ფეხბურთი

14:11 | 3.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ერის ბომბარდირი" - გერდ მიულერის გოლები (VIDEO)

1945 წლის 3 ნოემბერს დაიბადა გერჰარდ (გერდ) მიულერი. “ერის ბომბარდირად” წოდებული გერმანელი ფორვარდი. 1964 წლიდან, ფრანც ბეკენბაუერსა და ზეპ მაიერთან ერთად, ჩაირიცხა მიუნხენის “ბაიერნში”. მიულერი ოთხჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი და ამდენჯერვე მოიპოვა ქვეყნის თასი. ბუნდესლიგის 427 შეხვედრაში გაიტანა 365 გოლი. “ბაიერნთან” ერთად მიულერმა სამჯერ მოიგო ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი, თითოჯერ თასების მფლობელთა და საკონტინენტთაშორისო თასები. ევროთასებზე გერდ მიულერმა ჩაატარა 74 მატჩი, გაიტანა 66 გოლი. მიულერი გერმანიის საუკეთესო ბომბარდირი შვიდჯერ გახდა, ხოლო ორჯერ ევროპის წლის საუკეთესო გოლეადორისათვის განკუთვნილი პრიზი, ”ოქროს ბუცი” დაიმსახურა. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებში პირველი შეხვედრა ჩაატარა 1966 წლის 7 ივლისს. გერდ მიულერმა იასპარეზა მსოფლიოს ორ ჩემპიონატზე. 1970 წელს იგი მესამე ადგილზე გავიდა, ხოლო 1974 წელს პლანეტის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მუნდიალების დასკვნით ეტაპეპზე მიულერმა 14 გოლი გაიტანა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო 2006 წლამდე, ვიდრე ბრაზილიელი რონალდო გერმანიაში გამართულ მუნდიალზე თავის მე-15-ე გოლს არ გაიტანდა (1998 წლიდან მოყოლებული). 1974 წლის მსოფლიოს პირველობაზე 10 გოლით მიულერი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მან ფინალში ჰოლანდიის ნაკრებთან გადამწყვეტი ბურთი გაიტანა (2:1). გერდ მიულერი 1972 წლის ევროპის ჩემპიონია. ნახევარფინალისა და ფინალის ორ პაექრობაში მან ოთხი გოლის გატანა მოახერხა. გადამწყვეტ მატჩში გერმანელებმა საბჭოთა ნაკრებს 3:0 სძლიეს, ორი ბურთი კი მიულერის აქტივშია. მიულერმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების 62 მატჩში (1966-74), 68 გოლის გატანა მოახერხა. 1976 წელს ფეხბურთიდან წავიდა და მას შემდეგ ალკოჰოლიზმით დაავადდა.

0.116095