ფიფა-ს საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი იბრძოლებს. გუშინ განაცხადების შეტანის ბოლო ვადა გახლდათ და კანდიდატებად უეფა-ს პრეზიდენტი მიშელ პლატინი, ფიფა-ს გენერალური მდივნის ექს-თანაშემწე ჟერომ შამპანი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ-ჰუსეინი, აზიის საფეხბურთო კონფედერაციის თავმჯდომარე სალმან ალ-ხალიფა, ტრინიდადის და ტობაგოს ნაკრების ექს-კაპიტანი დავიდ ნახიდი, სამხრეთაფრიკელი ბიზნესმენი ტოკიო სექსვალე, ლიბერიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტი მუსა ბილიტი და უეფა-ს გენერალური მდივანი ჯანი ინფანტინო დარეგისტრირდნენ.
ბრძოლას ბოლო წამს ჩამოშორდა ჩონ მონ-ჩჟუნი. სამხრეთ კორეის საფეხბურთო ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი ეთიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით საფეხბურთო ბატალიებს მიღმაა გარიყული და როგორც სჩანს, საპროცედურო ომის წამოწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
შეგახსენებთ, რომ ზეპ ბლატერის გადადგომის შემდეგ დანიშნული რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 2016 წლის 26 თებერვალს გახლავთ დაგეგმილი.