საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ამავე ასაკობრივ ჯგუფში ევროპის მოქმედი ჩემპიონი ბექა ღვილიაშვილი (90 კგ) ავიდა.
მსოფლიოს ოქროს გზაზე ღვინიაშვილმა ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და ხუთივე იპონ-იპონ. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, სამხრეთკორეელ ტაე ჰუ კიმთან დაჭიდებით და წუთსა და 24 წამში შებოჭვით იმარჯვა. ფინალამდე ბექამ კიმის გზას ირანელი ჰამიდ რაშიდი, პოლონელი რაფალ კოზლოვსკი და გერმანელი დავიდ ტეკიჩი გაუყენა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს აჯობა.
ბექა ღვინიაშვილმა 21-წლამდელთა შორის წლეულს მხოლოდ ორ შეჯიბრებაზე იჭიდავა: ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ორივეზე ყველა კონკურენტზე ერთი თავით მაღლა იდგა. შეგახსენებთ, მან ანალოგიური შედეგი 2013 წელსაც აჩვენა.
დღესვე ვაჟთა შორის, მედლები 81 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც გათამაშდა და საქმეში საქართველოს ნაკრების წევრები კობა მჭედლიშვილი და ლევან გუგავაც ჩაერთნენ, მაგრამ საპრიზო სამეული მათ გარეშე შეივსო. მჭედლიშვილმა ჩემპიონატი ალჟირელი უსამა ჰაბრის იოლად ძლევით გახსნა და მეორე წრეში მონღოლ ბატერდენე ბანდიხუუსთან დამარცხდა. გუგავა კი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და ტაჯიკ აკმალ მუროდოვს უილეთო შეხვედრაში ორი შიდოს უპირატესობით გასცდა. შემდეგ კი, მოულოდნელად, კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალეშთან ერთი შიდოთი წააგო და მსოფლიო პირველობას მერვედფინალიდან გამოეთიშა.
ხვალ ჩემპიონ-პრიზიორები ვაჟთა ორ უმძიმეს წონით კატეგორიაში – 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს დროშის ქვეშ იჭიდავებენ ჯაბა მუმლაძე (100 კგ) და ევროპის მოქმედი ჩემპიონი გურამ თუშიშვილი (+100 კგ).