ჭადრაკი

13:13 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრინციპული გამარჯვება რუსულ კლუბთან!

პრინციპული გამარჯვება მოიპოვეს ქართველმა ქალებმა მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში მიმდინარე ევროპის საკლუბო ჩემპიონატის მეორე ტურში!

კლუბმა “ნონამ” 6-საათიანი ბრძოლის შემდეგ ანგარიშით 2.5:1.5 რუსეთის უძლიერესი საკლუბო გუნდი (SHSM LEGACY SQUARE), პრაქტიკულად ქვეყნის ნაკრები დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ რუსი მოჭადრაკეები ყოველთვის გამოირჩეოდნენ დიდი ბრძოლისუნარიანობით და ამტანობით ხანგრძლივი სათამაშო პერიოდის განმავლობაში, მაგრამ გუშინდელ მატჩში ჩვენებურებმა მეტოქე 6-საათიანი ურთულესი ბრძოლის შემდეგ, თავისივე “კოზირით” დაჯაბნეს!

პირველ დაფაზე შავი ფიგურებით მოასპარეზე ნანა ძაგნიძემ რუსეთის წამყვანი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. პარტიაში ნიმცოვიჩის დაცვა გათამაშდა, გუნინამ შუა პარტიაში უზუსტოდ ითამაშა და მეტოქეს უკეთეს დაბოლოებაში გადასვლის შანსი მისცა. ენდშპილში ქართველმა დიდოსტატმა დამაჯერებლად ითამაშა და გუნდს გამარჯვებისათვის მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა.

მეოთხე დაფაზე ეფექტურად გაიმარჯვა ნინო ბაციაშვილმა გამოცდილ ეკატერინა კოვალევსკაიასთან.

ყაიმით დაასრულა შეხვედრა ლელა ჯავახიშვილმა ოლგა გირიასთან დაპირისპირებაში. სამწუხაროდ, მეორე დაფაზე მარცხი განიცადა ბელა ხოტენაშვილმა მსოფლიოს ექსჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკთან პარტიაში.

2 ტურის შემდეგ ქართული კლუბი 4 ქულით პირველობას: მაკედონიის “გამბიტთან” და რუსეთის “უგრასთან” ერთად ინაწილებს.

მომდევნო ტურში ჩვენები მასპინძელთა გუნდს დაუპირისპირდებიან, რომლის რიგებშიც ანტოანეტა სტეფანოვა, ალეკსანდრა გორიაჩკინა, იან შენი, დინარა სადუაკასოვა და მადინა დავლეტბაიევა იცავენ.

0.120004