რაგბი

16:18 | 23.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოური რაგბი შველას საჭიროებს

მსოფლიო თასის ნახევარფინალები კარს მოგვადგა. შაბათსა და კვირას ინგლისური რაგბის სახლად წოდებული ‘თვიქენჰემი’ პირწმინდად სახმრეთულ ნახევარფინალებს უმასპინძლებს - შაბათს (19:00) ახალი ზელანდია ერკინება სამხრეთ აფრიკას, ხოლო კვირას (20:00) არგენტინასა და ავსტრალიას შორის გაირკვევა მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა. ბევრ ევროპულ ნაკრებს ჰქონდა იმედი და პრეტენზია, რომ 31 ოქტომბერს ‘ვებ ელისის’ თასი აეწია, მაგრამ ყველას სამხრეთელებმა აჯობეს, რომლებმაც ჩრდილოელთა იმედებს საბოლოოდ მეოთხედფინალურ ეტაპზე დაუსვეს წერტილი

წლევანდელი ტურნირის აღმოჩენა, რომ მეორე დონის ქვეყნების საუცხოო თამაში იყო, ამაზე ბევრი თქმულა, მაგრამ ერთპიროვნულად ყველა სპეციალისტი იმაზე თანხმდება, რომ ‘ინგლისი 2015’-ის ერთ-ერთი იმედგაცრუება და შოკი, სწორედ მასპინძელი ინგლისის ჯგუფში ჩარჩენა იყო. ამაზე და ჩრდილოური რაგბის წარუმატებლობაზე ინგლისურმა გამომცემლობა ‘დეილი მეილმა’ სერ ქლაივ ვუდვორდის, ინგლისის ყოფილი მთავარი მწვრთნელის სტატია, რომლის თაოსნობითაც 2003 წელს ინგლისმა მსოფლიო თასი მოიპოვა. გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს (წყარო).

  • რაგბის მსოფლიო თასის არცერთი ნახევარფინალისტი არაა ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან
  • ექვსი ერის ტურნირმა უნდა შემოიღოს ჩანაცვლების სისტემა და ფლეიოფი
  • რაგბის არსია სისწრაფე, სივრცე და ფიზიკური ჯანი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ზედმეტად ვამახვილებთ ყურადღებას ამ უკანასკნელზე
  • სელექცია კვლავინდებურად დიდ პრობლემას წარმოადგენს; ამ კუთხით უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ შვიდკაცა
  • ბურთით სირბილი არაფრის მომტანია, ლაღად ბურთაობას კი მსოფლიოს დამარცხება შეუძლია
  • ბრიტანულმა რაგბის კავშირებს ზოგადი სიტუაციის დანახვისა და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება მართებთ

პირველად ხდება ისე, რომ მსოფლიო თასის ნახევარფინალებს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებიდან ვერცერთმა გუნდმა ვერ მიაღწია. რა არის ეს - შემთხვევითი მოვლენა თუ დაღმასვლა?

ინგლისი ქვეჯგუფების სტადიაზევე გამოეთიშა ტურნირს, საფრანგეთი ისე გამოვარდა, ერთი ხმის ამოღებაც ვერ მოახერხა. შოტლანდიელები კიდევ დიდხანს გააგრძელებენ მსაჯების ლანძღვას, ირლანდია და უელსი კი ტრავმებზე და უიღბლობაზე იწუწუნებს, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყოველი მათგანი დამარცხდა იქ, სადაც გამარჯვებას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

მართალი გითხრათ, უელსის ნაკრები ძალიან მომწონს, ისინი მთელი ტურნირის მანძილზე მაოცებდნენ. სამხრეთ აფრიკასთან თამაშის დროს სასწაულები აკეთეს.

დასანანია, რომ ამდენი მოთამაშე დაუშავდათ, კარგი იქნებოდა, თუნდაც სქოთ უილიამსი და ჯონათან დევისი მწყობრში დარჩენილიყვნენ, იმიტომ რომ სამხრეთ აფრიკა თავისი ერთფეროვანი თამაშით დიდად არ განსხვავდება ექვსი ერის მონაწილე ნაკრებებისგან.

ყველაზე დიდ გაუგებრობაში ალბათ ირლანდია მოხვდა. ეს გუნდი საგრძნობლად გაიზარდა ჯო შმიტის წყალობით და შესანიშნავად გამოიჩინა თავი საფრანგეთის წინააღმდეგ, მაგრამ არგენტინის საოცრად დინამიურმა თამაშმა ისინი გაანადგურა.

შოტლანდიასაც ძალიან შაეტყო ვერნ ქოტერის ხელი - ორი წლის წინ ასეთ თამაშზე ვერც კი იოცნებებდნენ.

საფრანგეთი და ინგლისი ცდილობდნენ საკუთარი "მე"-ს პოვნას, ან თუნდაც ყველაზე შესაფერისი თამაშის სტილის შერჩევას; ახლა ორივე ნაკრები ერთგვარ გზაჯვარედინზე დგას.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ძალიან საშიშია თვალების დახუჭვა იმ ფაქტზე, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან არცერთი გუნდი არ იქნება წარმოდგენილი ნახევარფინალებში. ამას რომ თავი დავანებოთ, ბოლო რვა მსოფლიო თასში ჩრდილოელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვება.

ყოველივე ამის მიჩუმათება და შემდეგი ექვსი ერისთვის მზადება შეცდომა იქნებოდა, იმიტომ რომ არგენტინა, ავსტრალია, ახალი ზელანდია და სამხრეთ აფრიკა კიდევ უფრო გაძლიერდებიან.

არც ახალი ზელანდიის ან სხვა ნაკრების მიბაძვა ივარგებს. მე პირადად ეს ყველაზე მეტად მეზიზღება - მიმბაძავი თავის მაგალითზე უკეთესი ვერასდროს გახდება. აქ სულ სხვა რამე ხდება - მემგონი ჩვენ დაგვავიწყდა ის მარტივი პრინციპები, რომლებზეც რაგბის თამაშია აგებული.

რაგბის ქვაკუთხედებია სისწრაფე, სივრცე და ფიზიკური ჯანი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ჩვენ ზედმეტად ვართ გატაცებული ამ უკანასკნელით. შესაბამისად, რამდენიმე პრობლემაა გადასაწყვეტი.

პირველ რიგში - ფიტნესი, ფიზიკური ფორმა. ბოლო დროს ბევრს ლაპარაკობენ რთულ ფიტნეს-შეკრებებზე და ირწმუნებიან, რომ მოთამაშეებმა სულ სხვა დონეს მიაღწიეს. ინგლისსა და საფრანგეთს რაც შეეხება, დიდად არაფერი დაეტყოთ ასეთი ვარჯიშისა.

ორივე გუნდი მძიმე და ნელი ჩანდა. ღონიერები იყვნენ, ამას ვერ წავართმევ, მაგრამ უკვე დიდი ხნის ჩავლილია ის დრო, როდესაც უხეშ ძალას რაიმე უპირატესობა მოჰქონდა. ინგლისიც იგივენაირად გამოიყურებოდა თავის თამაშებზე. უელსის და შოტლანდიის ფიზიკური მომზადების დონე გამორჩეულად კარგი იყო, ისინი სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებს უახლოვდებოდნენ.

მეორე პრობლემაა ტექნიკა და უნარები. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არიან ძალიან კარგი ტექნიკის მქონე მოთამაშეები, მაგრამ ისინი ხშირად ვერ პასუხობენ არსებულ მოთხოვნებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ავანტიურისტის რეპუტაცია დაუმკვიდრდათ ან - ღმერთმა არ ქნას - საფრანგეთში მოთამაშე ინგლისელები თუ არიან.

ექვსი ერის მონაწილე ნაკრებებში ტექნიკური მოთამაშეები არიან, მაგრამ ისინი ყველა საჭირო უნარს ნამდვილად არ ფლობენ.

ყველა ახალზელანდიელი ბრწყინვალე მობურთავეა; ავსტრალია და არგენტინა მათ დიდად არ ჩამორჩებიან. არგენტინის ყველა ლელო მაღალი კლასის ნამუშევარი გახლდათ.

საფრანგეთის წინააღმდეგ თამაშში, ახალზელანდიელი მეორე ხაზის ფორვარდი ბროდი რეთალიქი ბურთაობით დენ კარტერს არ ჩამოუვარდებოდა. ყველას არ ვთხოვ რაქიდან ბურთის სუფთად გამოტანას, მაგრამ ხარისხიანი და სწრაფი პასის გაკეთება ხომ უნდა შეგეძლოს... ან ისეთი სახე მაინც მიიღე, ხალხმა იფიქროს რომ პასის გადაწოდება გინდა...

რაგბის ერთერთი პრინციპია გარღვევისთვის სივრცის მონახვა, რაც ჩვენ საერთოდ დავიწყებული გვაქვს. რაგბის სასწავლად ახალმოსულ ბავშვებს ხშირად უმეორებენ ხოლმე ძველ გამოთქმას: „აცადე ბურთს, თვითონ იზამს ყველაფერს". მაგრამ ახლა ჩვენს ელიტურ მოთამაშეებს სჭირდებათ ამის შეხსენება.

ჩვენ ზურგი ვაქციეთ შვიდკაცას, როგორც სანაკრებო კანდიდატებისთვის ბურთის ფლობის ტექნიკის დახვეწის გზას. ამჟამად ჩვენი შვიდკაცა ნაკრები მხოლოდ შვიდკაცას მოთამაშეებს ზრდის.

ზელანდიის, არგენტინის და ავსტრალიის ნაკრებები სავსეა ისეთი მორაგბეებით, რომლებმაც კარიერის დასაწყისში თითო სეზონი მაინც ითამაშეს შვიდკაცა ნაკრებებში.

საბაზო სელექციაც ისევ დიდ პრობლემად რჩება - ამ კუთხით ინგლისი და საფრანგეთი ყველაზე მეტს აშავებენ. უკვე მერამდენედ დავინახეთ, რომ მსოფლიო თასის მოგება შეუძლებელია მძიმე, ჯანიანი უკანა ხაზით და დაცვაზე ორიენტირებული გამთამაშებლებით.

არ მიყვარს გამოთქმა "ბურთიანი მოთამაშე", რომელსაც ასე ხშირად იმეორებენ. ეს ავალდებულებს მორაგბეს გაიქცეს სულ პირდაპირ და მთელი ძალით დაეტაკოს მეტოქეს. ბურთიანი მოთამაშე გამარჯვების მომტანი არაა, მოგება მობურთავეს შეუძლია.

დააკვირდით არგენტინის 10 და 12 ნომრებს ნიკოლას სანჩესს და ხუან მარტინ ერნანდესს, ავსტრალიელ ბერნარდ ფოლის და მეთ იტოს, ახალზელანდიელ კარტერს,მაა ნოუს, კონრად სმითს, სონი ბილ უილიამსს და მათნაირებს.

ყოველი მათგანი აკეთებს შესანიშნავ პასებს, ფიქრობს, შეუძლია რაქიდან ბურთის გამოტანა და მიწოლაც, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დანარჩენი უნარების გამოყენებაში ეხმარება.

მე რაგბი ლიგის დიდი გულშემატკივარი ვარ. სხვათა შორის, ჩემს შტაბში დაცვის მწვრთნელად ფილ ლარდერის დანიშნვამ ინგლისს 2003 წელს გამარჯვება მოუტანა. მაგრამ ჩვენ, ჩრდილოელები ზედმეტად დამოკიდებული ხომ არ გავხდით ცამეტკაცას მწვრთნელების შეხედულებებზე?!

სასაცილოა, მაგრამ ცამეტკაცაში პასაობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე თხუთმეტკაცაში, სამაგიეროდ ისინი იძულებულნი არიან დაცვაზე აიღონ ორიენტაცია და ეს მომენტი ნელ-ნელა იპარება თხუთმეტკაცა გუნდების შეტევის სტილში და სელექციის პრინციპებში. წონასწორობისთვის შეტევის სპეციალისტებია საჭირო.

ერთი კითხვაც მიჩნდება: რატომ გრძელდება დაპირისპირება საკლუბო და სანაკრებო რაგბს შორის?

ზეპური რაგბის ყველა კლუბი სანაკრებო რაბისკენ ისწრაფვის, აქ კი მუდმივი დაძაბულობაა ფრანგული კლუბების მეპატრონეებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არა მგონია ინგლისის რაგბის კავშირს და ინგლისის პირველობის კლუბებსაც ძალიან გულზე ეხატებოდეთ ერთმანეთი.

შარშან ხომ ყველამ დავინახეთ, პრემიერშიპის კლუბებმა როგორ არ დააყენებინეს ინგლისს ძლიერი შემადგენლობა ზელანდიის წინააღმდეგ. ეს ყოვლად მიუღებელია. ინგლისურ პროფესიულ რაგბში 13 გუნდი უნდა მოიაზრებოდეს: პრემიერშიპის 12 გუნდი დ ეროვნული ნაკრები. და ყველამ ერთიანი ძალისხმევით უნდა იმუშაონ საერთო, მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბებული მიზნის მისაღწევად.

ელიტურ რაგბში ექვსი ერი უმძლავრესი ფინანსური ძალაა, მაგრამ წმინდა სარაგბო თვალსაზრისით ეს ტურნირი სტაგნაციას განიცდის. ის აღარაა ისეთი სწრაფი ან ინოვაციური, როგორც სხვა თანამედროვე შეჯიბრები. ექვსი ერი კვლავინდებურად მნიშვნელოვანი და სანახაობითია, მაგრამ სარაგბო კუთხით ცოტათი მდარე ხდება.

ექვსი ერის ტურნირმა ბონუს-ქულების სისტემა უნდა შემოიღოს. ბონუს-ქულები ყველა ქვეყნის შიდა ჩემპიონატში გამოიყენება და მსოფლიო თასზეც კი. ბონუს-ქულები პოზიტიური მოტივაციაა დამატებითი ქულების მოსაპოვებლად - გუნდს უჩნდება სურვილი გაიტანოს ოთხი და მეტი ლელო, ან იბრძოლოს წაგებული თამაშის გადასარჩენად და შვიდზე ნაკლები ქულით წასაგებად.

ამასთანავე, რატომ არ უნდა შემოვიღოთ ექვს ერში სეზონის დასკვნითი ფლეიოფი ევროპის ერთა თასის ჩემპიონის წინააღმდეგ და ანაცვლება-ჩანაცვლების პრინციპი?

ჩრდილოეთური რაგბის კარები არ უნდა იყოს ჩაკეტილი, ჩვენ არ უნდა ჩავახშოთსაქართველოს, რუმინეთის, თუ სხვა მზარდი სარაგბო ერების ამბიციები.

არსებულ სიტუაციაში, ჩვენ თითქმის მივაღწიეთ იმ ზღვარს, როდესაც ხდება სხვათა ამბიციების დაბლოკვა და უსაფრთხოების ზომების მიღება იმათთვის, ვინც ვეღარ დგას მოწოდების სიმაღლეზე.

ექვს ერს თავი რომ დავანებოთ, საშემოდგომო ტესტები არ იძლევა სამხრეთელთა ძალების სათანადოდ შეფასების საშუალებას, რადგანაც მათი ნაკრებები ევროპაში დაღლილები ჩამოდიან. ჩვენ ასევე უნდა მოვახერხოთ სამხრეთში ჩასვლა დასვენებული სპორტსმენებით, კარგი შემადგენლობით და გაცილებით უკეთესი მომზადებით.

ჩვენ უნდა ჩავიდეთ სამხრეთში ჩვენებური რაგბით და თანდათან დავიწყოთ მოგება. ბოლო დროს ზედმეტად ვეგუებით სამხრეთ ნახევარსფეროში მიღებულ წაგებებს. მგონი ნაკრებების თამაშზე მეტად ის უფრო გვაინტერესებს ‘ლომები’ როგორ იასპარეზებენ სამხრეთ ნახევარსფეროში - ეს ხომ სრული აფსურდია.

ბრიტანულმა რაგბის კავშირებმა უკეთ უნდა გაიზარონ ზოგადი სიტუაცია და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ერთმანეთთან. ჩვენ ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ვზეიმობთ ‘ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების’ შეკრებას, მაშ უფრო ხშირად რატომ ვერ უნდა გავერთიანდეთ?

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩვენ უკვე ვფაციფუცობთ, რათა მოვლენებს არ ჩამოვრჩეთ, და გაჭირვებით ვცდილობთ 2016 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ჭეშმარიტად კონკურენტუნარიანი ნაკრების შეკრებას.

მოედანზე დამარცხების საფრთხეს რომ თავი გავანებოთ, არა მგონია ვინმეს კარგად გააზრებული ჰქონდეს ოლიმპიური შვიდკაცა როგორ გავლენას მოახდენს თამაშზე, რომ ცვლილებებს სათავეში უნდა ჩაუდგე და არ ჩამორჩე.

მე კვლავინდებურად მწამს ჩრდილოური რაგბის. ნახევარფინალში არგასვლა არ ნიშნავს, რომ ცუდი მოთამაშეები გვყავს - თუმცა, სამწუხაროდ, ეს ნათლად აჩვენებს ჩვენს არსებულ დამოკიდებულებას რაგბის მიმართ.

www.rugby.ge

0.125114