ლონდონში მდებარე საერთაშორისო საჩოგბურთო ფედერაციის შტაბ-ბინაში დევისის თასის ევრო/აფრიკული ზონის II ჯგუფის წილისყრა შედგა, რომლის თანახმადაც საქართველოს ვაჟთა ნაკრები პირველ რაუნდში დანიას გაეჯიბრება და რაც ყველაზე სასიხარულოა, ამ დაპირისპირებას საქართველო უმასპინძლებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ჩოგბურთელებმა II ჯგუფში თამაშის უფლება მას შემდეგ მოიპოვეს, რაც III ჯგუფში ალბანეთს, ისლანდიას, მალტას და ესტონეთს დამაჯერებლად სძლიეს და პირველობა არავის დაუთმეს.
თავის მხრივ, წარუმატებლობა შეემთხვა დანიას, რომელიც I ჯგუფში ასპარეზობდა, თუმცა, რუსეთთან, ესპანეთთან და შვედეთთან წააგო და დაქვეითებას ვერ გადაურჩა.
II ჯგუფის პირველ წრეში სულ 8 წყვილი ითამაშებს: ლიტვა-ნორვეგია, სამხრეთ აფრიკა-ლუქსემბურგი, ბულგარეთი-თურქეთი, ბოსნია ჰერცეგოვინა-ტუნისი, მონაკო-ლატვია, ეგვიპტე-ბელარუსი, ზიმბაბვე-ფინეთი, საქართველო-დანია.
ამ რაუნდის მატჩები 2016 წლის 4-6 მარტს შედგება და ისიც ცნობილია, რომ თუკი საქართველოს ნაკრები წარმატებას მიაღწევს, მე-2 წრეში, 16-18 სექტემბერს, ზიმბაბვეს და ფინეთს შორის უმჯობესს გაეჯიბრება.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ 2017 წლისთვის ევრო/აფრიკული ზონის I ჯგუფში თამაშის უფლებას II ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები მიიღებს, უარესი ოთხეული კი III ჯგუფში დაქვეითდება.