კალათბურთი

23:05 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 2001 წელს დაბადებულთა ნაკრები ევროპის ლიგაში სათამაშოდ გაემგზავრა

საქართველოს 15-წლამდე კალათბურთელთა ნაკრები 23 ოქტომბერს ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩაერთვება. ნოდარ ქორქიასა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი აღნიშნული ტურნირის პირველ ეტაპს ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს, სადაც 5 მატჩს გამართავს. მომავალ გაზაფხულამდე მთლიანობაში 3 ეტაპი გაიმართება და 15 მატჩის ჯამში გაირკვევა, თუ რომელ ადგილს დაიკავებს საქართველოს ნაკრები.

ევროპის ლიგა გახლავთ საკლუბო ტურნირი, რომელშიც ევროპის წამყვან გუნდებს თავისი ბავშვთა სკოლის წარმომადგენლები გამოჰყავთ და კლასს იმაღლებენ. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ 2001-წლიანთა ნაკრები შეკრიბა და ევროპის ლიგაში გუნდად – საქართველო 2001-ის სახელით გამოჰყავს.

ამ ნაკრებმა გასულ სეზონშიც იასპარეზა ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში, სადაც 32 გუნდში მე-5 ადგილი დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. ქართველებს სერიოზული გამოცდა ელით რიგაში, სადაც სხვა გუნდებთან ერთად მოსკოვის დინამოსა და ცსკა-სთან მოუწევთ ბრძოლა. გთავაზობთ ინტერვიუს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ნოდარ ქორქიასთან, რომელიც მოსამზადებელ პერიოდსა და სხვა დეტალებზე გვესაუბრება.

- როგორ მოემზადეთ ევროპის ახალგაზრდული ლიგის პირველი ეტაპისთვის?

- ჩვენს გუნდს შეკრება ფაქტობრივად არ შეუწყვეტია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში თითქმის ყველა პერსპექტიული მოზარდი გვყავდა გუნდში, სასელექციო მუშაობა არ შეგვიჩერებია და გასულ ზაფხულს და სექტემბერში 30-მდე კანდიდატი გამოვცადეთ. მიმდინარეობდა ვარჯიშები, შემადგენლობა ნელ-ნელა იკვეცებოდა და საბოლოოდ 13 მოთამაშე შევარჩიეთ.

- ახალი პერსპექტიული კალათბურთელები ხომ არ აღმოგიჩენიათ?

- გასული სეზონის ბოლოს არსებული შემადგენლობიდან 1 მოთამაშის გარდა ყველა გვყავს. მხოლოდ ერთია ახალი – ლუკა ხობელია, რომელმაც ლობჟანიძე ჩაანაცვლა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს 13 მოთამაშეა და სხვას არ ავიყვანთ. ახალგაზრდული ლიგა მთელი სეზონი გრძელდება და ის ბიჭები, რომლებიც ახლა ვერ მოხვდნენ გუნდში, სამომავლოდ გამოგვადგებიან.

- როგორი შემადგენლობით მიდიხართ რიგაში?

- გუნდში შემდეგი კალათბურთელები არიან: რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბექაია, გიორგი ჭეიშვილი, ვალერი ჩხიტუნიძე, ლუკა ხობელია, ჯაბა ლაზვიაშვილი, ლაშა მიქელაძე, გიორგი მუზაშვილი, ბიძინა ფეიქრიშვილი, გიგი ტაბაღუა, მიხეილ ზურაბაშვილი, ირაკლი სულხანიშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი.

- რას იტყვით ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში ჩვენს მეტოქეებზე?

- გათამაშების ფორმატის თანახმად, ლიგაში არსებული 16 გუნდი ერთმანეთს შეხვდება. სისტემა შემდეგნაირია: რეგულარულ ჩემპიონატში გაიმართება 3 ეტაპი: 22-25 ოქტომბერს – რიგაში, მომავალი წლის 14-17 იანვარს – ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში და 24-27 მარტს – კაუნასში. თითოეულ ეტაპზე 5-5 თამაში გვექნება, ანუ მთლიანობაში 15 შეხვედრას გავმართავთ.

- გასულ სეზონშიც ხომ 15 მატჩი ითამაშეთ, არადა ლიგაში 32 გუნდი იყო...

- გასულ სეზონში მართლაც 1 ლიგა იყო და გუნდები პირობითად იყვნენ გაყოფილნი 16-16-ად. სწორედ გასული სეზონის შედეგების მიხედვით გაიყო ლიგა. 16-მა საუკეთესომ უმაღლესი ლიგა შეადგინა, ხოლო მომდევნო 16 მეორე ლიგაში გაერთიანდა. ჩვენ, მოგეხსენებათ, 15 მატჩიდან 10 მოვიგეთ და მე-6 ადგილზე გავედით. სუპერლინალში გასვლამდე 1 მოგება დაგვაკლდა.

- ახლა რა იქნება ჩვენი გუნდის მიზანი?

- პირველ რიგში ლიგაში ადგილის შენარჩუნება. გასული სეზონის შედეგის გამეორება დიდი მიღწევა იქნება, რადგან 16 საუკეთესოში მე-5 ადგილზე გასვლა, როცა მეტოქეებად მოსკოვის დინამო, ცსკა, ჟალგირისი, საბონისის აკადემია და სხვა ძლიერი გუნდები გყავს, მეტისმეტად რთულია. პირველ ეტაპზე, რომელიც 22-25 ოქტომბერს რიგაში გაიმართება, ცსკა-ს და დინამოს ვეთამაშებით. ასევე სხვა ძლიერ ბალტიისპირულ გუნდებს. რთული ბრძოლები გველის.

- მოსამზადებელი მატჩები თუ ჩაატარეთ?

- სამწუხაროდ, მხოლოდ 1 სპარინგ-მატჩი გავმართეთ. ჩვენი მეტოქე საქართველოს 2000-წლიანთა ნაკრები იყო. სხვა მატჩების გამართვა ვერ მოხერხდა, რადგან მოთამაშეები საკუთარ გუნდებში იყვნენ დაკავებულნი და საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდნენ. ამის გამო, ვარჯიშებიც არ გვქონია ორჯერადი. ბიჭები დილას ჩემპიონატში თამაშობდნენ, საღამოს კი ვარჯიშები გვქონდა.

- თუ არიან ისეთი პერსპექტიული ახალგაზრდები, რომელთაგანაც ეროვნული ნაკრების წევრები შეირჩევიან?

- ეს ის ასაკია, რომ რთულია წინასწარ განსაზღვრო, თუ ვინ იქნება წარმატებული მოთამაშე. ჯერ ბიჭები პატარები არიან, თუმცა შეიძლება ნებისმიერი მათგანი გახდეს ეროვნული ნაკრების წევრი.

საქართველოს ნაკრების კალენდარი:

23 ოქტომბერი

აუდიენტესი (ესტონეთი) – საქართელო 2001

საქართველო 2001 – რიგა (ლატვია)

24 ოქტომბერი

ტრინტა (რუსეთი) – საქართველო 2001

საქართველო 2001 – ცსკა (რუსეთი)

25 ოქტომბერი

დინამო (რუსეთი) – საქართველო 2001

www.gbf.ge

0.126218