1960 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა დიეგო არმანდო მარადონა. “ფეხბურთის ღმერთად” წოდებული არგენტინელი მოთამაშე. მსოფლიოს ჩემპიონი და მექსიკაში ჩატარებული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე (1986), მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1979), არგენტინის ჩემპიონი (1981), ესპანეთის თასის და სუპერთასის მფლობელი (1983), იტალიის ჩემპიონი (1987, 1990), იტალიის თასის (1987) და სუპერთასის (1990) მფლობელი, უეფას თასის მფლობელი (1989). 1990 წელს არგენტინის საკმაოდ უფერული ეროვნული ნაკრები სწორედ დიეგოს წყალობით მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, მაგრამ 1986 წლის მუნდიალისგან განსხვავებით, ამჯერად უკვე გერმანელებმა იმარჯვეს. 1994 წელს, აშშ-ში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე დიეგო მარადონას აკრძალული პრეპარატის მოხმარებისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს, რაც არგენტინელთა გუნდს ტურნირის დატოვებად დაუჯდა. გარდა ამისა, იგი არაერთხელ იყო მხილებული ნარკოტიკების მოხმარებასა და შენახვაში, წლების წინ კი, რამდენჯერმე მოათავსეს ნარკოლოგიურ კლინიკაში. მარადონამ არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 91 მატჩი, გაიტანა 34 გოლი. საკლუბო დონეზე გამოდიოდა “არგენტინოს ხუნიორსში” (1976-1981, 166 მატჩი, 116 გოლი), “ბოკა ხუნიორსში” (1981-1982, 40 მატჩი, 28 გოლი; 1995-1997, 31 მატჩი, 7 გოლი), “ბარსელონაში” (1982-1984, 58 მატჩი, 38 გოლი, “ნაპოლიში” (1984-1991, 188 მატჩი, 81 გოლი), “სევილიასა” (1992-1993, 29 მატჩი, 7 გოლი და “ნიუელს ოლდ ბოიზში” (1993, 7 მატჩი). წვრთნიდა “დე კორიენტესს” და “რასინგს”. 2008 წლის 29 ოქტომბერს იგი არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მანამდე კი, არგენტინის ნაკრების სხვა ყოფილ ფეხბურთელებთან ერთად თბილისს ეწვია და ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, ქართველ ვეტერან მოთამაშეებთან ერთად ამხანაგური მატჩიც ჩაატარა. თავისი შეუდარებელი საფეხბურთო მიღწევების გარდა, დიეგო მარადონა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სკანდალურ სპორტსმენად ითვლება, რაც მის პერსონას კიდევ უფრო მეტ პოპულარობას სძენს. რამდენიმე წლის წინ, იგი მასშტაბურ საფეხბურთო-სატელევიზიო შოუს უძღვებოდა. მას დაწერილი აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი. 2010 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.







