რაგბი

13:28 | 2.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარტერი საუკეთესოა, გორგოძე ოცნების მოთამაშე

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მგეზავი დენ კარტერი, “მსოფლიო რაგბიმ” 2015 წლის საუკეთესო მორაგბედ დაასახელა.

დაჯილდოვების ცერემონიალი მსოფლიო თასის ფინალის მეორე დღეს, ლონდონში გაიმართა. კარტერს კონკურენციას დევიდ პოქოქი (ავსტრალია), ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია) და ალუ ვუნ ჯონსი (უელსი) უწევდნენ. კარტერი 2005 და 2012 წლების შემდეგ, წლის მორაგბედ მესამედ აღიარეს და ამ მაჩვენებლით ის “ოლ ბლექსის” კაპიტან რიჩი მაკქოუს გაუტოლდა.

მას შემდეგ, რაც ახალი ზელანდიის ნაკრებმა მსოფლიო თასის ფინალში ავსტრალია 34:17 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც “უებ ელისის თასი” წარმატებით დაიცვა, გასაკვირი სულაც არაა, რომ წლის გუნდად აღიარეს.

წლის საუკეთესო მწვრთნელად ფინალში დამარცხებული ავსტრალიის ნაკრების დამრიგებელი მაიკლ ჩეიკა დაასახელეს, რომელმაც ამ პოსტზე სულ რაღაც 12 თვე გაატარა და გუნდი 4-წლედის უდიდესი სარაგბო ტურნირის გადამწყვეტ მატჩში გაიყვანა.

კარტერი ფინალური შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მან გუნდს 19 ქულა შესძინა და გადამწყვეტ მომენტში არეკნით და შორეული ჯარიმით გამოიჩინა თავი, რის შემდეგაც ავსტრალიას ჩამორჩენის აღმოფხვრის შანსი აღარ დარჩა. გარდა ამისა, ის ჭკვიანურად მართავდა მატჩის მსვლელობას. მან პირველად ითამაშა მსოფლიო თასის ფინალში და სანაკრებო კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის და წლის საუკეთესო მორაგბის რანგში დაემშვიდობა. კარტერის ანგარიშზე 1598 ქულაა 112 ტესტ-მატჩში.

“ამით ჩემი ოცნება ახდა. მართალია რაგბის პირადი ჯილდოებისთვის არავინ თამაშობს, მაგრამ სასიამოვნოა, როდესაც გამოგარჩევენ. ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ტრავმები მაწუხებდა და რთული პერიოდი მქონდა, დიდი შრომა გავწიე და სასიამოვნოა, ეს შრომა რომ დამიფასდა. მე არ მიბრძოლია პირადი მიღწევისთვის, ვიბრძოლე გუნდის წარმატებისთვის და ახლა ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტი დადგა” - განაცხადა კარტერმა დაჯილდოვების შემდეგ.

წლის აღმოჩენის ჯილდოზე წარდგენილთა შორის იყო საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, რომელმაც 18 წლის ასაკში ითამაშა მსოფლიო თასზე და გახდა ყველაზე ახალგაზრდა მორაგბე, რომელმაც ამ ტურნირში მიიღო მონაწილეობა. სპეციალურმა კომისიამ წლის აღმოჩენად ახალზელანდიელი ნეჰე მილნერ-სქადერი დაასახელა და სამწუხაროდ, ახალგაზრდა “ბორჯღალოსანი” ამ ეტაპზე მხოლოდ ნომინანტობას დასჯერდა.

ტრადიციულად, დასახელდა მსოფლიო თასის “ოცნების გუნდი” და სასიხარულოა, რომ მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძეც მოხვდა.

2015 წლის მსოფლიო თასი ოცნების გუნდი: 15. აიუმუ გორომარუ (იაპონია), 14. ნეჰე მილნერ სქადერი (ახალი ზელანდია), 13. კონარდ სმიტი (ახალი ზელანდია), 12. მეთ გიტო (ავსტრალია), 11. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია), 10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია), 9. გრეიგ ლეიდლოუ (შოტლანდია); 1. მერკო აიერსა (არგენტინა), 2. სტეფან მური (ავსტრალია), 3. რამირო ერერა (არგენტინა), 4. ებენ ეცებეთი (სამხრეთ აფრიკა), 5. ლეონ ნაკარავა (ფიჯი), 6. მამუკა გორგოძე (საქართველო), 7. სხალკ ბერგერი (სამხრეთ აფრიკა), 8. დევიდ პოქოქი (ავსტრალია).

0.13469