ფეხბურთი

14:36 | 20.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" "ბაიერნს" რევანშისა და ღირსებისთვის უმასპინძლებს

სამკვირიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის მოყვარულთ ჩემპიონთა ლიგა უბრუნდებათ. დღევანდელი სათამაშო დღის მთავარი მატჩი კი ლონდონში გაიმართება, სადაც “არსენალი” მიუნხენის “ბაიერნის” მასპინძელი იქნება. არსენ ვენგერის გუნდს სიტუაცია გამოსასწორებელი აქვს, და თანაც, გერმანულ გრანდთან რევანში მართებს. “ჩელსი” კიევში “დინამოსთან” გაარკვევს ურთერთობას, ხოლო კატალონიის “ბარსელონა” გადასარევ ხასიათზე მყოფ “ბატეს” ლიონელ მესის გარეშე სტუმრობს.

E ჯგუფი

“ბატე” – “ბარსელონა”

კატალონიის “ბარსელონა” ბორისოვში გამარჯვებას ლიონელ მესის გარეშე ეცდება. როგორც იცით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი დაშავებულია. ისე კი, კატალონელებს საკადრო პრობლემები სხვა არ აქვთ. ბელორუსიის ჩემპიონი აღნიშნულ თამაშს ამაღლებულ განწყობაზე ხვდება, რადგან ჩემპიონთა ლიგის წინა ტურში იტალიური “რომა” დაამარცხა, ხოლო პარასკევს ბელორუსიის ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა და ახლა მთელი ყურადღებას დღევანდელ თამაშზე მიმართავს.

“ბარსელონას” კი ბოლო ორი გასვლით შეხვედრა წაგებული აქვს. “ბლაუგრანამ” ვიგოში, “სელტასთან” და “სევილიასთან” წააგო. ცუდ ფორმაშია გერმანელი მეკარე მარკ ანდრე ტერ-შტეგენი, რომელმაც ამ დროისთვის უკვე მოახერხა და 17 გოლი გაუშვა.

ამ გუნდებმა ერთმანეთში 2011-2012 წლების სეზონში ითამაშეს და მაშინ ესპანელებმა მეტოქეს ორ თამაშში 9 გოლი გაუტანეს.

“ბატეს” ლიდერ ალექსანდრ გლებს 2008-2009 წლებში “ბარსელონასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა მოუგია და ახლა ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება.

“ბატეს” ესპანურ გუნდებთან პირველი რვა მატჩი ზედიზედ წაეგო, სადებიუტო გამარჯვება მხოლოდ გასულ წელს იზეიმა, როცა “ბილბაოს” მოუგო. მათი საშინაო ბალანსი პირინელებთან უარყოფითია: 1 მოგება, 0 ფრე, 8 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ბატე” (4-2-3-1): ჩერნიკი; პოლიაკოვი, დუბრა, მილუნოვიჩი; ნიკოლიჩი, იაბლონსკი; სტასევიჩი, გორდეჩუკი, ვოლოდკო; სიგნევიჩი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რობერტო; მუნირი, სუარესი, ნეიმარი

მსაჯი: მანუელ დე სოუსა (პორტუგალია)

“ლევერკუზენი” – “რომა”

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში უფრო დაძაბულ ბრძოლას ელიან. როცა ქვეჯგუფებში გუნდები გადანაწილდნენ, მაშინ მეორე ადგილის მთავარ მაძიებლებად სწორედ დღევანდელი მეტოქეები შერაცხეს. “რომას” თუ ჯგუფიდან გასვლა კვლავაც სურს, “ბაი არენაზე” მინიმუმ ქულა უნდა აიღოს. ამის გაკეთება კი რთული იქნება, რადგან “ბაიერი” შინ ყველასთვის რთული მოწინააღმდეგეა. “ლევერკუზენმა” ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში რომის მეორე გუნდი, “ლაციო” დაამარცხა. როგორც გერმანელთა თავკაცმა როჯერ შმიდტმა პრესკონფერენციაზე გაიხუმრა, ახლა გავიგებთ, რომელი უფრო ძლიერია, “რომა” თუ “ლაციო”...

ეს გუნდები 2004-2005 წლების სეზონშიც ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინ ჯგუფი გერმანულმა გუნდმა მოიგო, “ჯალოროსი” კი ბოლო ადგილზე გავიდა. რაც შეეხება მაშინნდელ ლევერკუზენულ მატჩს, იგი “ფარმაცევტებმა” 3:1 მოიგეს. დიმიტარ ბერბატოვმა ავტოგოლით “რომა” დააწინაურა, მერე კი როკე ჟუნიორმა, იაცეკ კრჟინოვეკმა და ფრანცამ გაიტანეს. სხვათა შორის, იმ თამაშში მოედნიდან გააძევეს დანიელე დე როსი, რომელიც დღესაც ძირითადში იქნება და იმ თამაშის ერთადერთი მონაწილეა, ვინც დღესაც ითამაშებს. რომაული შეხვედრაში კი ბერბატოვმა უკვე იტალიელთა კარი დალაშქრა, თუმცა ვინჩენცო მონტელას გოლმა თამაში ფრედ დაასრულა.

“ლევერკუზენს” იტალიურ გუნდებთან სახლში აქამდე ჩატარებული 8 მატჩიდან ოთხში უმარჯვია, სამჯერ დამარცხდა, ხოლო ერთხელ ფრედ ითამაშა.

“რომას” ჩემპიონთა ლიგაზე ბოლოს გასვლაზე 2010 წლის ნოემბერში აქვს მოგებული, როცა “ბაზელი” (3:2) დაამარცხა. რაც შეეხება გერმანიაში ბოლო წარმატებას. ეს, 2000-2001 წლებში იყო, როცა “მგლებმა” “ჰამბურგი” 3:0 გაანადგურეს. მაშინ თადარიგში გახლდათ ფრანჩესკო ტოტი, რომელიც დღეს ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

ჯამში კი რომაელებს გერმანიაში უარყოფითი ბალანსი გააჩნიათ: 2 მოგება, 10 წაგება, არცერთი ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი, ვენდელი; ტოპრაკი, კრამერი; ბელარაბი, ჩალჰანოღლუ, მეჰმედი; ჩიჩარიტო

“რომა” (4-3-3): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, რუდიგერი, დინიე; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; სალაჰი, ჯეკო, ჟერვინიო

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

F ჯგუფი

“არსენალი” - “ბაიერნი”

ლონდონის “არსენალს” ლიგაზე საქმე მძიმედ აქვს. ზაგრების “დინამოსთან” და “ოლიმპიაკოსთან” “მეთოფეები” უქულოდ დარჩნენ და ახლა “ბაიერნთან” მოუწევთ გაჯიბრება. არადა, არსენ ვენგერის შეგირდები პრემიერლიგაში გაცილებით უკეთ თამაშობენ. ამოცანის გადაჭრა ინგლისური გრანდისთვის ადვილი არ იქნება, რადგან გერმანიის ჩემპიონი წლეულს შეუჩერებელია. პეპ გვარდიოლას გუნდმა ბუნდესლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც ყველა მატჩი მოიგეს. გარდა ამისა, გასაოცარ ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი. პოლონელმა თავდამსხმელმა ბოლო 7 შეხვედრაში, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე 15 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ “რეკორდმაისტერმა” “ემირეითს სთედიუმზე” ბოლო ორი სტუმრობა გამარჯვებით დაასრულა და ინგლისელებს რევანშიც ასაღები აქვთ.

თავის მხრივ, “არსენალმა” გერმანულ გუნდს 11 წლის წინ მეოთხედფინალში აჯობა, როცა ორი მატჩის ჯამში 3:2 მოუგო.

“არსენალს” გერმანულ გუნდებთან სახლში 10-ჯერ მოუგია, 5-ჯერ წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.

“ბაიერნის” ბალანსი კი ალბიონზე შემდეგნაირია: 5 მოგება, 8 ფრე, 7 წაგება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი; სანტი კასროლა, არტეტა; რემზი, იოზილი, სანჩესი; უოლკოტი

“ბაიერნი” (4-3-3): ნოიერი; რაფინია, ბოატენგი, ხავი მარტინესი, ალაბა; ლამი, ალონსო, ალკანტარა; მიულერი, ლევანდოვსკი, დუგლას კოშტა

მსაჯი: ჩიუნეთ ჩეკირი (თურქეთი)

“დინამო” (ზაგრები) – “ოლიმპიაკოსი”

ბევრისთვის გასაკვირად “დინამოსა” და “ოლიმპიაკოსს” ორი ტურის მერე ჯგუფიდან გასვლის რეალური შანსი აქვთ. ორივე გუნდის აქტივში 3 ქულა აქვს და ორთავემ ეს ქულები “არსენალთან” დააგროვეს. ახლა კი ერთმანეთში შეეცდებიან ქულათა მარაგის შევსებას. აღსანიშნავია, რომ ბერძნებს ზაგრებთან კარგი მოგოგნებები აკავშირებთ. 1999 წელს, სწორედ “მაქსიმირზე” გაინაღდა “ოლიმპიაკოსმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაში, როცა შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

აქამდე “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 4-ჯერ ითამაშა და ოთხჯერვე ჯგუფში ჩარჩა.

ბოლო 48 თამაშიდან კი ხორვატიის საუკეთესო გუნდს ერთადერთი აქვს წაგებული და ისიც, წინა ტურში “ბაიერნთან” წააგო.

“დინამოს” ბერძნულ გუნდებთან საკუთარ მოედანზე უარყოფითი ბალანსი აქვს: 2 მოგება, 1 ფრე, 5 წაგება.

“ოლიმპიაკოსი” ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეჩვიდმეტედ თამაშობს და ყველაზე კარგი შედეგი 1999 წელს აჩვენა, როცა 1/4 ფინალში გააღწია. ბოლო ხუთი გასვლითი მატჩი ლიგაზე პირეოსელებს წაგებული ჰქონდათ, თუმცა უსიამოვნო სერია 3 კვირის წინ ლონდონში შეწყვიტა, სადაც “არსენალს” აჯობა.

გასულ სეზონში კი საბერძნეთის ჩემპიონმა ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა და სტუმრად ჩატარებული ყველა შეხვედრა წააგო.

სავარაუდო შემადგენლობები:

“დინამო” (4-2-3-1): ედუარდო; პივარიჩი, ბენკოვიჩი, მატელი, ტარაველი; სუდანი, ანტოლიჩი; მაჩადო, ფერნანდესი, ადემი; ჰოჯიჩი

“ოლიმპიაკოსი” (4-2-3-1): რობერტო; სალინო, სიოვასი, ელაბდელუი, ბოტია; ფორტუნისი, კამბიასო; როდრიგესი, კასამი, სება; იდიე-ბრაუნი

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

G ჯგუფი

“პორტუ” – “მაკაბი”

G ჯგუფს “პორტუ” ლიდერობს, რომელმაც წინა ტურში “ჩელსი” დაამარცხა და ახლა ჯგუფში ლიდერობის შენარჩუნებას ეცდება. “დრაკონებს” მეტოქე ისეთი ჰყავთ, რომელსაც წესით უნდა აჯობონ, თანაც “დრაგაუზე”. “მაკაბი” ჯგუფის აუტსაიდერად თავიდანვე შერაცხეს და ამ სტატუსს ამართლებს კიდეც. ებრაელებს ჯერჯერობით ქულა არ მოუპოვებიათ.

ბოლოს თელ ავიველები ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში 2004-2005 წლების სეზონში იყვნენ, როცა მეტოქეებად “ბაიერნი”, “იუვენტუსი” და “აიაქსი” ჰყავდა და ტურინელებთან შინ ქულაც მოიპოვეს, ხოლო ამსტერდამელებს მოუგეს, მაგრამ მაინც მე-4 ადგილზე გავიდნენ.

“მაკაბის” აქამდე პორტუგალიაში ერთადერთხელ უთამაშია. 2002-2003 წლების სეზონში, ლიგაზე “ბოავიშტასთან” 1:4 განადგურდა.

“პორტუს” კი ჩემპიონთა ლიგის ბოლო 11 საშინაო თამაშში არ წაუგია (8 მოგება, 3 ფრე).

სავარაუდო შემადგენლობები:

“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; მ. პერეირა, მარტინს ინდი, მაიკონი, მარკანო; რუბენ ნევეში, დ. პერეირა; იმბულა, ანდრე ანდრე, ბრაჰიმი; აბუბაკარი

“მაკაბი” (4-3-3): რაიკოვიჩი; დასა, ტიბი, ბენ ჰაიმი, რიკანი; ალბერმანი, მიტროვიჩი; პერეცი, ბენ ბასატი, ვერმუთი; ზაჰავი

მსაჯი: კლემენ ტურპინი (საფრანგეთი)

“დინამო” (კიევი) – “ჩელსი”

კიევის “დინამო” ჯგუფში “ჩელსიზე” წინაა და უპირატესობის შენარჩუნებას ეცდება. ამისათვის მათ ლონდონელებთან მინიმუმ არ უნდა წააგონ. “ჩელსი” კი თავის მხრივ, თავისი თამაშის ბოლომდე პოვნას ვერაფრით ახერხებს, პრემიერლიგის ბოლო ტურში “ასტონ ვილა” დამაჯერებლად დაამარცხა.

უკრაინულმა გუნდმა გაზაფხულზე ლივერპულის “ევერტონი” 5:2 გაანდურა და ეს ინგლისურ გუნდებთან მისი მეხუთე გამარჯვება იყო. მათ შორის ორჯერ, ინგლისში მოუგიათ.

ჟოზე მოურინიოს გუნდს განსაკუთრებით დაცვის ხაზში უჭირს: “არისტოკრატებმა პრემიერლიგის პირველი 8 მატჩიდან 7 შემთხვევაში მინიმიმ ორი გოლი გაუშვეს. ერთი ხანობა, იმაზეც დაირხა ხმები, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა აქამდე ორჯერ მოუგია, კარისკენ მიუთითებდნენ, თუმცა ჯერჯერობით დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“დინამო” (4-3-3): შოვკოვსკი; დანილო, დრაგოვიჩი, ხაჩერიდი, ანტუნეში; რიბალკა, ველოზუ, გარმაში; გუსევი, იარმოლენკო, კრავეცი

“ჩელსი” (4-2-3-1): ბეგოვიჩი; ასპილიკუეტა, ტერი, ზუმა, ბაბა; ლოფტუს-ჩეკი, რამირესი; ვილიანი, ფაბრეგასი, პედრო; დიეგო კოშტა

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

H ჯგუფი

“ზენიტი” – “ლიონი”

რუსეთის ჩემპიონმა “ზენიტმა” სტარტზე “ვალენსია” და მერე “გენტი” დაამარცხა, რითაც პირადი რეკორდი დაამყარა. აქამდე სანქტ-პეტერბურგელებს ლიგაზე ზედიზედ სასტარტო ორი მატჩი არასდროს მოეგოთ და ახლა “ლიონთან” შედეგის გაუმჯობესებას შეეცდება. “ლიონს” კი თუ ჯგუფიდან გასვლა უნდა უკეთ ათამაშება მართებს. “ლომებმა” პირველ ტურში ბელგიაში ქულა მოიპოვეს, მაგრამ მერე სახლში ესპანურ “ვალენსიასთან” წააგეს და დღევანდელ მეტოქეს მთელი 5 ქულით ჩამორჩებიან.

გასულ სეზონში “ზენიტმა” ფრანგულ “მონაკოსთან” სტუმრად 0:2 წააგო, შინ კი ფრედ ითამაშა. ჯამში მისი საშინაო მონაგარი კი ფრანგულ გუნდებთან ასეთია: 2 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება.

თავის მხრივ “ლიონს” რუსეთში ორჯერ უთამაშია და ორჯერვე ფრედ ითამაშა – 2000-2001 წლების სეზონში “სპარტაკთან”, ხოლო ოთხი წლის წინ ყაზანის “რუბინთან”.

ჯამში რუსულ გუნდებთან “ოლიმპიკს” დადებითი ბალანსი გააჩნია: 2 მოგება, 2 ფრე.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ზენიტი” (4-2-3-1): კერჟაკოვი; ანიუკოვი, ლომბერტსი, გარაი, სმოლნიკოვი; ხავი გარსია, ვიტსელი; დანი, შატოვი, ჰალკი; ძიუბა

“ლიონი” (4-4-2): ლოპესი; მორელი, რაფაელი, იანგა-მბივა, უმიტი; ვალბუენა, ტოლისო, გონალონსი; ფერი; ბიავუ, ლაკაზეტი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

“ვალენსია” – “გენტი”

“ვალენსიამ” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე პირველი საშინაო თამაში წააგო და თავისი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტირება მართებს. მეტოქეც შესაბამისია. “ღამურების” შანსები ბელგიის “ჩემპიონ “გენტთან” გაცილებით ძვირად ფასობს.

2005 წელს, “ვალენსიამ” “გენტი” შინ დავიდ ვილასა და პატრიკ კლუივერტის გოლებით დაამარცხა, მანამდე კი ბელგიაში ჩატარებული მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ეს ინტერტოს თასზე ხდებოდა, რომელიც უკვე აღარ არსებობს.

ოთხი წლის წინ “ღამურებმა” მეორე ბელგიური გუნდი “გენკი” საკუთარ მოედანზე 7:0 გააცამტვერეს. იმ მატჩში ითამაშეს სოფიან ფეგულიმ, დანიელ პარეხომ და პაბლო პიატიმ, რომელბიც დღესაც მოედანზე იქნებიან.

მთლიანი ბალანსი კი ბელგიურ გუნდებთან შემდეგნაირია: 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება.

“ვალენსიელებმა” პრიმერადივიზონის 8 ტურში მხოლოდ 7 გოლი გაიტანეს და შეტევაში თამაშის გაუმჯობესება აშკარად მართებთ.

“გენტს” კი მიმდინარე სეზონში 15 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მხოლოდ ერთი წააგო – “ზენიტთან” სამი კვირის წინ (1:2).

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვალენსია” (4-3-3): ხაუმე; კანსელო, მუსტაფი, სანტოსი, გაია; დანი პარეხო, გომეში, ხავი ფუეგო; ფეგული, პიატი, ალკასერი.

“გენტი” (3-4-3): სელსი; რაფინია, მიტროვიჩი, ნილსენი; მატონი, ნეტო, კუმსი, ასარე; საიეფი, დეპოიტრე, მილიჩევიჩი

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172574
სარეკლამო ადგილი - 99
X x X