საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დღევანდელ აღმასკომზე, სფფ-ის ვიცეპრეზიდენტ გია ფირცხალავას უფლებამოსილება შეუჩერეს. აღმასკომზე ეს გადაწყვეტილება გარკვევით ახსნეს: ფირცხალავა სხდომებს არ ესწრებოდა და საკუთარ მოვალეობებს არ ასრულებდა.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მასზე ადრეც თქვა: აბსოლუტურად გაურკვეველი ფუნქციის მქონე პიროვნებაა და როგორც ჩანს, მხოლოდ უეფა-ში წერილების გაგზავნა ევალებოდაო.
გარდა ამისა, გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ დატოვა პოსტი. ებრალიძემ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება.
შეგახსენებთ, 18 ნოემბერს რიგგარეშე ყრილობა გაიმართება და აღმასკომის ახალი შემადგენლობაც შეირჩევა, რომელიც სავარაუდოდ, ამჟამინდელზე მცირერიცხოვანი იქნება. დღესდღეობით 18 კაცია აღმასკომში. მანამდე კი აღმასკომის დღევანდელი შემადგენლობა კიდევ ერთხელ შეიკრიბება.
სხვა ცვლილებებზე: გათავისუფლებულია საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლაშა დვალიშვილიც.
კიდევ ბევრი ადამიანი დარჩა ფედერაციის მიღმა. კობიაშვილმა განაცხადა, რომ საკმაოდ ბევრნი იყვნენ ფედერაციაში გაფორმებულნი, რომლებსაც ფუნქცია არ ჰქონდათ.
ზუსტად ჯერ უცნობია, მაგრამ ცვლილებები იქნება საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს შორის.