საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის XI ტურის სასტარტო შეხვედრაში თბილისის “ლოკომოტივმა” გათამაშების აუტსაიდერი “ზუგდიდი” ოფლის დაუღვრელად დაამარცხა.
საერთოდ, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით დედაქალაქელები ახალ გუნდად იქცნენ. თავად განსაჯეთ, “ლოკოს” პირველ რვა შეხვედრაში მხოლოდ 4 ქულა ჰქონდა მოპოვებული, ბოლო სამ თამაშში კი ქულათა მაქსიმუმი დააგროვა. თანაც თამაშის ხარისხიც ჩინებულია. აღნიშნულ სამ შეხვედრაში “რკინიგზელებმა” მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღეს, თავად კი ოდენ ორი გოლო გაუშვეს.
გადასარევ ფორმაშია სარაგოსას გუნდის ფორვარდი ზვიად ქანთარია. “სამტრედიას” ყოფილი შემტევის ანგარიშზე ზემოთხსენებული 9 გოლიდან ოთხია. სწორედ მან გახსნა ანგარიში “ზუგდიდთან”, როცა ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და გამოზომილად გადაგზავნა მეგრელთა კარში. მასპინძლები პირველ ნახევარში საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ტაიმის მიწურულს მეორე გოლიც გაიტანეს. გიორგი ხიდეშელმა მშვენივრად შეასრულა საჯარიმო დარტყმა. სხვათა შორის, “ზესტაფონის” ყოფილი მცველისთვის ეს მეორე გოლია მიმდინარე სეზონში და ორივე სტანდარტიდან შეაგდო.
მეორე ნახევრის უმეტესმა ნაწილმა თანაბარ ორთაბრძოლაში გასტანა. “ლოკომოტივი” შეტევებით თავს არ იკლავდა, ხოლო სტუმრებს ამისათვის კლასი არ ჰყოფნიდათ. საბოლოოდ, შეხვედრას ლოგიკური დასასრული მამია გავაშელიშვილმა მისცა, ვინაც 84-ე წუთზე მესამედ აიღო ბესიკ შეროზიას გუნდის კარი.
მოკლედ ჟერარდ სარაგოსას საქართველოში დაბრუნება ამ დროისთვის წარმატებით მიმდინარეობს. “ზუგდიდს” კი ჯერჯერობით საშველი არ უჩანს. მეგრელები სატურნირო ცხრილში მხოლოდ მარტვილის “მერანს” სჯაბნიან.
“ლოკომოტივი” – “ზუგდიდი” 3:0 (2:0)
გოლები: 1:0 ქანთარია (19), 2:0 ხიდეშელი (37), 3:0 გავაშელიშვილი (84)