ფეხბურთი

21:54 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალო” ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის განმეორებით მატჩში “საბურთალომ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე “მიდტიულანდი” მიიღო, მინიმალური სხვაობით დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა. თბილისელები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა ეს ანგარიშზე არ აისახა.

“საბურთალოს” ორბურთიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა მართებდა და თავიდანვე აქტიურად დაიწყო.
პირველი სახიფათო მომენტი ქართველ ფეხბურთელებს მე-11 წუთზე შეექმნათ, თუმცა, გურამ გოშთელიანის დარტყმული ოტესენმა ნახტომში მოიგერია.
დანიელ მოთამაშეებს საპასუხო მომენტი შვიდ წუთში ჰქონდათ, მაგრამ ამჯერად ქურდაძემ ივარგა და კირკს არ გაატანინა.
გოლის გატანის მომდევნო შანსი “საბურთალოს” 24-ე წუთზე მიეცა. დანიელთა კარს ბექა ნიკოლაშვილი დაემუქრა, მაგრამ ოტესენმა ამჯერადაც იყოჩაღა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
თბილისელები შეტევას განაგრძობდნენ და 31-ე წუთზე მიზანთა ახლოს კვლავ ნიკოლაშვილი იყო, მაგრამ დანიელი მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე გახლდათ.
გამოუყენებელი მომენტების, გამო ჭიაბრიშვილის შეგირდები დაისაჯნენ და 39-ე წუთზე რასმუს ნისენმა თავური დარტყმით ანგარიში გახსნა - 0:1.
მეორე ნახევარი კვლავ ქართველი მოთამაშეეების შეტევებით დაიწყო და 47-ე წუთზე ხარაიშვილი შორიდან ურტყამდა, თუმცა ოდნავ უმტყუნა მიზანმა.
მომდევნო იერიში გოლით დასრულდა, ოღონდ კვლავ ქართველთა კარში და ორმატჩიანი დაპირისპირების ბედიც გადაწყდა. 53-ე წუთზე მასპინძელთა დაცვა უხეშად შეცდა და მიკაელ ანდერსონს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია.
ქართველები ამის შემდეგაც განაგრძობდნენ შეტევებს. 58-ე წუთზე მარგველაშვილს თავურით შეეძლო გატანა, მაგრამ მანაც ააცილა.
62-ე წუთზე კი, როგორც იქნა ნანატრი გოლი გავიდა - ანგარიში გიორგი ხარაიშვილმა ახლო მანძილიდან შეამცირა.
თბილისელებს ანგარიშის გათანაბრების ყველაზე კარგი შანსი 93-ე წუთზე ჰქონდათ, მაგრამ ხარაიშვილს არ გაუმართლა. ის ძალიან ლამაზ გოლს იტანდა, თუმცა ბურთი ხარიხამ მოიგერია და მეორე შეხვედრაც დანიელმა მოიგეს – 1:2.

საბურთალო – მიდტიულანდი 1:2 (0:1)
თბილისი, “მიხეილ მესხი”
საბურთალო (4-1-4-1): ქურდაძე, მამუჩაშვილი, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, ნადარაია (ლაკვეხელიანი 73), ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი (კოხრეიძე 81), ნიკოლაშვილი (ჩოგაძე 60), გოშთელიანი.
მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი
მიდტიულანდი (4-1-4-1): ოტესენი, ნილოლაიენი, ლაურიტსენი, მანკსგაარდი, ნისენი, გემერი, ანდერსონი (პოულსენი 60), რუტიკანგა, ტიჩოსენი, კირკი (ოლსენი 83), ტომსენი (სტერინგი 68).
მწვრთნელი: კენეტ ანდერსენი

გოლები: 0:1 ნისენი (39), 0:2 ანდერსონი (53), 1:2 ხარაიშვილი (62)

გაფრთხილებები: გოშთელიანი, ალთუნაშვილი – ნისენი
გაძევება: ნისენი (88)
მსაჯი: რაჰიმ ჰასანოვი (აზერბაიჯანი)

0.111556