1940 წლის 23 ოქტომბერს დაიბადა პელე (ედსონ არანტეს დუშ ნასიმენტუ). მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ფორვარდი (სიმაღლე: 173 სმ). ბრაზილიის ეროვნული ნაკრების (1957-1971), “სანტოსისა” (1956-1974) და “ნიუ იორკ კოსმოსის” (1975-1977) ყოფილი ფორვარდი და ლიდერი. ასპარეზობა დაიწყო “ბაურუში” (1952-1956). პელე ერთადერთი ფეხბურთელია, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. ეს მან 1958, 1962 და 1970 წლებში მოახერხა. ამასთან, 1958 წელს, შვედეთში გამართულ მუნდიალზე, როდესაც ბრაზილიელებმა პირველად იზეიმეს პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტულის დაუფლება, პელე მხოლოდ 17 წლის იყო. 1962 წელს, ჩილეში ჩატარებულ მსოფლიოს ჩემპიონატს პელე ტრავმის გამო გამოეთიშა, მაგრამ ყვითელმაისურიანებმა მის გარეშეც მოახერხეს გამარჯვება და საპატიო თასის ზედიზედ მეორედ დაუფლება. უკვე 1970 წელს, პელე თავისი ქვეყნის ნაკრების ნამდვილ ლიდერად მოევლინა საფეხბურთო სამყაროს და ბრაზილიელებმა დამაჯერებლად გაიმარჯვეს. “სანტოსთან” ერთად პელეს 10-ჯერ აქვს მოგებული პაულისტას ტურნირი, სამჯერ რიო-სან პაულუს ტურნირი. ასევე “სანტოსთან” ერთად, პელემ ორჯერ მოიგო საკონტინენტთაშორისო თასი (1962, 1963), ორჯერ - “კოპა ლიბერტადორესი” (1962, 1963), ხოლო ექვსჯერ - ბრაზილიის თასი. 1977 წელს, პელე “ნიუ იორკ კოსმოსთან” ერთად, ჩრდილოეთ ამერიკის საფეხბურთო ლიგის (NASL) ჩემპიონი გახდა. “სანტოსის” რიგებში მან 412 შეხვედრა ჩაატარა და 470 გოლი გაიტანა, “ნიუ იორკ კოსმოსის” მაისურით 56 მატჩში 31 გოლის გატანა შეძლო, ხოლო ბრაზილიის ეროვნული გუნდში ასპარეზობისას, 92 მატჩში, 77-ჯერ გამოიჩინა თავი. 1970 წელს, პელე მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენად სცნეს, ხოლო 1973 წელს – სამხრეთ ამერიკის უძლიერეს ფეხბურთელად აღიარეს. ფიფამ პელე მეოცე საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. მას ხშირად “ფეხბურთის მეფედ” მოიხსენიებენ. ამჟამად პელე პირადი ბიზნესითა და საზოგადოებრივი საქმიანობითაა დაკავებული. ასევე ის ხშირად მონაწილეობს ფიფასა და სხვა ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ღონისძიებებსა და შოუებში. დიდი როლი შეასრულა რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის უფლების მოპოვების კამპანიის წარმატებით დასრულებაში.







