ფეხბურთი

15:28 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში ფერნანდო იეროს უმასპინძლა

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სახელგანთქმულ ესპანელ ფეხბურთელს ფერნანდო იეროს უმასპინძლა. მადრიდის „რეალის" ყოფილი ვარსკვლავი თბილისში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.

„ყოველთვის სასიამოვნოა ისეთი ცნობილი სპორტსმენის მიღება, როგორიც ფერნანდო იერო გახლავთ - ის წარმატებული მოთამაშე იყო, შესანიშნავი ფეხბურთელი და ხაზგასასმელია, რომ ამავდროულად, კარგი მენეჯერიც გახლავთ. ყველასთვის ცნობილია, რომ ესპანეთის ნაკრების ბოლოდროინდელი საერთაშორისო წარმატებები მის სახელთანაცაა დაკავშირებული - იერო ხომ წლების განმავლობაში იყო ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი. ჩვენ არაერთ საკითხზე ვისაუბრეთ და არა მხოლოდ საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" შესახებ. მისი ხედვები და გამოცდილება ძალიან საინტერესოა არა მარტო კონკრეტული კლუბის განვითარებისთვის, არამედ, ზოგადად, ჩვენი ფეხბურთის მომავლისთვისაც. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ფერნანდო იეროს მომავალი შეხვედრაც ნაყოფიერი იქნება", - განაცხადა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

„საქართველოში საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს" მოწვევით ვიმყოფები. მოხარული ვარ, რომ მინისტრთან შეხვედრის საშუალება მომეცა - საინტერესო საკითხები განვიხილეთ. ქართულ ფეხბურთზე საკმარის ინფორმაციას ვფლობ და მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გამოცდილება და რჩევები თქვენი ფეხბურთის განვითარებას ხელს შეუწყობს", - განაცხადა ფერნანდო იერომ.

ფერნანდო იერო უეფას ახალგაზრდული ლიგის მატჩსაც დაესწრება თბილისის „საბურთალოსა" და დანიის „მიდტიულანდს" შორის, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება. იერო თბილისში სწორედ „საბურთალოს" მოწვევით იმყოფება.



სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116004