საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ბოლო მატჩი მოლდოვასთან ფრედ (2:2) დაასრულა, რაც მარცხის ტოლფასი აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მოლდოვაში მიმდინარე ტურნირის ბოლო ტურის წინ, მასპინძელთა და საქართველოს ნაკრებებს 6-6 ქულა გააჩნდათ, ბურთების უკეთესი სხვაობა კი მოლდოველებს ჰქონდათ.
შესაბამისად, ფრე ხელს მასპინძლებს აძლევდათ და მიზანს სწორედ მათ მიაღწიეს, რისი წყალობითაც ძირითადი რაუნდის საგზურიც მოიპოვეს.
არადა, ქართველ ფეხბურთელებს მოგება ნამდვილად შეეძლოთ. მართალია, ისინი 2 ბურთის სხვაობით ჩამორჩნენ, თუმცა, კაკაბაძემ და ტიკურიშვილმა წონასწორობა აღადგინეს, ბოლო წუთებზე კი სტუმრებს კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ.
პირველი საკვალიფიკაციო რაუნდი მოლდოველთა გარდა, შვედეთმა, საფრანგეთმა, ლატვიამ, ინგლისმა და ფინეთმა დასძლიეს და 10-13 დეკემბერს ძირითად რაუნდში ბრძოლას სწორედ ისინი განაგრძობენ.