საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე ნუკრი რევიშვილი რუსეთის პრემიერლიგის გასული ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. რევიშვილის “მორდოვიამ” მოულოდნელად ფრეს გამოჰკრა ხელი “ზენიტთან” გასვლით მატჩში – 0:0. ასეთი ანგარიში ასეთ მეტოქესთან, ბუნებრივია, მეკარის კარგი თამაშის გარეშე არ მიიღწევა. რევიშვილმა ოთხი საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია.
ნუკრის გარდა, “მორდოვიადან” კიდევ ერთი ფეხბურთელი, მცველი არტიომ ტიშკინი მოხვდა სიმბოლურში. საინტერესოა, რომ ქართველ მეკარეს ამ ტურამდე პირველი ნომრის სტატუსი დაკარგული ჰქონდა, რამდენიმე თამაშში სათადარიგო იყო, მაგრამ მწვრთნელი ენდო და “ზენიტთან” დააყენა. არც შემცდარა.
ქართველი მეკარე, ტურის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად championat.com-ის მიერ მოწყობილ გამოკითხვაშიც მოხვდა. გამოკითხვა ამჟამად მიმდინარეობს და რევიშვილი 12 ნომინანატს შორის ამ დროისთვის მეოთხე ადგილზეა.