ფეხბურთი

15:32 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "საქართველო პატარა ქვეყანაა და ყველანაირი რესურსი უნდა გამოვიყენოთ"

"ქართველმა ფეხბურთელებმა ფსიქოლოგიურად საკუთარი თავის ირწმუნეს. მათ დაიჯერეს, რომ ისეთ საშუალო დონის გუნდებთან, როგორიც შოტლანდიაა, მოგება შეიძლება, ხოლო თვით გერმანიის დარ ნაკრებებთან ტოლსწორად თამაშია შესაძლებელი", - ასე შეაფასა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის განვლილი შესარჩევი ციკლი და მისი მოღვაწეობა "ჯვაროსნების" თავკაცის პოსტზე.

ცხადაძემ "მიხეილ მესხის" სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მისივე თქმით, ახლა მთავარი მიზანია მიღწეულზე არ შეჩერდნენ და პროგრესი განაგრძონ.

შეფასება

მალტასთან ამხანაგური და გერმანიასთან შესარჩევის პირველი თამაში ცოტა ქაოსური იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან სამი დღის შეკრებილები ვიყავით და თანაც, სათამაშო სქემა, სტილი შეიცვალა, ფეხბურთელებს კი დრო სჭირდებათ ახალ ტაქტიკასთან შესაგუებლად. მალტელებთან ემოციის ხარჯზე მოვიგეთ. რაც შეეხება გერმანიასთან, თუ მეორე ტაიმს ავიღებთ, იყო რამდენიმე კარგი ეპიზოდი.

ძალიან დადებით შეკრება გამოგვივიდა ავსტრიაში. ამან დიდი როლი ითამაშა ნაკრების პროგრესში. უკრაინასთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და თითქმის ყველა კომპონენტში ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთ. ფეხბურთში ასეც ხდება, შეიძლება მეტოქე დაჩაგრო და მაინც დამარცხდე. რაც შეეხება შემდეგ თამაშს პოლონეთთან, მეორე ტაიმი ძალიან კარგი იყო თუ არ ჩავთვლით მატჩის ბოლო წუთებს. ამ მარცხის გამო პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ, რადგან ჩემს მიერ დაშვებული შეცდომების გამო წავაგეთ.

შოტლანდიასთან მატჩისას კი უკვე მზად ვიყავით გამარჯვებისთვის. ბიჭებმა იცოდნენ, რომ მათ წარმატების მიღწევა შეეძლოთ. თამაშის ხარისხიც კარგი იყო. არ გვიჭირდა დროულად დაცვიდან შეტევაში და პირიქით გადასვლა. ბურთის ფლობაც ჩვენს მხარეს გახლდათ... ერთი სიტყვით ევროპის საშუალო დონის ნაკრებს ყველა კომპონენტში ვაჯობეთ. ირლანდიის თამაშზე ვიტყოდი, რომ პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ მერე დაღლილობა დაგვეტყო. დუბლინის თამაშში მთავარი პრობლემა რაც დავინახე იყო ის, რომ ვერ შევძელით ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეების შეცვლა. ამ მატჩში ჯანო ანანიძე ძალიან დაგვაკლდა. მართალია, ვცადეთ მის პოზიციაზე კაშიას გამოყენება, მაგრამ როგორც ნახეთ, აქედან არაფერი გამოვიდა. საბოლოო ჯამში შედეგი ცუდი იყო, მაგრამ პროგრესი ამ თამაშშიც იგრძნობოდა.

გიბრალტართან დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო და ეს გავაკეთეთ, თანაც ძალებიც დავზოგეთ. გერმანიასთან ბოლო შეხვედრა კი ვფიქრობ, საუკეთესო გახლდათ. მატჩის დასაწყისში მასპინძლებს მომენტები ჰქონდათ და გატანა შეეძლოთ, მაგრამ მეორე ნახევარში ტოლი არაფერში დაუდეთ მსოფლიოს ჩემპიონებს. როცა ანგარიში საყაიმო იყო გატანა ორჯერ შეგვეძლო და ვინ იცის, მერე როგორ წავიდოდა თამაში. გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ თამაშამდე გერმანიას მოტივაცია ჰქონდა, რადგან ევროპის ჩემპიონატის საგზური ჯერ კიდევ ერ გაეფორმებინა.

საერთო ჯამში ჩემთვის მთავარი იყო დამენახა, თუ რაში, სად გვჭირდებოდა უფრო მეტი მუშაობა. მინდა აღვინშო, რომ ფეხბურთელებს რწმენა დაუბრუნდათ. მათ დაიჯერეს, რომ თამაში და მოგება ყველასთან შეიძლება.

სამომავლო მიზნებზე

სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. მოთამაშეებამდე უნდა დავიყვანო, რომ ქართული სენი არ შეეყაროთ და მიღწეულზე არ შეჩერდნენ, თორემ ეს ცუდ შედეგს მოგვიტანს. რაც მთავარია, მათ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნეს და დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდივართ.

სელექცია

ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენივე რესურსი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ირლანდიასთან სწორედ მოკლე სკამის გამო წავაგეთ, რადგან ანანიძის გამოკლება სერიოზული დანაკლისი აღმოჩნდა. გუგა ფალავანდიშვილს დიდ ხანს ვაკვირდებოდით. საქართველოში მის პოზიციაზე მათე ციცნაძესთან ერთად უდავოდ გამორჩეულია. თუ პროგრესს გააგრძელებს ნაკრებში თამაშის შანსი ნამდვილად აქვს. რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს - მოგეხსენებათ, ზაურ სვანაძესთან ახლო ურთიერთობა მაქვს და მასთან ხშირად გავდივარ კონსულტაციებს. ნიკა ძალიან თამამი ბიჭია, მოედანზე ყოველგვარი შიშის გარეშე გადის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გიბრალტართან შეცვლაზე ფალავანდიშვილიც ვათამაშე, მაგრამ უფრო მორიდებულად თამაშობდა და მას დრო სჭირდება, კვეკვესკირს კი ეს დრო არ დასჭირდა.

მე ვესაუბრე უკრაინაში მოთამაშე და იქაური მოქალაქეობის მქონდე თემურ ფარცვანიას (დონეცკის "ოლიმპიკის" 24 წლის მარჯვენა მცველი, - ავტ) და მას საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი აქვს. ჩვენ ამ მხრივაც ვმუშაობთ. თუმცა, ამ ეტაპზე მისი გამოძახებისგან თავი შევიკავეთ და მომავალში ვნახოთ. თანაც, ისეთ პოზიციაზე თამაშობს, სადაც კონკურენცია აუცილებლად გვჭიდება. თავის გუნდში კარგად გამოიყურება ჯაბა ლიპარტიაც, მაგრამ ამ დროისთვის ნაკრები რა ტაქტიკითაც თამაშობს მისი ადგილი ნაკლებადაა. თუმცა შემოდგომისთვის აუცილებლად გვექნება დამუშავებული უფრო შემტევი ტაქტიკა, სადაც ე.წ. ფლეიმიეკერით ვითამშებთ. ამ პოზიციაზე კი ლიპარტია გამოგვადგება. მის გარდა აღნიშნულ ადგილზე თამაში ოქრიაშვილსა და ჭანტურიასაც შეუძლიათ.

ლევან კობიაშვილთან შეხვერდაზე და სამომავლო გეგმებზე

ფეხბურთის ფედერაციის ახალ ხელძღვანელობასთან შეხვედრაზე სამომავლო მიზნები არ შეცვლილა. მომდევნო შესარჩევ ციკლში მინიმუმ მე-3 ადგილზე გასვლა გვინდა. რაც შეეხება სპარინგებს, ჯერ იმ დონეზე არ ვართ, რომ ხელს ვისაც დავადებთ, იმას ვეთამაშებით. 11 ნოემბერს ამხანაგურ თამაშს გავმართავთ და ახლა მეორე სპარინგზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. აუცილებლად მინდა, რომ სფფ-ის პრეზიდენტს ვესაუბრო მაისში ავსტრიაში 10-დღიან შეკრებაზე. აქ ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე ყველა ნაკრები იქნება თავმოყრილი და ჩემი სურვილია, მათთან ორი თამაში მაინც გავმართოთ და დავინახოთ ჩვენი ძალა შესარჩევი ციკლის დაწყებამდე. ადრე სანაკრებო ფანჯარა აგვისტოშიც იყო, მაგრამ ახლა აღარაა და მაისის ბოლოს ამიტომაცაა მნიშვნელოვანი შეკრების გავლა და ძლიერ სპარინგ პარტნიორებთან ძალების მოსინჯვა.

ვფიქრობ, მესამე ადგილზე თუ გავალთ სერიოზული შედეგი იქნება და მინდა ეს ფინანსურად მოტივირებული იყოს, ამის შესახებ ფეხბურთელებს უკვე ველაპარაკე.

თბილისის გარდა სხვა ქალაქებში თამაშებზე

ამ იდეას მივესალმები. საქართველოს ნაკრები მხოლოდ თბილისის არაა და იგი მთელი ქვეყნისაა. თუმცა, სადაც ვითამაშებთ, იქ სტადიონი შესაბამის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. მეტოქეს სასტუმრო, სტადიონი და ის პირობები, რაც იქ იქნება, უნდა მოეწონოს. საუბარი იყო ქუთაისზე, მაგრამ მე როგორც ვიცი, ამჟამად იქ ძალიან ცუდი მინდვრის საფარია და ფეხბურთის თამაში თითქმის შეუძლებელია.

პროგრესი წმინდა სპორტული თვალსაზრისით

ჩვენი მიზანია იმ შედეგის გაუმჯობესება, რასაც მივაღწიეთ. კომბინაციურად უფრო მომატება და ამის დასტაბილურება. მინდა, რომ პრიმიტიულად არ ვმოქმედებდეთ. ფეხბურთელი ბურთს რომ მიიღებს, კომბინაციის გარდა, ორიგინალურადაც უნდა იმოქმედოს.

სანდრო კობახიძეზე

ამ ბიჭის ძალიან დიდი მადლობელი ვარ. გუნდში სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელის ყოლა მწვრთნელისთვის ძალიან დიდი ფუფუნებაა. სანდროს კი ეს შეუძლია. ოღონდ თამაშამდე მახსნევინებს ხოლმე, თუ როგორ უნდა იმოქმედოს. მინდა ვთქვა, რომ თავის შესაძლებლობებში ყოველთვის ცდილობს მაქსიმუმი აჩვენოს. ისე კი, მის ადგილს მარცხენა ან მარჯვენა შემტევ ნახევარმცველად ვხედავ.

შეგახსენებთ, კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ქეცბაია შეცვალა. მისი დებიუტი მარტში, მალტასთან (2:0) ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. აქამდე ცხადაძის ხელმძღვანელობით ჩვენი ქვეყნის მთავარმა გუნდმა 8 თამაში ჩაატარა, რომელთაგანაც 3 მოიგო, ხოლო ხუთჯერ დამარცხდა.

0.116261