ფეხბურთი

23:56 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი არაბიძე: "ლუჩესკუ კარგი თვალით მიყურებს"
"თუ ნიჭი შეგამჩნიეს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშო"

“შახტარში” პროფესიონალ ფეხბურთელად ვყალიბდებდი და ყოველდღიურად ვიზრდები. რაც მთავარია მირჩა ლუჩესკუს მოვწონვარ და იმედია მომავალში ყველაფერი კარგად იქნება”, - განაცხადა worldsport.ge-სთან საუბრისას გიორგი არაბიძემ.

17 წლის ქართველი შემტევი უკრაინულ გრანდში გასულ ზაფხულს თბილისის “ლოკომოტივიდან” გადაბარგდა. დონბასელებმა გიორგი მთავარი გუნდის განაცხადში შეიყვანეს და 20 ნომრიანი მაისურიც გადასცეს. მას შემდგომ არაბიძე რამდენჯერმე სპარინგებში ათამაშეს, მაგრამ ოფიციალური მატჩში მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ახლახან, უკრაინის თასზე “ტერნოპოლთან” შეხვედრაში გამოჩნდა. გამოცდილმა ლუჩესკუმ ქართველი თავიდან ბოლომდე ათამაშა...

მანამდე იყო ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მატჩი შვედური “მალმეს” წინააღმდეგ, სადაც არაბიძემ განსაკუთრებულად კარგად ითამაშა და უკრაინულ მედიას მასზე საქებარი სიტყვები არ დაშურებია. მეტიც, იგი ლიონელ მესისთანაც გააიგივეს.

ჩვენთან საუბრისას გიორგიმ აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს პროგრესის გასაგრძელებლად და დიდი ფეხბურთის სათამაშოდ. რაც მთავარია, ამისათვის დონეცკში ყველანაირი პირობა აქვს შექმნილი და ახლა ყველაფერი მის ხელშია...

- პირველ რიგში როგორი გრძნობაა, როდესაც 17 წლის ასაკში “შახტარის” მთავარი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ხვდები?

- რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია და შესანიშნავი გრძნობაა. ამასთან, უდიდესი პასუხისმგებლობაც.

- “ტერნოპილთან” საკუთარ თამაშს როგორ შეაფასებდი და ხომ არ იყო მღელვარება?

- არა, ჩვეულებრივი იყო. თამაშის მხრივ კი ვფიქრობ, ნორმალურად ვითამაშე.

- მირჩა ლუჩესკუ ცნობილია ძირითად გუნდში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების დაწინაურებით. რა გითხრათ მან და როგორია მისი საწვრთნელი პროცესი?

- სავარჯიშო პროცესი ძალიან კარგი და ინტენსიურია. ვგრძნობ, რომ პროფესიონალებში ვიზრდები, ვვითარდები, როგორც პროფესიონალი ფეხბურთელი. რაც შეეხება მის სიტყვებს, ყველაფერი კარგი – ამ ეტაპზე მოვწონვარ და ვნახოთ... იმედია, ღმერთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება.

- როგორ ფიქრობ, რა კომპონენტში გაქვს მოსამატებელი და მეტი სამუშაო?

- ერთ კონკრეტულ კომპონენტს ვერ გამოვყოფ. ჩემი აზრით, ყველაფერში მოსამატებელი და სავარჯიშო მაქვს, რაც პროფესიონალ ფეხბურთელს სჭირდება წარმატების მისაღწევად.

- ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, “მალმესთან” შენს თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკრაინელმა ჟურნალისტებმა ლიონელ მესისაც შეგადარეს. რას ნიშნავს ეს შენთვის და რას ცვლის?

- ასეთი შედარებისთვის მადლობელი ვარ და რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და არც შეცვლის. მე ვიტყოდი, ჩვეულებრივი ამბავია და ასეთად მივიღე. აქვე მინდა, ყველა კეთილის მსურველს დიდი მადლობა გადავუხადო.

- ქართველ ფეხბურთელებს ხშირად წარმატების მიღწევის მერე დაღმასვლა დასწყებიათ. შენ, რას მოიმოქმედებ, რომ ასე არ მოხდეს?

- მოკლედ, რომ გითხრათ, ყველაფერს გავაკეთებ, რაც საჭირო იქნება. ვისაც დაღმასვლა დაეწყო, ეს მხოლოდ მათი ბრალია და სხვა არავის.

- როგორ გგონია, ახლა მთავარ გუნდში მოხვედრის შანსი უფრო რეგულარულად რამდენად გაქვს და ამაზე ლუჩესკუსთან ხომ არ გისაუბრია?

- არა. ლუჩესკუს არაფერი უთქვამს, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძირითად გუნდში თავი დავიმკვიდრო.

- “შახტარის” შესახებაც რომ გვითხრა. ერთია გარედან, როცა ხედავ და მეორე, როცა შიგნიდან...

- აქ ყველაფერი მაღალ და პროფესიონალურ დონეზეა, როგორც დიდ გუნდებს შეეფერებათ. შეუძლებელია “შახტარში” თავი ფეხბურთელად ვერ იგრძნო.

- დონბასელების რიგებში საკმაოდ ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება. რას სწავლობ მათგან და ვის გამოარჩევდი?

- პირველ რიგში იმას ვსწავლობ, რომ არასდროს არ უნდა მოდუნდე, რაც არ უნდა მაღალ დონეზე იყო. გამორჩევა კი გამიჭირდება, თუმცა არის რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც კლასი ბურთთან ერთ შეხებაზეც ეტყობათ.

- დონეცკში გატარებულ პირველ პერიოდს და ადაპტაციას როგორ გაიხსენებ?

- ძალიან კარგად. გუნდში თბილად მიმიღეს და მეგობრული ატმოსფეროა, რაც მახარებს. ადაპტაციის პერიოდს კი ჯერ კიდევ გავდივარ, თუმცა ყველაფერი კარგად მიდის.

- როგორი მიდგომა და დამოკიდებულება აქვთ “შახტარში” ახალგაზრდა, თანაც ლეგიონერი მოთამაშის მიმართ?

- ნიჭი და მონაცემები თუ შეგამჩნიეს, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფეხბურთელი არ დაიღუპოს და დიდი ფეხბურთი ითამაშოს. მიდგომა კი ნამდვილად პროფესიონალურია.

- რთული არ იყო ქართული რეალობიდან “შახტარის” მოთხოვნებთან და საწვრთნელ პროცესთან შეგუება?

- თავიდან კი, მაგრამ შევეჩვიე. ახლა უკვე ჩვეულებრივია.

- კახა ცხადაძესთან თუ გისაუბრია?

- არა, არ მისაუბრია.

- როგორ ფიქრობ, ეროვნული ნაკრებისთვის ამჟამად მზად ხარ?

- ჩემი აზრით, ცოტა დრო მჭირდება და მერე მზად ვიქნები.

- რას ნიშნავს შენთვის საქართველოს ნაკრები?

- ეს პირველ რიგში ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა და ქვეყნის სახელია.

- კლუბი, სადაც ითამაშებდი და ფეხბურთელი, რომლის თამაშიც მოგწონს...

- კლუბი ალბათ, მადრიდის “რეალი”, გამორჩეული ფეხბურთელი კი არ მყავს.

- გიორგი, შენზე ქართველი გულშემატკივარი საკმაოდ დიდ იმედს ამყარებს. რას ეტყოდი მათ?

- ახლა მხოლოდ ერთს: იმედს არ გავუცრუებ.

0.157414