გიორგი აბურჯანია ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომლებზეც დიდი იმედი მყარდება. აბურჯანია უკვე მეორე სეზონია ფამაგუსტას “ანორთოსისის” ღირსებას იცავს და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. როგორც 20 წლის ფეხბურთელმა worldsport.ge-ს განუცხადა, ზაფხულში დაინტერესება კვიპროსზე მაღალი დონის ჩემპიონატებიდან ჰქონდა, მაგრამ მას კლუბთან კონტრაქტი აკავშირებდა. გიორგიმ ისიც გვითხრა, რომ მის მიმართ ინტერესი ევროპულ გუნდებს ამჟამადაც გააჩნიათ.
საერთოდ, აბურჯანია საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას უახლოეს მომავალში ელიან. ნიჭიერი ნახევარმცველი ამ თემაზეც გვესაუბრა და დასძინა, რომ ნაკრებში მოთამაშეების მიწვევა მხოლოდ და მხოლოდ კახა ცხადაძის პრეროგატივაა. თუმცა, თვითონ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშზე ოცნებობს...
ჩვენი რესპონდენტი კვიპროსულ ფეხბურთზეც ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ ლარნაკაში ქართველებს დიდ პატივს სცემენ. საუბარი კი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თემით დავიწყეთ...
- ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს 21-წლამდე ნაკრების თამაშებს როგორ შეაფასებდი?
- ამ ეტაპზე მეოთხე ადგილზე ვართ. ეს შედეგი არამც და არამც არაა დამაკმაყოფილებელი, არც ჩვენთვის და არც გულშემატკივრებისთვის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული შემდეგ თამაშზე. უშუალო კონკურენტს ვეთამაშებით და იმედი მაქვს, წარმატებით გამოვალთ.
- ესპანეთი, ხორვატია, შვედეთი... ობიექტურად ძლიერი გუნდები არიან...
- რა თქმა უნდა, ძლიერი გუნდები არიან და რომ გადახედოთ ფეხბურთელებს თუ რა დონის ჩემპიონატებში თამაშობენ, შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ ძალიან მცირე შანსია წარმატების მიღწევის, თუმცა მე ასე არ ვფიქრობ. ჩემი აზრით, ამ თაობას ერთი კონკრეტული თამაშის მოგება ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია. თუნდაც ხორვატიასთან და ესპანეთთან არ ვიყავით სრული შემადგენლობით... ოთარ კაკაბაძე, ლუკა ზარანდია, გიორგი პაპუნაშვილი და ნიკა ჭანტურია გვაკლდნენ. ნიკამ უკვე დაიწყო ვარჯიში და მისი ძალიან მეიმედება.
- მართლაც, ეს, ის თაობაა, რომელზეც დიდი იმედი მყარდება. შესაბამისად, ბევრი თქვენგანის ადგილს ეროვნულ ნაკრებში ხედავენ... შენი პოზიცია კი ეროვნულ გუნდში ერთ-ერთი პრობლემატურია. ამაზე რას იტყვი?
- დიახ, რომ იტყვიან, ჩვენს თაობაზე დიდ იმედს ამყარებენ და ვიმედოვნებ, გაცემულ ავანსებს გავამართლებთ. ნელ-ნელა კახა ცხადაძემ დაიწყო ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემა და ეს ძალიან კარგია. ჩემი აზრით, მსგავსი ფაქტები მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართულ ფეხბურთს.
- ნაკრებში პირადად შენს ადგილს ხედავ?
- ჩემი აზრით, ეს უფრო მწვრთნელის პრეროგატივაა. სწორედ ის წყვეტს ვინ იქნება ნაკრებში და ვინ არა. ისე კი რა თქმა უნდა, ყველა ფეხბურთელის ოცნება და მიზანია, რომ ეროვნულ ნაკრებსა და ქვეყანას გამოადგეს.
- ნოემბრის სატესტო თამაშებში ხომ არ იგეგმება შენი გამოძახება?..
- მე როგორც ვიცი არა, რადგან გუნდში მოწვევა 21-წლამდე ნაკრებიდან მოვიდა.
- გუნდი ახსენე და, რა იქნება მიმდინარე სეზონში “ანორთოსისის” მიზანი?
- წელს მხოლოდ ჩემპიონობა ჩაითვლება დამაკმაყოფილებელ შედეგად.
- კონკურენტი კი თემურ ქეცბაიას “აპოელია”, რომელიც უკვე 5 ქულით გისწრებთ...
- თუმცა ერთი თამაშით ნაკლები გვაქვს ჩატარებული. ჯერ ძალიან ადრეა შანსებზე საუბარი. სატურნირო ცხრილში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ისე, ქეცბაიას კარგი გუნდი ჰყავს, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ევროტურნირებზე ხვდებიან.
- კვიპროსში საკმაოდ ბევრი ქართველი თამაშობს. როგორია სათამაშო დონე და როგორი მიდგომა აქვთ ფეხბურთისადმი?
- მართალია, ქართველები მართლაც ბევრნი ვართ... დონეს რაც შეეხება, საკმაოდ მაღალია. მიდგომა კი ფანატიკური. ხალხს ფეხბურთი უყვარს, რომ იტყვიან, ფეხბურთით ცხოვრობენ, თუმცა აქცენტი ლეგიონერებზე აქვთ გაკეთებული. ყველა გუნდში 10-15 ლეგიონერია.
- თვითონ ლარნაკაში როგორი სიტუაციაა. ქართველების, შენი და ირაკლი მაისურაძის მიმართ გულშემატკივრები როგორ არიან განწყობილნი, თუნდაც ქეცბაიას ფაქტორიდან გამომდინარე?..
- ფამაგუსტა თურქებს აქვთ ოკუპირებული და ამიტომაც ერთადერთი, რაც ფამაგუსტადან ხალხს დარჩა “ანორთოსისია”. მათ განსაკუთრებულად უყვართ გუნდი და დიდ ყურადღებასაც უთმობენ. ჩვენს მიმართ თუ რა დამოკიდებულება აქვთ, ეს ყველამ თავისი თვალით უნდა ნახოს. მხოლოდ და მხოლოდ კარგი, პოზიტიური. რაც შეეხება ქეცბაიას ფაქტორს, მას ყველა დიდ პატივს სცემს, არამარტო ლარნაკაში, არამედ მთელ კვიპორსზე.
- ყველაზე დაძაბული საფეხბურთო გარემო...
- “ანორთოსისი” – “აპოელი”, “ანორთოსისი” – “აეკი”...
- გიორგი, მიმდინარე სეზონში სულ 7-ჯერ ითამაშე. აქედან 3 შემთხვევაში შეცლაზე, ხოლო 4-ჯერ შეგცვალეს. ეს რითაა განპირობებული?
- წელს რატომღაც ხშირად ვტრავმიანობ. სანაკრებო პაუზის შემდეგ კოჭი ვიტკინე და გარკვეული პერიოდი გამიცდა. მერე ვირუსი, რომელმაც ასევე გამომატოვებინა თამაშები. რაც შეეხება შეცვლებს, ეს ტაქტიკური ხასიათის ცვლილებებია. ამასთანავე, გუნდი გაძლიერდა და კონკურენციამ საგრძნობლად მოიმატა. ჩემთვის ეს ძალიან კარგია. ვგრძნობ, რომ კონკურენცია მეხმარება და მოდუნების საშუალებას არ მაძლევს.
- უკეთეს გუნდში და ჩემპიონატში გადასვლა ლოგიკურია რომ გენდომება... შემოთავაზებები ხომ არ გაქვს ან გქონდა?
- რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. იყო ზაფხულში კონკრეტული დაინტერესება სხვადასხვა გუნდებიდან, თუმცა “ანორთოსისთან” 1 წლიანი კონტრაქტი მაკავშირდებდა. ამ ეტაპზეც არის ინტერესი და ჩემი აზრით, უახლოეს მომავალში ყველაფერი ნათელი გახდება.
- კონკრეტულად რომელ გუნდებზეა საუბარი?..
- დაინტერესება იყო საბერძნეთის, შვეიცარიისა და დანიის გუნდებიდან, რომლებიც უმაღლეს ლიგაში თამაშობენ. თუმცა ამ ეტაპზე მეტის თქმა არ შემიძლია. იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება და ყველა გაიგებს ამ ამბავს. თუმცა წინასწარ ლაპარაკი არ ღირს. დაველოდოთ რა იქნება, ფეხბურთელის კარიერა ისეთია, დღეს უნდიხარ და შეიძლება ერთ საათში ყველაფერი შეიცვალოს. ან სპორტული დირექტორი გაუშვან, ან მწვრთნელი და მერე ინტერესიც ქრება... ამ ეტაპზე მხოლოდ “ანორთოსისში” და ნაკრებში კარგ თამაშზე ვარ კონცენტრირებული.
- საბერძნეთში და შვეიცარიაში უკეთესი დონეა. იქ გადასვლაზე უარი რატომ თქვი?
- იმიტომ რომ ტრანსფერს მე არ ვწყვეტდი. გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებდა. ასე რომ, დაველოდოთ რა მოხდება. მომავალში შესაძლოა უკეთესი ვარიანტიც გამოჩნდეს.
- გუნდი, სადაც სიამოვნებით ითამაშებდი...
- მადრიდის “რეალი” ან ლონდონის “არსენალი”.
- შენი ფავორიტი ფეხბურთელი...
- ზინედინ ზიდანი...
- დღე, როდესაც პირველად მოირგებ ეროვნული ნაკრების მაისურს...
- ალბათ, ეს იქნება ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი დღე.
- მიზანი, ოცნება...
- საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში!..
- რის მიღწევას ისურვებდი ნაკრებთან ერთად?
- რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს და ქართველის გულშემატკივრის გახარებას.