ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტივ ჰანსენმა, ავსტრალიის ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და მას “ბრწყინვალე” უწოდა.
“ოლ ბლექსმა” 2015 წლის მსოფლიო თასის ფინალური შეხვედრა “თვიქნემზე” 34:17 მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში “ვოლაბების” “ქამ ბექზე” მოუწია გამკლავება.
“ძალიან მძიმე საღამო გამოდგა. ის განსაკუთრებული რთული დამარცხებულისთვისაა და მთელი ჩემი გუნდის სახელით მინდა ვთქვა, რომ ავსტრალია უბრალოდ “ბრწყინვალე” იყო. მათი განწყობა თამაშისთვის შესაშური აღმოჩნდა, არცერთი წამით არ გატყდნენ როდესაც ანგარიში 17:21-მდე შეამცირეს, თავისუფლად შეეძლო შეხვედრის საკუთარ სასარგებლოდ დასრულება. ჩვენ ვაღიარებთ მათ შესაძლებლობას და მოწინააღმდეგეს, რომელმაც უმაღლეს დონეზე ითამაშა, უდიდესი პატივისცემით ვებყრობით” - თქვა ჰანსენმა და როდესაც საკუთარ გუნდზე გადაერთო, ღვაწლი არ დაუკარგა “ოლ ბლექსის” კაპიტან რიჩი მაკქოუს და მატჩის საუკეთესო მოთამაშე დენ კარტერს, რომლებმაც ნაკრების კვართით ბოლო შეხვედრა ჩაატარეს:
“ვფიქრობ, რიჩი უდიდესი “ოლ ბლექსია”, რომელიც კი ოდესმე გვყოლია, ხოლო დენი მეორეა. მათ მხოლოდ პოზიცია ასხვავებს - წარმოუდგენელია იყო ფლანკერი 148 ტესტ-მატჩი ჩაატარო. მსოფლიო თასამდე ხშირი იყო საუბრები, თუ ვის უნდა ეთამაშა მესამე ხაზში. მე ყველა მოთამაშეს პატივს ვცემ, ყველა კარგად გაისარჯა და ვფიქრობ, თამაშიც მესამეხაზელების სამეულმა მოიგო რიჩის მეთაურობით. ძალიან გაგვიმართლა, ამ დონის მოთამაშე რომ გვყავდა და იმედია, კიდევ გამოჩნდება ვინმე, ვინც მასზე უკეთესი იქნება”.
ჰანსენმა ზედიზედ ორჯერ მოგებულ მსოფლიო თასზეც ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც მას მხარს დიდ ბრიტანეთში უჭერდა:
“მსოფლიო თასზე ჩამოსვლამდე ვიცოდით, რომ მსგვასი რამ აქამდე არ მომხდარა. დავჯექით და ერთმანეთს ვუთხარით, რომ ეს შესანიშნავი დამატებითი მოტივაცია იქნებოდა. ამ ქვეყანაში უდიდესი სიყვარული ვიგრძენით და წავაგებდით თუ მოვიგებდით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ კარგი ადამიანები ვყოფილვართ და ბევრი გულშემატკივარი და მეგობარი შევიძინეთ. ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისათვის, რომ მისით არ დატკბე. ჩვენ შესაძლებლობები ხელიდან არ გავუშვით და ახლა კიდევ უფრო იცის, რომ ვართ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც უბრალოდ კარგად თამაშობენ რაგბის. სასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც მთელი დიდი ბრიტანეთის მასშტაბით, ადამიანები, რომლებიც ჩვენზე ზრუნავდნენ, ან უბრალო გულშემატკივრები, სიყვარულს გამოხატავენ. ახლა ჩვენ მათთან ერთად ვბრუნდებით სახლში”.