ფეხბურთი

19:20 | 27.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: “სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, დიდ ტურნირზე მალე ვითამაშებთ”
"არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, ერთს ვიტყვი, რომ მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო ნაკრებისთვის"

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და პორტუგალიური “ფეირენსეს” მეკარე გიორგი მაკარიძე მშვენიერი სეზონს ატარებს. გიორგიმ მიმდინარე თვეში საკუთარ გუნდს პენალტების სერიაში ორჯერ მოაგებინა და პორტუგალიის თასის შემდეგ ეტაპებზე გაიყვანა. 25 წლის მეკარე კარგად გამოიყურება სეგუნდა ლიგაშიც, სადაც მისი გუნდი მე-10 ადგილს იკავებს, თუმცა მხოლოდ 1 წაგება აქვს და პოზიციამდე, რომელიც პრიმეირა ლიგაში თამაშის უფლებას მოუპოვებს, მხოლოდ 3 ქულა აშორებს (უმაღლესი ლიგის სარეზერვო კლუბებს პრიმეირაში გადასვლის უფლება არ აქვთ).

მაკარიძის კარგი თამაში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კახა ცხადაძეს არ გამორჩენია და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებში დააბრუნა. “ფეირენსეს” მეკარეს ცხადაძის ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, თუმცა დიდი შანსია, რომ მას ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება, რადგანაც ნაკრების ორივე ძირითადი კიპერი ამ მომენტისთვის სათამაშო პრაქტიკის გარეშეა დარჩენილი, ხოლო გიორგი პირიქით შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

მაკარიძემ მიმდინარე სეზონში "ფეირენსეს" რიგებში 13 შეხვედრა ჩაატარა და 14 გოლი გაუშვა. მას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 2007 წელს ჰქონდა და მას შემდეგ "ჯვაროსანთა" კარი 5-ჯერ დაიცვა.

worldsport.ge ქართველ მეკარეს პორტუგალიაში დაუკავშირდა და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. მაკარიძემ ბევრ რამეზე ისაუბრა და რასაკვირველია, საქართველოს ნაკრებზეც. მისი თქმით, ეროვნული გუნდი სწორ გზას ადგას და დარწმუნებულია, რომ მალე “ჯვაროსნები” დიდ ტურნირზე ითამაშებენ.

მაკარიძის გუნდმა გუშინ “ბენფიკას” სარეზერვო გუნდს მოუგო (2:1) გასვლაზე და საუბარიც სწორედ ამით დავიწყეთ.

- პირველ ყოვლისა გუშინდელ გამარჯვებას გილოცავთ "ბენფიკასთან", მოდი ქართველ გულშემატკივარს უფრო ახლოდან გააცანი "ფეირენსე".

- მადლობა. "ფეირენსე" მეორე ლიგის ამბიციური გუნდია, ჩვენი მიზანი უმაღლესში გადასვლაა. ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს ამ გუნდში.

- მიუხედავად იმისა, რომ მე-2 ადგილოსან "პორტიმონენსესთან" ერთად ყველაზე ცოტა მარცხი გაქვთ, ამ მომენტისთვის 6 ქულით ჩამორჩებით მათ, შენი აზრით შეგიძლიათ უმაღლეს ლიგაში გადასვლა?

- რეალურად, სამი ქულაა სხვაობა მეორე ადგილოსანთან, რადგანაც "პორტოსა" და "სპორტინგის" გუნდებს უმაღლეს ლიგაში გადასვლის უფლება არ აქვთ. თან "პორტიმონენსე" არაა ის გუნდი, რომ დიდი ხანი გაჩერდეს მაგ ადგილზე. ჩემი აზრით, "ფეირენსეს" ყველაზე დიდი შანსი აქვს წელს უმაღლესში გადასვლის, "ჟილ ვისენტესტან" და "პენაფიელთან" ერთად . ამ სამ გუნდს შორის იქნება წესით ბრძოლა.

- "ბენფიკასთან" მოგებულ მატჩზე რას იტყვი? ყველასთვის ცნობილია, რომ მათ "პორტოსთან" ერთად უძლიერესი საფეხბურთო სკოლა აქვთ და ბოლო წლებში სარეზერვო გუნდიდან ძალიან ბევრი მოთამაშე გაყიდეს ძლიერ კლუბებში. როგორი კლუბის შთაბეჭდილება დატოვა "ბენფიკამ" და რის ხარჯზე შეძელით მათი დამარცხება?

- გეთანხმები, "ბენფიკასა" და "პორტოს" ძალიან ძლიერი სარეზერვო გუნდები ჰყავთ. დიდი გავლენა იქონია ძლიერმა წვიმამ, ძალიან რთული იყო "ბენფიკასთვის" ბურთის კონტროლი ასეთ ამინდში. მიუხედავად იმისა, რომ ბალახი იდეალური იყო, მაინც უჭირდათ. ორთაბრძოლებში რა თქმა უნდა ჩვენ ბევრად ძლიერები ვიყავით, რადგან ძირითადად 19 წლის ბიჭები ჰყავს "ბენფიკას".

- ჯერ პრიმეირა ლიგის "ბოავიშტასთან", ხოლო შემდეგ "ფამალისაოსთან" პენალტების სერიაში იმარჯვეთ თასზე და ამაში შენი წვლილი უდიდესია. რა გრძნობა გქონდა, როდესაც გაიაზრე, რომ "ფეირენსე" დიდწილად შენი წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპებზე?

- ძალიან სასიამოვნო იყო, გუნდს ერთ კვირაში ორჯერ პენალტების სერიაში გამარჯვებაში დავეხმარე. თან საკმაოდ რთული პერიოდი გვქონდა და აღნიშნული ორი თამაშის მერე, ორივე თამაში მოვიგეთ ჩემპიონატში. ანუ ფსიქოლოგიურად ძალიან დადებითად იმოქმედა გუნდზე თასის მატჩებში გამარჯვებამ.

- მეორე წელია პორტუგალიაში ცხოვრობ, როგორი ქალაქია სანტა მარია და ფეირა და როგორ შეეგუე? საფრანგეთშიც დიდხანს ცხოვრობდი და ისიც გვითხარი, რომელი ქვეყანა გიზიდავს უფრო, რომლის ცხოვრების სტილია შენთვის უფრო მისაღები?

- ღვთისმშობლის სახელი ჰქვია ჩვენ ქალაქს და სასიამოვნოა ჩემთვის. თან გერბი ღვთისმშობელი და იესო აქვს. დანარჩენი მოკლედ რომ ვთქვა, საცხოვრებლად პორტუგალია მირჩევნია საფრანგეთს. თუმცა, სამუშაოდ საფრანგეთი ჯობს. ანუ ვისთვის როგორ, ვის ფული უყვარს და ვის მშვიდ, კარგ ბუნებასა და კარგ ხალხში ცხოვრება (იცინის).

- საკლუბო ფეხბურთზე საუბრიდან სანაკრებოზე გადავიდეთ, რას იტყვი ნაკრების ბოლოდროინდელ თამაშზე? რა შეიცვალა ნაკრებში კახა ცხადაძის მოსვლის შემდეგ?

- ბევრი რამ შეიცვალა, ფეხბურთელებმა ირწმუნეს, რომ ნებისმიერ გუნდთან არათუ შედეგის მიღწევა, არამედ შედეგის მიღწევა კარგი თამაშის თანხლებითაც შეგვიძლია. საკუთარი თამაშის სტილი გვაქვს, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ გუნდთან ჩვენი თამაში ვითამაშოთ. თუ გერმანიასთან შევძელით ჩვენი თამაშით ამდენი მომენტის შექმნა და ალბათ ცოტა მეტიც რომ გაგვმართლებოდა შედეგიც დადებითი იქნებოდა, ანუ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია შედეგის ჩვენება. ვიტყოდი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და დარწმუნებული ვარ, დიდ ტურნირზე ძალიან მალე ვითამაშებთ.

- ბოლო პერიოდში ნაკრების ორი ძირითადი კიპერი ნუკრი რევიშვილი და გიორგი ლორია თავიანთ კლუბებში უთამაშებლები არიან. შესაბამისად, დიდი შანსია, რომ ესტონეთთან მატჩში თავის გამოჩენის საშუალება მოგეცეს. როგორი განწყობით ელი ესტონეთთან მატჩს და თუ ხარ ბოლომდე მზად, რომ ეროვნულის ღირსება კვლავ დაიცვა?

- ჩემი მხრივ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ნაკრებში ვითამაშო. არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი, ერთს ვიტყვი, რომ მზად ვარ მაქსიმუმი გავაკეთო ნაკრებისთვის, დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. რომ ვთქვა მზად ვარ ან არ ვარ, ჩემი მხრიდან არ მიმაჩნია სწორად, რადგან ღმერთის დახმარების გარეშე არავის არაფრის გაკეთება შეუძლია. თუ არაფერი არ გაწუხებს ფეხბურთელს ჯამრთელობის მხრივ, ანუ მზად ხარ ნებისმიერი თამაშის სათამაშოდ.

- მომდევნო შესარჩევის დაწყებამდე დიდი დროა დარჩენილი. თუმცა, ვინ მიგაჩნია ჯგუფის ფავორიტად და ზოგადად მეტოქეებს როგორ დაახასიათებდი დღევანდელი გადმოსახედიდან?

- ძლიერი ჯგუფია, ალბათ ხუთ გუნდს აქვს გასვლის შანსი, თუმცა ზოგ ნაკლები, ზოგს მეტი. ჩემი აზრით, ფავორიტი სერბეთი იქნება მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ჩაატარეს ეს შესარჩევი ციკლი. ვნახოთ, წინასწარ პროგნოზების გაკეთება არაა სწორი. ვპირდები ყველას, რომ ღვთის წყალობით ძალიან მალე დიდ ტურნირზე მოხვდება ჩვენი ნაკრები, თუ ყველაფერი იმ მიმართულებით გაგრძელდება რა მიმართულებითაც მივდივართ.

- გიორგი, რომელია შენი ფავორიტი უცხოური კლუბი და რომელი ჩემპიონატი გხიბლავს ყველაზე მეტად?

- "რომა" და ინგლისის ჩემპიონატი. თუმცა, თუ მოხდა სასწაული და ოდესმე "რომაში" მოვხვდი სხვაგან აღარ გადავალ (იცინის).

- ფავორიტი ფეხბურთელი? ფრანჩესკო ტოტი?

- რა თქმა უნდა! ბატისტუტამ შემაყვარა "რომა" და მერე ტოტი.

- როგორც ვიცი "ფეირენსესთან" მოქმედი კონტრაქტი სეზონი დასრულებისთანავე გეწურება. გეგმავ ახალი კონტრაქტის გაფორმებას, თუ სხვაგან წასვლა გსურს?

- მოდი ეს უპასუხოდ დავტოვოთ. არავინ იცის რა მოხდება მომავალში, მხოლოდ აწმყოზე ვარ კონცენტრირებული!

0.115173