ფეხბურთი

22:51 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

15:1 გიბრალტართან!

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა 2016 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდი გიბრალტართან დიდი ანგარიშით გამარჯვებით გახსნა – 15:1.

ლევან გრიგოლიას შეგირდები A ჯგუფში მასპინძელ მოლდოვასთან, ანდორასთან და გიბრალტართან ერთად მოხვდნენ და საწყის ტურში დაგეგმილი 3 ქულა აიღეს.

ქართველთაგან დუბლის შესრულება ერთბაშად ხუთმა ფეხბურთელმა მოახერხა. ესენი ზურაბ ლუკავა, გია ნიყვაშვილი, ირაკლი თოდუა, გიორგი ტიკურიშვილი და ვახტანგ ჯვარაშვილი არიან.

თითოჯერ გამოიჩინეს თავი მეკარე თორნიკე ბუკიამ, მურთაზ კაკაბაძემ, ლევან კობაიძემ, კახაბერ მაისაიამ და ლაშა სიგუნავამ.

სამწუხარო ისაა, რომ ასეთ სუსტ მეტოქესთანაც კი, ქართველი ფეხბურთელები ნერვების მოთოკვას ვერ ახერხებდნენ, გიბრალტარელთა უხეშობის შედეგად, წყობიდან იოლად გამოდიოდნენ და შესაბამისი შედეგიც მიიღეს.

მატჩის ხორვატმა არბიტრმა წითელი ბარათი ნაკრების კაპიტან დავით ბობოხიძეს უჩვენა, გაფრთხილებები კი ბუკიამ, შოთა ჭანუყვაძემ, ლუკავამ და ნიყვაშვილმა მიიღეს. ისიც ვთქვათ, რომ მსაჯმა გიბრალტარს 2 ფეხბურთელი გაუძევა.

ჯგუფის მე-2 შეხვედრაში მოლდოვამ ანდორას ასევე იოლად სძლია – 7:0. 23 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები ანდორას ეთამაშება, 25-ში კი, დიდი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა საქართველო-მოლდოვას მატჩში გაირკვევა.

ცნობისთვის, პირველ შესარჩევ ეტაპზე 23 ნაკრები ექვს (F ჯგუფში 3 ნაკრებია) ჯგუფშია გადანაწილებული, შემდეგ რაუნდში კი ჯგუფების გამარჯვებულები და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა.

0.106707