მიუნხენის “ბაიერნმა” “კიოლნი” გერმანიის ჩემპიონატის მეათე ტურში 4:0 დაამარცხა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ბუნდესლიგაში მე-1000 გამარჯვება მიითვალა.
გერმანიის ჩემპიონატში “ბაიერნს” 1714 ჩატარებული მატჩი მოუგროვდა. მეორე ადგილზე 741 მოგებით “ვერდერია”. ბრემენელებს მიუნხენელებთან შედარებით 26 მატჩით მეტი აქვთ ჩატარებული. მესამე ადგილზე კი “ჰამბურგია” – 721 მოგება 1774 მატჩში.
პეპ გვარდიოლას გუნდმა წინა თავისივე მიღწევა გააუმჯობესა და ბუნდესლიგაში სეზონის სტარტიდან ზედიზედ 10 მატჩი მოიგო.
კიდევ ერთი რეკორდი – მიუნხენელებმა მიმდინარე სეზონში 33 გოლი გაიტანეს და 10 ტურში ამდენი გოლი არავის გაუტანია. წინა შედეგები თავად “ბაიერნს” (1976/77) და “აინტრახტს” (1974/75) ეკუთვნით – 32 გოლი.
ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ისტორიაში ჩემპიონატის სტარტიდან ზედიზედ 10 მოგება “მანჩესტერ იუნაიტედს” (1985/86) და “რომას” (2013/14) აქვთ. რეკორდსმენი კი “ტოტენჰემია”. ლონდონელებმა 1960/61 წლების სეზონში 11 შეხვედრა მოიგეს.
“ბაიერნი” “აინტრახტს” სტუმრად 30 ოქტომბერს ბუნდესლიგის მომდევნო ტურში დაუპირისპირდება. მიუნხენელებს შანსი აქვთ ინგლისური გუნდის მიღწევა გაიმეორონ, შემდეგ კი გააუმჯობესონ კიდეც.