საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატის, “დიდი 10”-ის მე-8 ტურის ხუთივე მატჩი დედაქალაქში, სამ სტადიონზე გაიმართება.
ტურის ცენტრალური მატჩი 7 ნოემბერს, დიდ დიღომში “ლელოს” ახალ სტადიონზე გაიმართება და ქვეყნის ჩემპიონი “ლელო-სარასენსი” ბრინჯაოს მედლის მფლობელ ბოლნისის “ყოჩებს” უმასპინძლებს. მოცემული მომენტისთვის, ეს გუნდები მე-4 და მე-6 ადგილებზე არიან, მაგრამ ბოლნისელებს ერთი გამოტოვებული თამაში აქვთ და პოტენციურად, მეორე პოზიციაზეც შეუძლიათ აღზევება.
ორივე გუნდი ანგარიშზე 4-4 მოგებაა. “ყოჩებმა” ორი მარცხის შემდეგ 4-მატჩიანი მოგებათა სერია გამოაცხეს და სატურნირო ცხრილშიც მნიშვნელოვნად დაწინაურდნენ, ახლა კი, ჩემპიონთან რევანშსაც ეცდებიან. შეგახსენებთ, რომ გასული ჩემპიონატის პლეი ოფში, “ლელო-სარასენსმა” მეტოქე ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმის წყალობით მინიმალური სხვაობით დაამარცხა და თავად ფინალის საგზური მოიპოვა, ხოლო ბოლნისელები მცირე ფინალში გაისტუმრა.
როგორც წესი, ჩემპიონი სეზონის პირველ ნაწილს მძიმედ ატარებს და ახლაც ასეა. ბოლო ხუთი მატჩიდან მან ორი დათმო, აქედან ერთი მე-7 ტურში ბათუმში (17:18), ქუთაისში “აიას” ფრედ ეთამაშა, აუტსაიდერები “ხარები” და “არმაზი” კი მცირედით დაამარცხა. სამაგიეროდ, ისინი დაუმარცხებელი არიან ახალ არენაზე და დიდ დიღომში ჩატარებული სამივე თამაში მოიგეს. ამრიგად, მომავალი შეხვედრა საინტერესო უნდა იყოს და ის 15:00 საათზე დაიწყება.
7 ნოემბერს, ასევე 15:00 საათზე “ავჭალაზე” თბილისის “არმიასა” და ბათუმის “ბათუმის” შეხვედრა იწყება. ზღვისპირელებმა სეზონი ზედიზედ ოთხი მოგებით დაიწყეს, მაგრამ მერე ჩავარდნა ჰქონდათ და “ყოჩებთან” და “ლოკომოტივთან” დამარცხდნენ, თუმცა გასულ ტურში “ლელო-სარასენსის” ძლევით (18:17) ხასიათი გამოიკეთეს და მეორე ადგილი შეინარჩუნეს. ახლა ისინი იგივეს გაკეთებას სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ “არმიასთან” ეცდებიან. მაგრამ ეს იოლი არ იქნება. მართალია არმიელებმა მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს, ხოლო დანარჩენ ხუთ მატჩში დამარცხდნენ, მაგრამ ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან 4 შემთხვევაში პრემიალური ქულაც აიღეს.
პარალელურად, “შევარდენზე” თბილისის “არმაზი” ქუთაისის “აიას” დაუხვდება და პირველი თამაშის მოგებას ეცდება. არმაზელებმა ექვსი თამაშიდან 5 დათმეს და ერთი ფრედ დაასრულეს. მიუხედავად ამისა, ის მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა. ერთი კვირის წინ “არმაზმა” ორიდან ერთი გადადებული შეხვედრა მოილია და “ლოკომოტივთან” 16:21 დამარცხდა, რითაც პრემიალური ქულა ჩაიწერა. “აია” მე-3 ადგილზეა, მაგრამ ქუთაისელთა პრობლემა ისაა, რომ შედარებით სუსტ გუნდებთან მობილიზება უჭირს. მე-6 ტურში მათთან სეზონის პირველი გამარჯვება “არმიამ” მოიპოვა, მაგრამ მომდევნო ტურში ქუთაისელებმა ლიდერს შეუწყვიტეს მოგებათა სერია და გორის “ჯიქს” 11:8 სძლიეს.
კვირას, 8 ნოემბერს, “ავჭალაზე” “აკადემია” “ლოკომოტივს” ეთამაშება. უძლიერესთა შორის დაბრუნებულმა აკადემიელებმა ჩემპიონატი კარგად დაიწყეს, ცხრილში ქვევით მყოფ გუნდებს სძლიეს, ორი პრემიალური ქულაც მიითვალეს და მე-7 ადგილზე არიან. ახლა ისინი უკვე ლიდერებთან ცდილობენ წარმატების მიღწევას და ამ გზით ექვსეულისკენ გზის გაკაფვას. “ლოკომოტივი” არასტაბილურად თამაშობს, რაც მისთვის რეგულარულ გათამაშებაში დამახასიათებელი გახდა. რკინიგზელებმა ერთი კვირის წინ გადადებული თამაში გამართეს და “არმაზის” ძლევის (21:16) შემდეგ მე-5 ადგილზე დაბრუნდნენ, თანაც მეორე საფეხურს მიუახლოვდნენ.
ლიდერი გორის “ჯიქი” “შევარდენზე” რუსთავის “ხარებს” მასპინძლობს. გუნდები ამ თამაშს განსხვავებული მდგომარეობით ხვდებიან და არა მარტო სატურნირო თვალსაზრისით. თუ გორელებმა ექვსმატჩიანი მოგებათა სერიის შემდეგ გასულ ტურში პირველი მარცხი განიცადეს (8:11 ქუთაისში “აიასთან”), რუსთაველებმა შინ “არმია” 15:11 დაამარცხეს და სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმეს. გაგრძელდება თუ არა “ხარების” წარმატებული და “ჯიქის” მარცხიანი სერია, 15:00 საათიდან გამოჩნდება.
საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. VIII ტური
7 ნოემბერი
თბილისი. “ლელო” (დიდი დიღომი). 15:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
8 ნოემბერი
თბილისი. “ავჭალა”. 15:00 საათი
აკადემია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “შევარდენი”. 15:00 საათი
ჯიქი (გორი) - ხარები (რუსთავი)
1. | ჯიქი | 7 | 6 | 0 | 1 | 141:76 | 27 | 3 |
2. | ბათუმი | 7 | 5 | 0 | 2 | 111:96 | 22 | 2 |
3. | აია | 7 | 4 | 1 | 2 | 119:100 | 20 | 2 |
4. | ლელო-სარასენსი | 7 | 4 | 1 | 2 | 117:99 | 19 | 1 |
5. | ლოკომოტივი | 7 | 4 | 0 | 3 | 137:122 | 19 | 3 |
6. | ყოჩები | 6 | 4 | 0 | 2 | 99:75 | 18 | 2 |
7. | აკადემია | 7 | 3 | 0 | 4 | 75:106 | 14 | 2 |
8. | არმია | 7 | 1 | 1 | 5 | 129:155 | 10 | 4 |
9. | ხარები | 7 | 1 | 0 | 6 | 81:142 | 6 | 2 |
10. | არმაზი | 6 | 0 | 1 | 5 | 89:127 | 5 | 3 |