ფეხბურთი

16:43 | 31.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დროგბას ზამთარში იტალიაში ელიან

“მონრეალის” კოტ დივუარელი ფორვარდი დიდიე დროგბა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სავარაუდოდ იტალიის სერია ა-ში გადაბარგდება.

Corriero dello Sport-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგაში წარმატებით მობურთალ 37 წლის დროგბასთან თანამშრომლობით სერია ა-ს ერთ-ერთი აუტსაიდერი “ბოლონიაა” დაინტერესებული, რომელსაც ახლახან სათავეში რობერტო დონადონი ჩაუდგა. დიდი შანსია დროგბამ MLS-ის ხანგრძლივი პაუზით ისარგებლოს და დეკემბრიდან მარტამდე, სანამ ამერიკაში სეზონებსშორის შესვენებაა, იტალიაში მოსინჯოს ძალები. ტრანსფერს რეალურს ხდის იცის, რომ “მონრეალს” და “ბოლონიას” კანადელი ბიზნესმენი პატრონობს.

დროგბა ასაკის მიუხედავად უშედეგობას ნამდვილად არ უჩივის, “მონრეალის” რიგებში ჩატარებულ 12 შეხვედრაში ამდენივე გოლი მიითვალა და იტალიელები მიიჩნევენ, რომ დიდ სამსახურს გაუწევს “ბოლონიას”, რომელიც სერია ა-ში 10 ტურის შემდეგ 6 ქულით მე-18 ადგილზე იმყოფება და 20 გუნდს შორის ყველაზე ცოტა, 6 გოლი აქვს გატანილი.

კოტ დივუარელ თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში საფრანგეთის (“ლე მანი”, “გენგამი”, მარსელი”), ინგლისის (“ჩელსი”), ჩინეთისა (“შანხაი”) და თურქეთის (“გალათასარაი”) ჩემპიონატებში უთამაშია, ამერიკულ საფეხბურთო ლიგას კი წელს მიაშურა.

0.116878