საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XI ტური დღეს გაგრძელდა. სამტრედიაში, ადგილობრივი გუნდი იმერულ დერბიში საჩხერის “ჩიხურასთან” დამარცხდა – 0:1. სტუმრებს მნიშვნელოვანი სამი ქულა პირველი ტაიმის მიწურულს დენის დობროლოვსკის ერთადერთმა გოლმა მოუტანა. მეორე ნახევარში მასპინძელთა მცდელობას ანგარიშის შეცვლისა, შედეგი არ გამოუღია.
სტუმრად მოიგო “ცხინვალმაც”. კახა კაჭარავას გუნდმა ლანჩხუთში “გურიას” აჯობა. ანგარიში 22-ე წუთზე ცენტრალურმა მცველმა ლევან კაკუბავამ გახსნა, ხოლო 9 წუთის შემდეგ ნიკა კაჭარავამ სხვაობა ორამდე გაზარდა. ერთადერთი რაც გურულებმა შეძლეს, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე წილოსანის გატანილი თერთმეტრიანი გახლდათ.
ბოლნისის “სიონი” კვლავაც ჩინებულად თამაშობს. ვარლამ კილასონიას შეგირდებმა ამჯერად “თამაზ სტეფანიას” სტადიონზე “ტორპედო” მიიღეს 6:2 აჯობეს. ქუთათურებმა დამხვდურს წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ 45 წუთში გაუწიეს, ხოლო მეორე ტაიმი მთლიანად მასპინძელთა გამოდგა. ვილი ისიანის დასაწყისშივე გატანლ გოლს თორნიკე კაპანაძემ ტაიმის შუაში უპასუხა და შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარში კი “სიონმა” მეტოქეს ერთი თავით აჯობა. ისიანმა დუბლი შეასრულა, ხოლო მის გარდა გოლები გიული მანჯგალაძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა, ჯაბა უგულავამ და გიორგი ვასაძემ გაიტანეს. “ტორპედოსთვის” ლაშა შინდაგორიძის გოლი მხოლოდ ანგარიშის შესამცირებლად გამოდგა საკმარისი. “სიონს” 11 ტურში ერთადერთი წაგება აქვს და მესამე ადგილს დამაჯერებლად იკავებს.
მე-11 ტური დღესვე, თბილისის “დინამოსა” და ფოთის “კოლხეთის” მატჩით დასრულდება.
უმაღლესი ლიგა, XI ტური
“გურია” – “ცხინვალი” 1:2 (0:2)
გოლები: 0:1 კაკუბავა (22), 0:2 კაჭარავა (31), 1:2 წილოსანი (84, პენ)
“სამტრედია” – “ჩიხურა” 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 დობროლოვსკი (42)
“სიონი” – “ტორპედო” 6:2 (1:1)
გოლები: 1:0 ისიანი (2), 1:1 კაპანაძე (26), 2:1 მანჯგალაძე (49), 3:1 ისიანი (65), 4:1 ტატანაშვილი (76), 4:2 შინდაგორიძე (82), 5:2 უგულავა (87, პენ), 6:2 ვასაძე (90)