რაგბი

16:06 | 8.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლელო-სარასენსმა” წაგებული შემოაბრუნა

საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-8 ტურში, შეიძლება ითქვას ამ სეზონის ყველაზე დრამატული და სანახაობრივი შეხვედრა გაიმართა. “ლელო-სარასენსმა” გამარჯვებისკენ სწრაფვის არნახული მაგალითი აჩვენა და ბოლნისის “ყოჩებთან” თითქმის წარმოუდგენელი, ფაქტიურად წაგებული მატჩი სათავისოდ შემოატრიალა. არადა თამაშის 70-ე წუთამდე, მაყურებელი მსგავსს ვერაფერს წარმოიდგენდა.

დიდ დიღომში, “ლელო არენაზე” ტურის ცენტრალური დაპირისპირების სანახავად მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი შეიკრიბა. გუნდები ერთი-ორი გამონაკლისის გარდა საბრძოლო შემადგენლობით იყვნენ და ქომაგებს მშვენიერი სანახაობა შესთავაზეს. მეტოქეებმა შეხვედრა ერთმანეთის დაზვერვით დაიწყეს. ანგარიში მე-3 წუთზე თემურ სოხაძემ გახსნა საჯარიმო დარტყმით, რასაც მე-11 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა ჯარიმითვე უპასუხა.

ამის შემდეგ ნელ-ნელა თამაშის მიმდინარეობის სურათი გამოიკვეთა, რაც 70-ე წუთამდე გაგრძელდა - “ყოჩები” მცირე, მაგრამ შესამჩნევ უპირატესობას ფლობდნენ და “ლელო-სარასენსი” მეტოქის ამ თავდაჯერებულობას ვერაფერს უპირისპირებდა. ერთადერთი, რაც “ყოჩებს” სოლიდურად დაწინაურებაში ხელს უშლიდა, ეს მათ მიერ დაშვებული ბევრი შეცდომა და ჯარიმები გახლდათ. ჯარიმებს ძირითადად შერკინებაში არასწორი მიწოლისა თუ ჩავარდნის გამო იღებდნენ. თუმცა “ლელოს” ფულბეკი ყიასაშვილი ამით დიდად ვერ სარგებლობდა - პირველ ტაიმში ორი ძალზედ ხელსაყრელი ჯარიმა ვერ გაიტანა.

“ლელო-სარასენსის” დამრტყმელმა ტაიმის შუაწელში სამიზნე დროებით მაინც გაისწორა და “ყოჩი” სოხაძის მიერ 22-ე წუთზე გატანილ ჯარიმას, 31-ზე ზუსტი დარტყმით უპასუხა - 6:6. “ყოჩებმა” ცენტრიდან განაახლეს თამაში, დაკიდებული ბურთი ალექსი ხუციშვილმა მოიგო, ცენტრში სოხაძეს გაატანა, მან კი შეტევის მარჯვენა ფლანგზე, კაცის გამოტოვებით გრძელი პასით გიორგი ხარშილაძე მოძებნა, ვინაც ლელოს ხაზამდე ერთი ამოსუნთქვით ირბინა და 25-მეტრიანი რეიდი 5 ქულით დაასრულა. სოხაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა. მასპინძლები გააქტიურდნენ, შერკინების ჩაქცევისთვის მორიგი ჯარიმა დაინიშნა და ყიასაშვილმა სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა. თუმცა პირველი ტაიმის ამ ანგარიშით დასრულება სოხაძის გეგმებში არ შედიოდა და “ყოჩების” ათიანმა ასე 27 მეტრიდან მშვენიერი არეკნით საწყისი ორმოცი წუთის შემდეგ 14:9 დააფიქსირა.

მეორე ნახევარი იგივე სცენარით წარიმართა. “ყოჩების” მწვრთნელი პირველ ტაიმში შერკინებაში დაშვებული შეცდომებით უკმაყოფილო დარჩა და შესვენებისას შესაბამისი შეცვლებიც განახორციელა - სათადარიგო 1 და 2 ნომრები, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი ჯაშიტაშვილი ჩართო ბრძოლაში, ოდნავ მოგვიანებით კი, მათ ბურჯი გიორგი ხოსიტაშვილიც შეაშველა. დასვენებული მორკინალების გამოყვანამ საგრძნობი შედეგი გამოიღო. "”ყოჩების” თამაში კიდევ უფრო დალაგდა და შეხვედრა მთლიანად მათი კარნახით მიმდინარეობდა. ამას ისიც დაემატა, რომ ყიასაშვილმა კიდევ ორი ხელსაყრელი ჯარიმა ააცილა.

57-ე წუთზე “ლელო-სარასენსის” ჰავბეკის, ოთარ ბარკალაიას ნაცვლად მოედანზე გამოსულმა ახალბედა რატი შანიძემ შეცდომა დაუშვა. საკუთარ ნახევარზე შეტევის წამოწყებისას არაზუსტი გრძელი პასი გააკეთა, ბურთმა ყიასაშვილის ხელებს გადაუფრინა და მარჯვენა ფრთაზე, ზედ კიდით ხაზთან, “ყოჩების” გარემარბ ხუციშვილს ჩაუვარდა ხელში. საქართველოს ნაკრების წევრმა ეს საჩუქარი კარგად შეირგო და ჩვეული სისწრაფით შეირბინა მეტოქის ჩათვლის მოედანში. სოხაძემ ზუსტად გარდასახა. მანვე 5 წუთში კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და 24:9.

ეს თითქმის დასასრულს ჰგავდა. მატჩის დამთავრებამდე 15 წუთი რჩებოდა და რაც ყველაზე მთავარია, შეხვედრის სადავეებს მთლიანად “ყოჩები” ფლობდა. “ლელო-სარასენსის” გულშემატკივრებისთვის ამ მნიშვნელოვან დაპირისპირებაში გარდატეხის შეტანის არანაირი იმედი, არანაირი ნაპერწკალი არ ჩანდა. “ყოჩები” აშკარად ძლიერად გამოიყურებოდნენ და შეხვედრაც მშვიდად მიყავდათ ლოგიკური დასასრულისკენ. მაგრამ 68-ე წუთზე მოხდა ის, რამაც სრულიად შეცვალა თამაში და ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ირაკლი გეგენავას ნაცვლად სულ 5 წუთით ადრე შესულმა სანდრო ნიჟარაძემ უწყინარ სიტუაციაში აშკარად დაარღვია თამაშგარის წესი, თანაც პირდაპირ მსაჯის თვალწინ, რის გამოც შეხვედრის არბიტრის, ამირხანაშვილისგან სრულიად სამართლიანად დაიმსახურა ყვითელი ბარათი. ლელოელებმა ბურთი აუტში გადაიტანეს, მოიგეს მოწოდება, მოლი შეკრეს და შეცვლაზე შესულმა ახალბედა ბურჯმა ლაშა მჭედლიძემ “ყოჩები” პირველად დაალელოვა. ყიასაშვილს გარდასახვა გაუცუდდა 14:24.

მასპინძლებმა გააფთრებით შეუტიეს და კაცნაკლული “ყოჩები” კი თითქოს გატყდა. 77-ე წუთზე წინა ლელოს ანალოგიური მომენტი განმეორდა. ყიასაშვილმა ჯარიმა კვლავ მარცხენა ფლანგზე, აუტში გადაიტანა, პირითი ხაზიდან 10 მეტრში შემოგდებული ბურთი მოქმედმა ჩემპიონებმა ისევ კარგად მოიგო, მოლი შეკრა და ამჯერად ჩათვლის მოედანში გამოცდილმა ზვიად მაისურაძემ შეაღწია. ყიასაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო და სხვაობა 3 ქულამდე დავიდა. თამაში განახლდა, “ყოჩები” მხოლოდ დროის გაყვანაზე ფიქრობდა და შეხვედრის დასრულებას ელოდა. ის-ის იყო გაძევებული ნიჟარაძე მოედანს დაუბრუნდა, რომ “ლელოს” მორიგი შეტევისას ბოლნისელებს ახალი უბედურება დაატყდათ თავს. საზონის დასაწყისში სწორედ “ლელოდან” გადმობარგებულმა შუამარბმა თორნიკე ცერცვაძემ სახიფათო ბოჭვისთვის ყვეთელი ბარათი მიიღო და “ყოჩები” მატჩის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე ისევ უმცირესობაში დარჩა.

ხელსაყრელი აუტი ამჯერად “ლელო-სარასენსმა” ვერ მოიგო, ბურთმა მათი მეორეხაზელისგან მოედანი დატოვა და “ყოჩების” აუტი დაინიშნა. თითქოს ყველაფერი დასრულდა, თამაშის ძირითადი დრო თითქმის ამოწურული იყო და აუტის მოგება და ბურთის კიდეზე გადატანა - ეს მარტივი ამოცანაღა რჩებოდა მატჩის მოსაგებად, მაგრამ “ლელოს” მხსნელად მესამეხაზელი თორნიკე ბუბუტეიშვილი მოევლინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მატჩის საუკეთესო მორაგბემ მეტოქის დერეფნის მოგება მოახერხა და ბურთი თავისიანებს ჩამოუგდო. დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო. საფუძლიანად შეკრულ მოლს სათადარიგო შუამარბი გიორგი ლომინაძე მოწყდა, სირბილის მიმართულება მოულოდნელად შეცვალა და პირდაპირ ძელებსშუა დაამიწა ბურთი. ყიასაშვილის ზუსტმა გარდასახვამ ამ დრამატული დაპირისპირების საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 28:24 “ლელო-სარასენსის” სასარგებლოდ.

ლევან მაისაშვილის შეგირდებმა უმნიშვნელოვანესი ოთხი ქულა ჩაიწერეს აქტივში, “ყოჩებს” კი, ვინაც ფაქტობრივად მოგებული შეხვედრა თავიანთი შეცდომების გამო დიდსულოვნად გადაულოცეს მეტოქეს, სანუგეშოდ ერთი ბონუს ქულაღა ერგო.

ტურის პირველი დღის დანარჩენ ორ შეხვედრაში თბილისში სტუმრებმა იმარჯვეს. “არმაზმა” “შევარდენზე” ქუთაისის “აიას” უმასპინძლა და პირველი ტაიმი 12:11 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმი სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს და 24:18 იმარჯვეს. “ავჭალაზე” თბილისის “არმიამ” “ბათუმს” ტაიმი 9:8 მოუგო, მაგრამ აქაც იგივე განმეორდა და საბოლოოდ ზღვისპირელებმა 36:15 იმარჯვეს, თანაც სამით მეტი ლელოს გატანისთვის პრემიალური ქულაც აიღეს.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VIII ტური

7 ნოემბერი

თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი)

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 28:24

თბილისი. “ავჭალა”

არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 15:36

თბილისი. “შევარდენი”.

არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 18:24

7/11

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

7

6

0

1

2

1

0

141:076

+65

17/05

27

2

ბათუმი ბათუმი

8

6

0

2

1

2

0

147:111

+36

12/04

27

3

აია ქუთაისი

8

5

1

2

1

1

0

143:118

+25

09/07

24

4

ლელო სარასენს თბილისი

8

5

1

2

0

1

0

145:123

+22

13/10

23

5

ყოჩები ბოლნისი

7

4

0

3

1

2

0

123:103

+20

10/08

19

6

ლოკომოტივი თბილისი

7

4

0

3

0

3

0

137:122

+15

11/08

19

7

აკადემია თბილისი

7

3

0

4

0

2

0

075:106

-31

03/08

14

8

არმია თბილისი

8

1

1

6

0

4

0

144:191

-47

09/19

10

9

არმაზი თბილისი

7

0

1

6

0

4

0

107:151

-44

09/14

6

10

ხარები რუსთავი

7

1

0

6

0

2

0

081:142

-61

06/16

6

8 ნოემბერი

თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი

აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი

ჯიქი (გორი) - ხარები (რუსთავი)

0.194988