მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში დასრულებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ჭადრაკში, ჩემპიონის ტიტული საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა კლუბმა "ნონამ" მოიპოვა.
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ნაკრების წევრებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად, 26 ოქტომბერს სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა. შეხვედრას ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საჭადრაკო ოლიმპიადებისა და მსოფლიო ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული ნონა გაფრინდაშვილი ესწრებოდნენ.
ქართველმა მოჭადრაკეებმა შვეიცარიული სისტემით გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, სადაც 12 კლუბი მონაწილეობდა, 7 ტურში ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს და ქულათა მაქსიმუმი - 14 ქულა მოაგროვეს.
ბოლო, მე-7 ტურში "ნონამ" ბელარუსის კლუბი "ბოსა ნოვა" 3:1 დაამარცხა, მანამდე კი ქართველმა ქალებმა იტალიის, რუსეთის (3), მაკედონიისა და ჰოლანდიის კლუბები დაამარცხეს. ევროპის ჩემპიონატზე მე-2 ადგილი მაკედონიის გუნდმა "გამბიტმა" დაიკავა, მე-3 ადგილზე კი რუსეთის წარმომადგენელი "უგრა" გავიდა.
აღსანიშნავია, რომ "ნონა" ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ ამ გამარჯვებით, ჩვენმა "ოქროს" გუნდმა ზედიზედ მე-15 მატჩი მოიგო, თუ მსოფლიო ჩემპიონატში მოგებულ შეხვედებსაც გავითვალისწინებთ.
"ნონა" ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ბელა ხოტენაშვილი, ნინობაციაშვილი, ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და მირანდა მიქაძე (მწვრთნელი - დავით ჯოჯუა,კაპიტანი - მარიკა ჯაფარიძე).
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური