რაგბი

23:47 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრეგვაძე ინგლისურ პრემიერშიფში ითამაშებს

საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრმა ჯაბა ბრეგვაძემ ინგლისის “ავივა პრემიერშიფის” კლუბ “ვორჩესთერ ვორიორსთან” (Worcester Warriors) კონტრაქტი გააფორმა.

კლუბი პრემიერშიპის 2015/16 წლის სეზონში ორი მატჩითა და ოთხი ქულით მე-10 ადგილზეა. “ვორიორსი” ასევე მონაწილეობს “ჩელენჯ თასზე”, სადაც ინგლისურ “გლოსთერთან”, ფრანგულ “ლა როშელთან” და იტალიურ “ზებრესთან” ერთად, მე-4 პულშია განთესილი. აღსანიშნავია, რომ “ვორიორსში” კიდევ ერთი ქართველი, “ბორჯღალოსან” გია რაფავას ვაჟი – ვატო რაფავა თამაშობს.

ჯაბა ბრეგვაძე, რომელსაც ზურგს 32 სანაკრებო კეპი და ორი მსოფლიო თასი უმაგრებს, “ტულუზაში” “ბორჯღალოსან” ვასილ კაკოვინთან ერთად ირჯებოდა, მაგრამ ფეხის ტრავმის გამო, საკმაოდ დიდი ხნით გამოაკლდა კლუბს და ნაკრებს.

საბედნიეროდ, 2015 წლის მსოფლიო თასამდე მან ტრავმა სრულიად მოიშუშა და ნაკრებთან ერთად ყველა შეკრება გაიარა და მსოფლიო თასზე იასპარეზა.

“მეც და ჩემი ოჯახი ძალიან კმაყოფილები ვართ “ვორჩესთერში” გადასვლით. რამდენიმე წლის განმავლობაში, ტოპ-14-ში ვასპარეზობდი და მიმაჩნია, რომ “ავივა პრემიერშიფში”, სადაც ევროპის საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ მომიწევს თამაში, თავს უკეთ გამოვავლენ“, - განაცხადა ჯაბა ბრეგვაძემ. მან ასევე დასძინა: “დინ რაიანი და “ვორიორსის” სამწვრთნელო შტაბი საუცხოო გუნდს აშენებენ და ერთი სული მაქვს, მათ როდის შევუერთდები“.

ტრანსფერს გამოეხმაურა კლუბის მთავარი მწვრთნელ დინ რაიანიც: “ჯაბა საკმაოდ გამოცდილი, ელიტური დონის მორაგბეა, რომელიც ჩვენს გუნდს ნამდვილად დიდ ძალას შემატებს. მსოფლიო თასზე მისი თამაში ძალიან შთამბეჭდავი იყო და ჩვენს კლუბში ბრეგვაძის ჩარიცხვით, აღფრთოვანებული ვართ. იგი კვაჭის პოზიციაზე გუნდში ნამდვილად დიდ კონკურენციას შექმნის“.

0.113685