ფეხბურთი

19:50 | 28.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერი: “რუსეთის მასპინძლობის საკითხი კენჭისყრამდე ცნობილი გახლდათ”

ზეპ ბლატერის განცხადებით, 2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების ადგილად რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები კენჭისყრამდე უკვე დამტკიცებული გახლდათ.

რუსულ საინფორმაციო სააგენტო “იტარ-ტასთან” საუბრისას შვეიცარიელი უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის დაუპირისპირდა და ბევრი ფაქტი გამოამზეურა.

მიმდინარე წლის ზაფხულში ფიფას კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით 14 ადამიანი დააკავეს.

“2018 და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლების ვინაობა კენჭისყრამდე ცნობილი გახლდათ. წინასწარ შევთანხმდით, რომ რუსეთში ჩაგვეტარებინა ტურნირი, რადგან აღმოსავლეთ ევროპაში მსოფლიო თასი არ გამართულა. შემდეგ გადავინაცვლებდით აშშ-ში. ასე რომ, მუნდიალები პოლიტიკურად ორ დიდ ქვეყანაში გაიმართებოდა.

ყველაფერი გეგმაზომიერად მიდიოდა, სანამ ნიკოლა სარკოზი ყატარის პრინც და მომავალში ქვეყნის მმართველ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის არ ესაუბრა. შეხვედრა შედგა და შემდეგ მიშელ პლატინიმ თქვა, რომ ყატარში მუნდიალის ჩატარება კარგი იქნებოდა. შედეგიც მივიღეთ, ევროპიდან ოთხი ხმა აშშ-ს ჩამოშორდა და საბოლოოდ ყატარმა 14 – 8 მოიგო. რომ არა ეს ოთხი ხმა ამერიკა უმასპინძლებდა 2022 წლის მსოფლიო თასს.” – განაცხადა ბლატერმა.

შვეიცარიელი და ფრანგი საფეხბურთო ჩინოვნიკები ფიფას ეთიკის კომიტეტმა შვეიცარიული პოლიციის გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე 90 დღით საფეხბურთო საქმიანობას ჩამოაშორეს. ბლატერმა მიშელს ფული გადაურიცხა, პოლიციამ კი ეს ფაქტი უკანონოდ ჩათვალა.

შვეიცარიელი აღნიშნავს, რომ პლატინიმ მასზე შური იძია, რადგან ფიფას პრეზიდენტობა სურდა.

“შეგიძლიათ კითხოთ მიშელს რატომ არ მოვწონვარ. მას ფიფას პრეზიდენტობა სურდა, თუმცა საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ფიფას პრეზიდენტად მოსვლის შემდეგ, ეს ორგანიზაცია დიდი კომერციული კომპანია გახდა. წარმატებამ კი ეჭვები გააჩინა. ამ კრიზისს კრიმინალურ აქტივობასთან კავშირი არ აქვს. დააკვირდით და მიხვდებით, რას ემსახურება ეს სკანდალი? თუ გადაშლით გაზეთებს, ჩართავთ ტელევიზორს, ყოველდღე ერთსა და იმავეს გაიგებთ – ბლატერი უნდა წავიდეს. ამ ყველაფრის საბოლოო მსხვერპლი კი პლატინი იქნება.”

ფიფას საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 29 თებერვალს გაიმართება. კანდიდატთა შორის მიშელ პლატინიც იმყოფება.

0.117782