საფრანგეთის მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში, 19 ქართველი ლეგიონერის 10 გუნდი თამაშობს და ექვსი მათგანი სატურნირო ცხრილს ლიდერობს.
ყველაზე კარგად გურამ კავთიძისა და ზაზა ნავროზაშვილის “ლიონი” თამაშობს, რომელმაც რვა თამაშიდან 7 მოიგო. ის ერთი შეხვედრა ტოპ 14-დან გასულ სეზონში დაქვეითებულმა გუნდმა გასულ ტურში ქართველებისვე “ორიაკთან” დათმო და მაშინ პრემიალური ქულა აიღო, ახლა კი, პრემიალური ქულითვე სძლია გიორგი ნემსაძის, ირაკლი მირცხულავასა და კახაბერ კობერიძის ტარბის - 46:6. მატჩში მონაწილეობა მხოლოდ სტუმართა ორმა ქართველმა ლეგიონერმა მიიღო. ეროვნული გუნდის მეორეხაზელი ნემსაძე სრულად გაისარჯა, ხოლო ბურჯი კობერიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. ლიონელებმა მეტოქეს 7 უპასუხო ლელო გაუტანეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს.
6 თამაში მოიგო და მეორე ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, მერაბ შარიქაძის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და გიორგი შარაშიძის “ორიაკი”, რომელმაც გასულ ტურში ელიზბარ ყუფარაძის “დაქსი” 29:15 დაამარცხა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ მეორეხაზელი დათუნაშვილი და შუამარბი შარიქაძე - პირველად სრულად ითამაშა, ხოლო მეორე 73-ე წუთზე შეცვალეს. 49-ე წუთიდან ითამაშა ბურჯმა ხატიაშვილმა, ხოლო სტუმართა ბურჯი ყუფარაძე, თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთო.
მასპინძლებმა პირველი ლელო მე-5 წუთზე გაიტანეს და ის მთელი შერკინების, მათ შორის დათუნაშვილის დამსახურებაცაა - “დაქსის” შერკინება უბრალოდ ვერ დადგა. სტუმრებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, მაგრამ შესვენებამდე ჯარიმა და ლელო გაუშვეს და 7:15 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში “ორიაკმა” ლელოებზე ითამაშა და მეორედ დაიმსახურა საჯარიმო ლელო. ამჯერად შერკინებაში დათუნაშვილის გარდა შარიქაძეც იდგა, რადგან მასპინძლები სინბინის გამო კაცნაკლულები თამაშობდნენ და ქართველმა შუამარბმა დროებით პოზიცია შეიცვალა. 66-ე წუთზე ლელო მოლს მოყვა, რომელშიც ბოლო მომენტამდე ბურთს დათუნაშვილი კი აკონტროლებდა, მაგრამ ის ხაზზე შეაჩერეს და მერე მისმა თანაგუნდელმა იმარჯვა. მაგრამ ბოლოს “დაქსმა” კიდევ ერთი ლელო გაიტანა და მეტოქეს პრემიალური ქულის აღება არ დაანება.
ანტონ ფეიქრიშვილის “ბეიონმა” “ბიარიცი” 32:25 დაამარცხა და მესამე ადგილზე გამაგრდა. ქართველმა ბურჯმა შეცვლაზე დასკვნითი 14 წუთი ითამაშა. მისი გუნდი 26:8 იგებდა, მაგრამ ზედ შესვენების წინ ჯარიმა გაუშვა, ხოლო თამაშის განახლებიდან 6 წუთში 2 გარდასახული ლელო მიიღო და სხვაობა მინიმუმამდე დავიდა. დარჩენილ დროში “ბეიონმა” ორი ჯარიმა გაიტანა და 7 ქულის სხვაობით იმარჯვა.
ვახტანგ მაისურაძისა და ბექა შეყლაშვილის “ალბიმ” გიორგი ზაქაშვილის “ექს-ან-პროვანსს” 23:19 სძლია. განაცხადში მხოლოდ სტუმართა ქართველი ბურჯი იყო და შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა. ტაიმის 3:3 დასრულების შემდეგ, მასპინძლებმა 11-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ტაიმის შუაში ლელო და ჯარიმა გაუშვეს. “ალბიმ” ორი ჯარიმით უპირატესობა კვლავ გაზარდა, თუმცა “ექს-ან-პროვანსი” არ დანებდა და ბოლო წუთზე გატანილი ლელოთი პრემიალური ქულა ჩაიწერა.
დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი მჭედლიშვილის “პერპინიანმა” “მონტობანს” ქართველი ლეგიონერების გარეშე უმასპინძლა და 13:20 დამარცხდა. ეს მისი ზედიზედ მეორე მარცხია, მაგრამ ლიდერებში პოზიციებს მაინც ინარჩუნებს.
ლაშა ლომიძის “ბეზიემ” “კოლომიე” სტუმრად 14:10 დაამარცხა. ქართველი შერკინების შემკვრელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66 წუთი ითამაშა. მისი შეცვლისას სტუმრები 14:3 იგებდნენ. ლომიძე აქტიური იყო და თითქმის ყველა შედეგიან შეტევაში მიიღო მონაწილეობა.
ასტამურ იოსელიანისა და ტარიელ რატიანიძის “ნარბონმა” “მონ-დე-მარსანი” 22:12 დაამარცხა და ისიც ლიდერთა სიახლოვესაა. რატიანიძემ შეცვლაზე 57-ე წუთიდან ითამაშა, ამ დროს ანგარიში 12:9 იყო და მერე მასპინძლებმა 10 ქულის აღება მოახერხეს.
2015-2016 წლების პრო დ2-ის სეზონი. VIII ტური
კოლომიე - ბეზიე 10:14
პერპინიანი - მონტობანი 13:20
ლიონი - ტარბი 46:6
ალბი - ექს-ან-პროვანსი 23:19
ორიაკი - დაქსი 29:15
კარკასონი - ბურგუენი 15:13
ნარბონი - მონ-დე-მარსანი 22:12
ბეიონი - ნიარიცი 32:25
1. | ლიონი | 8 | 7 | 0 | 1 | 257:130 | 32 | 4 |
2. | ორიაკი | 8 | 6 | 0 | 2 | 260:176 | 28 | 4 |
3. | ბეიონი | 8 | 6 | 0 | 2 | 216:188 | 26 | 2 |
4. | ალბი | 8 | 5 | 0 | 3 | 162:157 | 22 | 2 |
5. | პერპინიანი | 8 | 5 | 0 | 3 | 183:140 | 22 | 2 |
6. | ბეზიე | 8 | 5 | 0 | 3 | 201:171 | 21 | 1 |
7. | ნარბონი | 8 | 4 | 0 | 4 | 168:166 | 18 | 2 |
8. | კოლომიე | 8 | 4 | 0 | 4 | 163:170 | 18 | 2 |
9. | მონტობანი | 8 | 4 | 0 | 4 | 157:189 | 18 | 2 |
10. | მონ-დე-მარსანი | 8 | 3 | 0 | 5 | 174:154 | 16 | 4 |
11. | ტარბი | 8 | 3 | 0 | 5 | 146:197 | 13 | 1 |
12. | კარკასონი | 8 | 3 | 0 | 5 | 135:220 | 13 | 1 |
13. | დაქსი | 8 | 3 | 0 | 5 | 165:207 | 13 | 1 |
14. | ექს-ან-პროვანსი | 8 | 3 | 0 | 5 | 151:198 | 13 | 1 |
15. | ბურგუენი | 8 | 2 | 0 | 6 | 142:166 | 12 | 4 |
16. | ბიარიცი | 8 | 1 | 0 | 7 | 134:185 | 6 | 2 |
IX ტური. 12-15 ნოემბერი
ბურგუენი - ორიაკი, ბიარიცი - ნარბონი, ბეზიე - კარკასონი, ექს-ან-პროვანსი - ლიონი, კოლომიე - ბეიონი, მონტობანი - ალბი, ტარბი - პერპინიანი, მონ-დე-მარსანი - დაქსი