დანიის სუპერლიგაში ზუსტად ერთთვიანი მშრალი სერია შეწყვიტა მათე ვაწაძემ, რომელმაც “ნორდშიელანდს” 45-ე წუთზე გაუტანა (VIDEO). ეს მათეს მეხუთე გოლია დანიის ჩემპიონატში. ბოლოს კი, 18 სექტემბერს “სონდერიესკეს” კარი დაელაშქრა. ვაწაძის “ორჰუსმა” მეტოქეს 3:0 აჯობა, ხოლო თავად ქართველი ფორვარდი 87-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება დავით სხირტლაძეს, იგი გამარჯვებულთა შორის სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. “ორჰუსს” 12 ტურის შემდეგ 16 ქულა დაუგროვდა და მეექვსე პოზიციას იკავებს.
გერმანიის II ბუნდესლიგაში კვლავ წააგო გიორგი ჭანტურიასა და ლაშა დვალის “დუისბურგმა”. “ზებრები” ამჯერად “ჰეიდენჰეიმთან” 84-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდნენ (0:1). დვალი სტუმართა განაცხადში არ ყოფილა, ხოლო ჭანტურია მოედანზე 62-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ ამჯერზე თავის გუნდს ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. “დუისბურგს” 11 თამაშში 5 ქულა აქვს და ბოლო ადგილზეა.
სამაგიეროდ, ერთპიროვნული ლიდერია “ფრაიბურგი”, რომლის როგებშიც სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 81 წუთი დაჰყო ლუკას ჰუფნაგელმა. მისმა გუნდმა კი შინ “ფიურტი” 5:2 გაანადგურა. “ფრაის” 11 ჩატარებულ შეხვედრაში 24 ქულა მოუპოვებია.
ჯანო ანანიძე კვლავ არ გამოჩენია “სპარტაკის” შემადგენლობაში. მოგეხსენებათ, ჯანოს ჯერ კიდევ ტრავმა აწუხებს და მკურნალობის პროცესს გადის. “სახალხო გუნდი” კი მოსკოვურ დერბიში “ლოკომოტივთან” დამარცხდა 1:2. “სპარტაკს” 11 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.
ფინეთის ვაიკაუსლიგაში დამარცხდა ირაკლი სირბილაძის “კუპსი”, რომელმაც სტუმრად “როსთან” (1:2) წააგო. ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში გახლდათ და მე-80 წუთზე შეცვალეს. “კუპსი” 32 თამაშში დაგროვილი 38 ქულით მერვეა.