მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში სტარტი აიღო ევროპის საკლუბო ჩემპიონატმა ვაჟთა და ქალთა საჭადრაკო გუნდებს შორის.
ქალთა ჩემპიონატში ტიტულს დაიცავს და პირველობისათვის იბრძოლებს ბათუმის “ნონა” შემდეგი შემადგენლობით: ნანა ძაგნიძე (2573), ბელა ხოტენაშვილი (2502), ლელა ჯავახიშვილი (2463), ნინო ბაციაშვილი (2500) და მირანდა მიქაძე (2245).
აღსანიშნავია, რომ ბათუმური კლუბი ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ-სიასაც ლიდერობს 2510 ქულით (მონაწილეთა საშუალო რეიტინგი).
პირველ ტურში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა “ნონამ” დიდი ანგარიშით 3.5:0.5 იტალიური კლუბი ASD CIRCOLO SCACCHI R.FISCHER CHIETI დაამარცხა.
ძაგნიძემ, ჯავახიშვილმა და ბაციაშვილმა, შესაბამისად, მონიკა სოცკოს (2443), ტეა გუეჩის (2110) და ლაურა გუეჩის (2023) აჯობეს, ხოტენაშვილი კი ოლგა ზიმინას (2378) დაუზავდა.
მე-2 ტურში ქართული კლუბის მეტოქე ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი – რუსული SHSM LEGACY SQUARE იქნება, რომლის ღირსებასაც ვალენტინა გუნინა (2529), ალექსანდრა კოსტენიუკი (2525), ოლგა გირია (2464), ეკატერინა კოვალევსკაია (2462) და ალინა კაშლინსკაია (2448) იცავენ.