დენ კარტერმა, რომელიც მიზეზთა გამო პირველად თამაშობდა მსოფლიო თასის ფინალს, ავსტრალიელთა დაბრუნების შემდეგ თანაგუნდელებს შემოუძახა, მერე ორჯერ ისეთი გაისროლა, რომ თანაგუნდელებს ფრთები შეასხა და ახალი ზელანდიის ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მესამედ მოიპოვა მსოფლიო თასი და ასევე, პირველი გუნდი, რომელმაც ზედიზედ მეორედ შემართა “უებ ელისის თასი”.
აქამდე “ოლ ბლექსს” ორივე მსოფლიო თასი სამშობლოში გამართულ გათამაშებაში ჰქონდა მოპოვებული, არადა, ის რვავე ტურნირში მთავარი ფავორიტის რანგში ჩაება. ახლა სთივ ჰანსენის შეგირდებმა ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს და მთელი რიგი გამოჩენილი მორაგბეებისა, გუნდის კაპიტან რიჩი მაკქოუს თამადობით, ეროვნულ გუნდს ღირსეულად, მსოფლიოს ჩემპიონების რანგში ემშვიდობებიან.
ზელანდიელები მთელი თამაშის განმავლობაში აკონტროლებდნენ მატჩის მსვლელობას, თუ არ ჩავთვლით იმ 10 წუთს, როდესაც ბენ სმითი სინბინში იჯდა და რომლის დროსაც ავსტრალიელებმა 14 ქულის აღება მოახერხეს. მაგრამ აქ სცენაზე კარტერი გამოვიდა, რომელმაც შორეული არეკნით და ჯარიმით ანგარიში მიუწვდომელი გახადა და საბოლოოდ თამაში 34:17 დასრულდა.
ზელანდიელებმა თამაში მძლავრად დაიწყეს, მეტოქეს პირველივე წუთებიდან უამრავი პრობლემა შეუქმნეს და კარტერმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. მსოფლიო თასზე ავსტრალიის ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო იყო რაქებში თამაშისას, მაგრამ ამჯერად მეტოქე მომზადებული იყო და საწყის წუთებში “ოლ ბლექსმა” “ვოლაბებს” სამჯერ აართვა ბურთი. მაგრამ მერე “შავებიც” შეცდნენ, რასაც შერკინება, ჯარიმა და ბერნარდ ფოლის ზუსტი ჯარიმა მოყვა - ავსტრალიამ პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა და ანგარიში გაათანაბრა.
მერე ავსტრალიას ტრავმების გამო დაგლასი და გიტო გამოაკლდა, მეტოქის უპირატესობა ძალიან დიდი იყო და კარტერმა 26-ე და 36-ე წუთებზე ჯარიმები გაიტანა, ოღონდ, მეორე ჯარიმისას მსაჯებმა აშკარა წინპასი ვერ დაინახეს და ერთი 3 ქულა “ოლ ბლექსმა” დაუმსახურებლად მიიღო. ზედ შესვენების წინ ზელანდიელმა კონარდ სმითმა კარგი შეტევა წამოიწყო, არონ სმითმა და რიჩი მაკქოუმ შეტევა ფლანგზე გაშალეს და ნეჰე მილნერ-სქადერი ლელოში შესრიალდა. კარტერმა რთული პოზიციიდან გარდასახა და ტაიმი 16:3 დასრულდა, რაც სრულად ასახავდა მოედანზე მომხდარს - 68 პროცენტი ბურთის ფლობა, 78 პროცენტი ტერიტორია და ხაზის შვიდი სუფთად გაჭრა (ავსტრალიელებს არცერთი) ნამდვილად შთამბეჭდავი სტატისტიკაა.
შესვენების შემდეგ შეცვლაზე სონი ბილი-უილიამსი შევიდა და ორ წუთში ლელო შექმნა, როდესაც სამ მცველს შორის მოქცეულმა მაა ნონუს იდეალური გადაცემა გაუკეთა, მანაც გაჩენილი სივრცეებით ისარგებლა და მართალია კარტერს ამჯერად დარტყმა გაუცუდდა, მაგრამ ფინალში 21:3 სერიოზული უპირატესობაა. აქ თითქოს ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ავსტრალიას “მხსნელად” ბენ სმითი მოევლინა, რომელიც შუბური ბოჭვისთვის სინბინით დაისაჯა და “ვოლაბებმაც” მეტობა სათანადოდ გამოიყენეს.
მეტობა ლელოდ 1 წუთში იქცა, როდესაც ავსტრალიელებმა კარგი მოლი დააყენეს და ბურთი დევიდ პოქოქმა დაამიწა, ხოლო ფოლიმ ზუსტად გარდასახა. სინბინის ვადა უკვე გადიოდა, როდესაც ზელანდიელები ზედიზედ ორჯერ შეცდნენ - ჯერ მეტოქის 22-ში რაქში დაკარგეს ბურთი, მერე ფეხით თამაშისას ის კიდეზე ვერ გადაიტანეს, ფეხით “ოლ ბლექსში” დაბრუნებული ავსტრალიელის ნადავლი გახდა და ტევიტა კურიდრანი ლელოში შეიჭრა. ფოლის გარდასახვამ სხოვაობა 4 ქულამდე დაიყვანა - 17:21 და სათამაშო დაახლოებით 15 წუთი რჩებოდა.
ამ დროს საქმეში კარტერი ჩაერთო, რომელმაც ჯერ კარგად მოიშორა ბურთი თავისი 22-იდან, მერე თანაგუნდელებს შემოუძახა და 70-ე წუთზე 42 მეტრიდან მოუმზადებელი არეკნი დაკრა, ხოლო 5 წუთში 49 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა და სხვაობა ერთი შეტევით მიუწვდომელი გახდა - 27:17. აქ თამაში აირია, ავსტრალიამ მეტოქის 22-ში ბურთი დაკარგა, კონტრშეტევაზე ბენ სმითი გაიჭრა, რომელმაც ფეხით ითამაშა, ბოდენ ბარეტმა სირბილში ყველას აჯობა, ერთხელ ფეხით ითამაშა და 2015 წლის მსოფლიო თასის ბოლო ლელო გაიტანა, ხოლო კარტერმა გარდასახვით წერტილი დასვა - 34:17 და ახალმა ზელანდიამ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების სახელი კიდევ ოთხი წლით გაიხანგრძლივა.
2015 წლის მსოფლიო თასი. ფინალი.
31 ოქტომბერი
ლონდონი. “თვიქნემი”
ახალი ზელანდია - ავსტრალია 34:17 (16:3) (VIDEO)
ახალი ზელანდია: 15. ბენ სმითი, 14. ნეჰე მილნერ-სქადერი, 13. კონარდ სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. არონ სმითი; 1. ჯო მუდი, 2. დენ ქოულზი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ბროდი რეტალიკი, 5. სემ ვაითლოკი, 6. ჯერომი კაინო, 7. რიჩი მაკქოუ (კაპ.), 8. ქიარან რიდი.
სათადარიგოები: 16. კევენ მეალამუ, 17. ბენ ფრენქსი, 18. ჩარლი ფაუმუინა, 19. ვიქტორ ვიტო, 20. სემ კეინი, 21. ტავერა ქერ-ბარლოუ, 22. ბოდენ ბარეტი, 23. სონი ბილი-უილიამსი.
3 ლელო: მილნერ-სქადერი, ნონუ, ბარეტი
2 გარდასახვა: კარტერი
4 ჯარიმა: კარტერი
1 არეკნი: კარტერი
1 სინბინი: ბ. სმითი
ავსტრალია: 15. იზრაელ ფოლაუ, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ტევიტა კურიდრანი, 12. მეთ გიტო, 11. დრიუ მიჩელი, 10. ბერნარდ ფოლი, 9. ვილ გენია; 1. სქოთ სიო, 2. სტივენ მორი (კაპ.), 3. სეკოპე კეპუ, 4. კეინ დაგლასი, 5. რობ საიმონსი, 6. სკოტ ფარდი, 7. მაიქლ ჰუპერი, 8. დევიდ პოქოქი.
სათადარიგოები: 16. ტატაფუ პოლოტა-ნაუ, 17. ჯეიმს სლიპერი, 18. გრეგ ჰოუმსი, 19. დენ მუმი, 20. ბენ მაკქალმანი, 21. ნიკ ფიპსი, 22. მეთ ტომუა, 23. ქერთლი ბილი.
2 ლელო: პოქოქი, კურიდრანი
2 გარდასახვა: ფოლი
1 ჯარიმა: ფოლი