საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ფეხბურთის გერმანელი სპეციალისტი მიხაელ სკიბე მოამზადებს.
50 წლის მწვრთნელმა საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან უკვე გააფორმა სამწლიანი შეთანხმება.
“დორტმუნდის”, “ლევერკუზენისა” და “აინტრახტის” ყოფილი მწვრთნელი, ბოლო დროს თურქეთში, “ესკიშეჰირსფორში” მუშაობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა. მიხაელის გუნდმა თურქეთის მიმდინარე გათამაშება ცუდად დაიწყო, შვიდი ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზე იყო და კლუბის ხელმძღვანელობამაც ამის გამო დაითხოვა.
სკიბემდე საბერძნეთის ნაკრებს კოსტას ცანასი ავარჯიშებდა, რომლის ხელმძღვანელობითაც ბერძნებმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საბოლოოდ ჩააგდეს. 48 წლის ბერძენი გუნდში შესარჩევი ტურნირის ექვსი ტურის შემდეგ დანიშნეს და მაშინ გუნდი ჯგუფში ბოლო ადგილზე იყო. ცანასის ხელმძღვანელობით ჩატარებულ 4 მატჩში, ბერძნებმა მხოლოდ 4 ქულა აიღეს და ელინელები სატურნირო ცხრილის ფსკერზე დარჩნენ.