“საბურთალოს” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა დანიურ "მიდტიულანდთან" მარცხის (1:2) შემდეგ, პრესკონფერენციაზე საკუთარი შეგირდები შეაქო და წარუმატებლობა გამოუცდელობას დააბრალა. ჭიაბრიშვილის თქმით, მისი გუნდი ასეთი დონის მატჩებს ძალიან იშვიათად მართავს, რაც დღეს ძალიან დაეტყოთ.
“თამაში ისე მიმდინარეობდა, რომ ნამდვილად არ უნდა წაგვეგო. თუმცა, ჩვენი მიზანი ფრეზე თამაში ან უბრალოდ მოგება არ იყო. “საბურთალოს” მიზანი შემდეგ ეტაპზე გასვლა გახლდათ, თუმცა სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით.
ჩვენს გუნდს ძალიან დაეტყო, რომ ასეთ თამაშებს ძალიან იშვიათად მართავს. მსგავსი მატჩები კი, სულ სხვა დონისაა. გაშვებული გოლის შემდეგ, ჩვენი სისტემა აირია და ისე მწყობრად ვეღარ ვიცავდით თავს.
ჩემი ფეხბურთელებით კმაყოფილი ვარ. მათ კარგად ითამაშეს, ხოლო შედეგზე პასუხისმგებელი მე ვარ”
- ნაჩვენები შედეგი უკლასობის ბრალია თუ გამოუცდელობის?
- გამოუცდელობის. ჩემი ფეხბურთელები მაღალი დონის მოთამაშეები არიან, თუმცა გამოცდილება აკლიათ. გარდა ამისა, მათ უმაღლეს ლიგაში თამაშიც უწევთ, რაც ძალიან დამღლელია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემი მოთამაშეებით კმაყოფილი ვარ.
- რა იყო კონკრეტულად თქვენი ბრალი და რაზე იღებთ პასუხისმგებლობას?
- ჩემი ბრალია ის, რომ დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ. ვერ მოვახერხე, ბიჭები აქამდე ისე მომეყვანა, რომ უფრო დასვენებულნი ყოფილიყვნენ და ტრავმები ნაკლებად ყოფილიყო. შემეძლო, უმაღლეს ლიგაში ისინი დამესვენებინა და დღეისთვის უფრო მომზადებულნი მეთამაშებინა, თუმცა, ჩვენთვის ჩემპიონატი უმნიშვნელოვანია, რადგანაც დებიუტანტები ვართ.
- “საბურთალოს” პირველ ნახევარში რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდა, რომლებიც ვერ გამოიყენა. ხოლო მეტოქეს ერთადერთი შანსი შეექმნა, მაგრამ მათ გაიტანეს. რით ახსნით ამას?
- არის დღეები, როდესაც ერთი მეტოქე მეორეს ჯაბნის, თუმცა საპირისპირო შედეგი ფიქსირდება. ასეთი იყო დღევანდელი მატჩი, ჩვენ მომენტების რეალიზაცია ვერ შევძელით, ხოლო მეტოქემ შანსები გამოიყენა და მიზანსაც მიაღწია. მსგავსი რამ მოხდა გუშინ ჩემპიონთა ლიგის მატჩში, სადაც “ბაიერნმა” “არსენალს” აჯობა და ძალიან ბევრი მომენტი შექმნა, მაგრამ ტაბლოზე საპირისპირო შედეგი დაფიქსირდა.