იყო, რომ 1999 წელს შვედეთში დაგვაკლდა რვაგუნდიან ფინალურ ეტაპზე. მაშინ ტრავმა ჰქონდა, არადა, შესარჩევში ფანტასტიკურად თამაშობდა.

ჯაკობია იმ დროს ბელგიის "სტანდარდში" გახლდათ. ტრავმამ დიდი დაღი დაასვა მის კარიერას.

ირაკლი სამხარაძე (1983). მართლაც ნიჭიერი შემტევი იყო თავის დროზე. მასზე ხშირად საუბრობდნენ, როგორც ამომავალ ვარსკვლავზე. თბილისის "დინამოში" იყო, შემდეგ გერმანიის "კარლსრუემ" აიყვანა, თუმცა მალევე რეგრესი დაეწყო. ბოლოს საქართველოს საშუალო დონის გუნდებში თამაშობდა და იქაც ვერ გამოირჩეოდა. გასულ სეზონში ბოლნისის "სიონში" იყო და დაასრულა კიდეც კარიერა.

სანდრო იაშვილი (1985). მან 2002 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე ბრწყინვალედ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. იმავე ტურნირზე თამაშობდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ლუკაშ პოდოლსკი, მარიო გომესი და უეინ რუნი, ამ დროს კი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში იაშვილი მოხვდა. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ჯგუფიდან გავიდა და მეოთხედფინალი წააგო შვეიცარიასთან.

იაშვილი თბილისის "დინამოშიც" კარგი იყო, შვეიცარიის "თუნში" გადასვლის შემდეგ კი ვეღარ გააგრძელა პროგრესი. შემდეგ იყო წონის პრობლემებიც... კარიერა 2011 წელს დაასრულა.

გოჩა ხოჯავა (1985). იმავე ნაკრებში იყო, სადაც იაშვილი. ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო ნახევარმცველთა სიაში მოხვდა. მოიარა რუსეთის ბევრი კლუბი, მეტწილად კი, პირველი ლიგისა. ახლაც პირველ ლიგაშია, ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში". პოტენციალი თითქმის საერთოდ ვერ გამოიყენა, არადა, მართლაც კრეატიული ნახევარმცველი გახლდათ.

გიორგი განუგრავა (1988). გაიოზ დარსაძემ 17 წლის ასაკში ათამაშა ეროვნულ ნაკრებში. ჭკვიანი ნახევარმცველი, პასების კარგად გამნაწილებელი, ასაკის კვალობაზე ტაქტიკურად გამართული. განუგრავას კარიერაში ხშირად იყო უთამაშებლობა, ტრავმები, უკლუბოდ ყოფნა. დღესდღეობით საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობს.

ასევე 1988 წელს დაბადებულნი არიან რატი წინამძღვრიშვილი, ბექა გოცირიძე და გიორგი ხიდეშელი. მათზეც მალევე გაკეთდა გათვლა, თუმცა ამ ასაკში მთავარ იმედად მაინც განუგრავა მიიჩნეოდა.

ლევან ყენია (1990). ის 17 წლისაც კი არ იყო, როცა ეროვნულ ნაკრებში ათამაშა კლაუს ტოპმიოლერმა. სხვებისგან განსხვავებით, მასზე ვერავინ იტყოდა, რომ ნაადრევად ენდნენ. მეტიც, ყენია იმ დროსაც ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ბრწყინვალედ ჩაატარა რამდენიმე მატჩი.

ყენია ახლა პრაღის "სლავიაშია" და კვლავ აწუხებს ტრავმები, თუმცა საბედნიეროდ, ის სამწლიანი ჯოჯოხეთი უკან მოიტოვა. კოჭმა ძალიან გააწვალა. იყო დრო, ივან რაკიტიჩი მისი დუბლიორი გახლდათ "შალკეში", ახლა კი ხორვატი სადაა და ყენია - სად. ტრავმები, ტრავმები...

ლევან მჭედლიძე (1990). 17 წლისამ ითამაშა ეროვნულ ნაკრებში და შოტლანდიას გოლი გაუტანა. ერთ წელიწადში "პალერმოს" მაისურით "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გაამწარა. მასზე საუბრობდნენ, როგორც სერია ა-ს ამომავალ ვარსკვლავზე, ახალ იბრაჰიმოვიჩს უწოდებდნენ, თუმცა ტრავმებმა და უთამაშებლობამ დიდი დაღი დაასვა.

ახლა 25 წლისაა და "ემპოლიში" თამაშობს, ეროვნულ ნაკრებშიც ჯერაც პირველ ფორვარდად ითვლება. სპეციფიკური თავდამსხმელია: გოლები ვერ გააქვს, მაგრამ ძალიან სასარგებლოა, ნახევარმცველებს სივრცეს უქმნის, საგოლე პასები ეხერხება.

ჯანო ანანიძე (1992). ბრწყინვალე იყო 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, თუმცა მოსკოვის "სპარტაკში" ამდენმა უთამაშებლობამ იმოქმედა. ისე ვერ გაიზარდა, როგორც ველოდით. ვერ პროგრესირებს, ამას ტრავმებიც ემატება. ჭკვიანი, საზრიანი ნახევარმცველია და ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ მოუმატებს, საამისოდ კი კლუბში ხშირად თამაში სჭირდება. "სპარტაკში" კი არ ენდობიან.

გიორგი ჭანტურია (1993). თავბრუდამხვევი ამბები გამოიარა. ჯერ "ბარსელონას" 19-წლამდელთა გუნდი, შემდეგ "ვიტესი", "ალანია", "კლუჟი" და ახლა "დუისბურგშია". 5 წლის წინ გაცილებით მეტს ველოდით მისგან, "ქართველ მესის" ეძახდნენ და დღესაც გერმანულ პრესაში გაიელვებს ხოლმე ეს მეტსახელი, თუმცა აშკარად გადაჭარბებულია. ჭანტურიას იმედი ჯერ კიდევ გვაქვს, მაგრამ სტაბილური უნდა გახდეს.

ლუკა ზარანდია (1996). მორიგი მაგალითი იმისა, რომ ქართველ ახალგაზრდებს ევროპულ კლუბებში თავის დამკვირდება უჭირთ. თბილისის "ლოკომოტივიდან" შარშან გადავიდა ბელგიურ "გენკში", თუმცა იქ ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ ჩაუტარებია. პირველ გუნდში მხოლოდ ამხანაგურებში აძლევენ შანსს, ეს კი ცოტაა. ისე, ტრავმებმა მასაც "მოაკითხა", მაგრამ ახლა ჯანმრთელადაა. ველით მის გაბრწყინებას.

მეტერთმეტე კი არაბიძეა. გიორგი ჯერ კიდევ 8 წლისა იყო, როცა პრესის ფურცლებზე მოხვდა. მაშინ თბილისის "ლოკომოტივის" მაისურით ბავშვთა ტურნირის ფინალში 8 გოლი გაიტანა. ერთი პერიოდი "ბარსელონასა" და "მალაგას" აკადემიაშიც იყო. არაბიძე, ჭანტურია, ზარანდია - სამივეს მარჯვენა ფლანგიდან უყვარს შეტევა, ცაციები არიან, თუმცა მათ სათამაშო სტილში განსხვავევებიც არის.

ისე, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის ჩამოთვლა შეგვეძლო, რომლებიც თავიდან ბრწყინვალედ იწყებდნენ და დიდ იმედებს იძლეოდნენ, თუმცა, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა და 16-17 წლის ასაკში საუკეთესოები წარმოგიდგინეთ.

0.121849